ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან-სებასტიანში მდებარე მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორან „არზაკში“ ქართული ღვინო გაიყიდება. მენიუში პროდუქტის შეტანის პროცესი უკვე დასრულებულია.
აღსანიშნავია, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე განლაგებულ სახელმწიფოში მდებარე მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში ქართული ღვინის რეალიზაცია პირველად მოხდება. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მიღწევაში განსაკუთრებული წვლილი ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობას მიუძღვის, რომელიც ბასკურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობდა.
„ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში გრძელდება“, – განაცხადა “არზაკში“ პროდუქტის პრეზენტაციის შემდეგ ესპანეთში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ.
შეფ-მზარეულისა და „არზაკის“ მფლობელის, ელენა არზაკის განცხადებით, მისი რესტორნის მენიუში ქართული ღვინის შეტანა განსაკუთრებული მომენტია:
„ჩემთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა. საქართველოს მეღვინეობას რვაათასწლიანი ისტორია აქვს, ის ღვინის აკვანია. როდესაც სტუმარს ამას ეუბნები, მას ამ ღვინოს დაგემოვნების ძლიერი სურვილი უჩნდება. ქართული ღვინო დახვეწილობის, ბუნებრიობის, ისტორიისა და იდუმალების ნაზავია. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინო ჩვენს მენიუში გვექნება. „არზაკისთვის“ ეს წინსვლა და ინოვაციაა“.
ელენა არზაკი მსოფლიოში ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მფლობელია. ის ცნობილი ესპანელი შეფ-მზარეულის, ხუან მარი არზაკის შვილია. აღსანიშნავია, რომ რესტორნის შენობა სწორედ ხუანის ბებიამ და ბაბუამ, 1897 წელს ააშენეს. თავდაპირველად იქ ღვინის მარანი და ტავერნა იყო.
1967 წელს ელენა არზაკის მშობლებმა ტავერნა რესტორნად აქციეს, სადაც ბასკური სამზარეულოს პოპულარიზაციას ეწეოდნენ. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან რესტორანმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ის მალევე ეროვნული და მსოფლიო გასტრონომიის ეტალონად იქცა. „არზაკმა“ მიშლენის სამვარსკვლავიანი რესტორნის სტატუსი 1989 წელს მიიღო.