EU-ის ახალი საგადასახადო გეგმა ბიზნესის ხარჯებს წელიწადში €8 მილიარდით შეამცირებს

EU-ის ახალი საგადასახადო გეგმა ბიზნესის ხარჯებს წელიწადში €8 მილიარდით შეამცირებს

ფოტო: AP

 

ევროკომისიამ საგადასახადო სისტემის გამარტივების წესებისთვის ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც, არსებული პროგნოზებით, EU-ის ბიზნესს ყოველწლიურად €8 მილიარდს დაუზოგავს, მათ შორის €3.3 მილიარდ ევროს — ადმინისტრაციული ხარჯების სახით. ორი შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანი ბიუროკრატიის შემცირებაა, რათა ევროპა ბიზნესისთვის ბევრად მიმზიდველ რეგიონად აქციოს.

„წინასწარი პროცედურული მოთხოვნების გაუქმებისა და თანხის უკან მიღებისთვის საჭირო პროცესების გამარტივებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს დაფინანსების ზრდას, წაახალისებს ინვესტიციებს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას“, — ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ევროკომისიის მიერ შემუშავებული პაკეტი ასევე მოიცავს ევროკავშირის ქვეყნების კომპანიებს შორის დივიდენდების, პროცენტებისა და როიალტის ყველა ტრანსსასაზღვრო გადასახადის გაუქმებას. მხოლოდ აღნიშნული ცვლილება კი, Euronews-ის წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირის გადასახადის გადამხდელებს წელიწადში დაახლოებით €5.3 მილიარდი ევროს დანაზოგსა და სარგებელს მოუტანს.

დამატებით, პაკეტი ითვალისწინებს ერთიან მინიმალურ სტანდარტს კვლევებსა და განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების საგადასახადო დაბეგვრისთვის, რათა ევროპის რეგიონი ინვესტორებისთვის ბევრად მიმზიდველი გახდეს. კომისიის შეფასებით, ამ ღონისძიების შედეგად, ევროკავშირის მშპ-ის 0.2%-იანი წლიური ზრდის მიღებაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, მიმდინარე მანდატის დასაწყისში, ევროკომისიამ ბიზნესებს 2029 წლისთვის ადმინისტრაციული ტვირთის 25%-ით შემცირების პირობა მისცა. ხოლო მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეს ნიშნული 35%-ით განსაზღვრა. თუ კომისია დანაპირებს შეასრულებს, მაშინ 2029 წლისთვის ცვლილებები, სულ მცირე, €37.5 მილიარდი ევროს წლიურ დანაზოგს მოიტანს.