ესტონეთის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, მსხვილი მრავალეროვნული კომპანიების, ისეთების როგორებიცაა Facebook-ი და Microsoft-ი, კონკურენციის მიუხედავად, მაინც მოახერხეს სწრაფი განვითარება – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა CNBC–სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ესტონეთში დაფუძნდა რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანია, რომლებმაც მილიარდობით დოლარის ღირებულებას მიაღწიეს. ასეთი კომპანიების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა: Skype-ი, რომელიც ჯერ eBay–მ, შემდეგ კი Microsoft–მა იყიდა; ვალუტის გაცვლის პროგრამა Wise and ტრანსპორტირების კომპანია Bolt-ი, რომელსაც Silicon Valley ვენჩურული კაპიტალის მნიშვნელოვანი მოთამაშე Sequoia უჭერს მხარს და სხვა.
პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თავიანთი ოფისები ისეთ ქვეყნებში გახსნეს, სადაც საგადასახადო ტვირთი ნაკლებია. ესტონეთი არასოდეს ყოფილა საგადასახადო ტვირთისგან თავის არიდების ადგილი.
ამასთან, ირლანდიაში, სადაც საგადასახადო განაკვეთი 12.5%–ია, ტექნოლოგიური გიგანტები Facebook–ი, Google –ი და Apple–ი ათასობით ადამიანს ასაქმებენ. ესტონეთში, სადაც საგადასახადო განაკვეთი 20%–ია ტექნოლოგიურ გიგანტებში დასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოა.
„ესტონეთს ტექნოლოგიური გიგანტებისათვის სპეციალური პირობა ან რაიმე სახის შეღავათი არასოდეს შეუთავაზებია. შესაძლოა, ეს იყოს ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ესტონეთში ამდენი ლოკალური ტექნოლოგიური ბიზნესია. მათი დიდი ნაწილი კი უნიქორნია“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა.
ესტონეთი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ტექნოლოგიებთან ერთ–ერთი ყველაზე მეგობრული ქვეყანა. ესტონეთში მოქმედებს ციფრული პირადობის მოწმობები, კენჭისყრა ონლაინ მიმდინარეობს. ამასთან, უფასო Wi-Fi მთელ ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული.