„ეული“ მეფურნე, „დიღმელები და მუხრანსკი“, „საქალაქო ბუდკები“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

„ეული“ მეფურნე, „დიღმელები და მუხრანსკი“, „საქალაქო ბუდკები“ და ა.შ. | „ტფილისის დღიური“

XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. ეს ამბები, ხშირად, იმდროინდელ ქართულ პრესაშიც პოვებდა ასახვას. ყველაფერთან ერთად, ცნობები, ზოგჯერ სულაც მწირი და ერთი შეხედვით – უმნიშვნელო, ძველი თბილისის ყოველდღიურობასა და ეკონომიკაზე, მრავალფეროვან და საინტერესო ინფორმაციას შეიცავს, ზოგჯერ კი სრულიად უჩვეულო რაკურსით გვაჩვენებს ამა თუ იმ მოვლენას და გვიხსნის მათ მნიშვნელობას.

რუბრიკაში „ტფილისის დღიური“ ძველი ქართული გაზეთებიდან ამოკრეფილ სწორედ ამ ტიპის პატარ-პატარა ამბებს გაგაცნობთ, რომელთა მთხრობელები, არცთუ იშვიათად, თავად თფილისის მოქალაქეები იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ყველაზე უკეთ გრძნობდნენ, თუ რა ხდებოდა მათ თავს, რა ხდებოდა ქალაქში…

„ტფილისის დღიური“ | 1879-1880 წწ.

ამბავი #1 – „შავერდოვის სააგენტო“

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ „ტფილისის დღიურში“ მოტანილი ამბების მთავარი წყარო, ძირითადად, XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის ქართული პრესიდან ამოკრეფილი ცნობებია. იმ პერიოდში, წერა-კითხვის გავრცელების არცთუ სახარბიელო დონის მიუხედავად, ინფორმაციის მთავარი წყარო მაინც იმდროინდელი პერიოდული გამოცემები იყო.

სხვათა შორის, პრესის ფურცლებზე არაერთ საჩივარს ამოიკითხავდით – „დაბარებული გაზეთები“ ვერ მივიღეთო, „ფოჩტა“ გაზეთების მოტანას აგვიანებსო და ა.შ.

როგორც ჩანს, ამ საჩივრებში გარკვეული შესაძლებლობა დაუნახავთ უფალ შავერდოვის სააგენტოს მესვეურებს, რომელთა დაწესებულება 1879 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულა თფილისში:

„სააგენტოს დანიშნულება ის არის, რომ იმის საშუალებით საზოგადოებას შეეძლოს ყოველ გვარი ადგილობრივი და აგრეთვე რუსეთის გაზეთების დაბარება და ამას გარდა სააგენტო ჰყიდის აგრეთვე ცალკე ნომრებად აქაურსა და რუსეთის გაზეთებს“.

უფალ შავერდოვის კანტორა, გარკვეულწილად, სარეკლამო სააგენტოს ფუნქციასაც ითავსებდა და მსურველებს შესაბამის მომსახურებას სთავაზობდა – ისინი იღებდნენ „ყოველ გვარ განცხადებებს ადგილობრივ გაზეთებში დასაბეჭდად“.

ამ სარეკლამო განცხადებებს შორის, რომლებიც, როგორც წესი, გაზეთების ბოლო გვერდებზე იბეჭდებოდა, მკითხველი უფალ შავერდოვის სააგენტოს სარეკლამო განცხადებასაც შეხვდებოდა:

გაზეთი „დროება“, #250 / 1879 წ.

 

ამბავი #2 – „რუსთაველის სტატუეტკა“

ძველ ქართულ გაზეთებში ხშირად შეგხვდებოდათ ინფორმაცია თფილისში ჩამოსული უცხოელების შესახებ, მით უფრო, თუკი მათი საქმიანობა კომერციული ხასიათისა იყო.

საქმიანობის მცირე მასშტაბების მიუხედავად, 1879 წელს, „დროების“ ერთ-ერთ ნომერში, ყურადღება მიუქცევიათ თფილისში ჩამოსული „ორი ვენგრიელისთვის“, რომელთაც თიხის პატარა ძეგლების გასაკეთებელი ყალიბები ჩამოუტანიათ – „სტატუეტკებს აკეთებენ და ჰყიდიან“.

როგორც ჩანს, ამ „ვენგრიელებს“ კარგი ალღო ჰქონიათ, რადგან არა მხოლოდ იმ პერიოდში, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, მთავარი ქართველი ავტორის – შოთა რუსთაველის „სტატუეტკისთვის“ ყალიბის ჩამოსხმა, „ამნაირად კი რუსთაველის სტატუეტკების გაკეთება და გაყიდვა“ განუზრახავთ.

ნიკო ფიროსმანაშვილი, „შოთა რუსთაველი“ / ეროვნული ფოტომატიანე

 

ამბავი #3 – „დიღმელები და მებატონე მუხრანსკი“

1879 წელს პრესის ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა ქალაქში კალიის შემოსევა ყოფილა, რამაც თფილისსა და მის შემოგარენს არნახული ზიანი მიაყენა.

კალიას, „არცერთი ფოთოლი, არცერთი ყვავილი და არცერთი ბალახი, ანუ წვანილი რომ არ დაუტოვნია შეუჭმელი“, დიღმელი გლეხები გვარიანად დაუზარალებია – „მომეტებული ნაწილი ნამუშევარი გაუფუჭა“.

თუმცა, როგორც „დროების“ კორესპონდენტი წერდა, დიღმელები არანაკლებ შეუვიწროებია თავად ი. კ. მუხრანსკის:

„იმათი მოსამზღვრე და ადრინდელი მებატონე თ. ი. კ. მუხრანსკი ძალიან ავიწროებსო წყლის მხრით, რადგან რაც წყალია, სულ იმას მიაქვს თავის ვენახებისათვის და გლეხების ვენახები კი მოურწყავი რჩება და ფუჭდებაო“.

ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი / 1812 – 1895 წწ.

დაზუსტებით რთულია იმის თქმა, ზემოხსენებული ბრალდება რამდენად სრულად ასახავდა რეალობას, ერთი კია, 1876 წელს, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონს ზაქარია ჯორჯაძისა და საფრანგეთიდან მოწვეული მეღვინეობის სპეციალისტების დახმარებით, მუხრანში მილიონზე მეტი ლიტრის ტევადობის ქარხანა აუგია, სადაც ღვინოს ევროპული წესით აყენებდა.

ბრალდებებთან ერთად, იმდროინდელ პრესაში, ივანე მუხრან ბატონის მიერ წარმოებული ღვინის რეკლამაც გვხვდება:

გაზეთი „დროება“, #111 / 1877 წ.

 

ამბავი #4 – მხატვართა „გაჭირვებული მდგომარეობა“

დიღმელი გლეხების მსგავსად, გაჭირვებულ მდგომარეობაში ყოფილან თფილისელი მხატვრებიც.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ამას იუწყებოდა მხატვართა ამქრის ერთ-ერთი წევრი 1880 წელს, გაზეთ „დროებისთვის“ მიწერილ წერილში, რომლითაც ვიგებთ, რომ:

„მხატვრების ამქარში არიან უბრალო მუშებათ აისორები, რომელნიც წამლებს [კრასკებს] ნაყვენ და ლესვენ. ახლა ისინი მიდიან საქმის პატრონებთან, ეუბნებიან – მე იაფად გაგიკეთებო, და საქმის პატრონიც ამ იაფობის გულისათვის აძლევს იმათ მუშაობას.

რასაკვირველია, რომ მუშები სამხატვრო საქმეს ვერ გააკეთებენ; მაგრამ ამათ გამომხსნელად თვითონ ოსტატი მხატვრები ჩნდებიან: საქმე რო არაფერი აქვთ, ამ აისორებთან მიდიან, ოსტატი – მუშათ ხდება, მუშა – ოსტატად და ამნაირად საქმე კეთდება! აისორი იჩენს სახელსა და ნამდვილს ოსტატს კი არავინ იცნობს.

არც ჩვენი ამქრის უსტაბაში სკანდაროვი და არც სახელოსნო უპრავა ამ გარემოებას ყურადღებას არ აქცევენ. რად ვემსახურეთ ოსტატებსა, რად შევისწავლეთ ხელობა, რად მოგვცა უპრავამ ატესტატი და რათა გვაქვს კანონი და სახელოსნო უპრავა, თუ ამგვარ შემთხვევაში არ დაგვეხმარება? რის კანონია, თუ ძალა არა აქვს-რა?“

რიტორიკულ კითხვას სვამდა მხატვართა ამქრის ინკოგნიტო წევრი…

გიგო ზაზიაშვილი, აბრა წარწერით: „მხატვარი გ. ი. ზაზიაშვილი, ვღებულობ შეკვეთებს“ / თუნუქი, ზეთი / მუზეუმი, ისტორია, არტეფაქტი, ნიკო ფიროსმანაშვილის პირადი საქმე, თბილისი, 2015 წ.

ინკოგნიტო მხატვრის საპასუხოდ, რამდენიმე დღეში, გაზეთ „დროებაში“ ერთ-ერთი მოქალაქის წერილი დაიბეჭდა, რომელშიც არაერთ საგულისხმო გარემოებაზე იყო ყურადღება გამახვილებული და ხსნიდა მიზეზებს, რის გამოც მოქალაქეები არაპროფესიონალთა დაქირავებას არ ერიდებოდნენ:

„უბრალო აისორის მუშები და წამლის მლესავები რომ მხატვრობას იწყებენ ეგ საკვირველი არ არის. ქალაქში ორ-სამ კაცს გარდა ნამდვილი მხატვარი არ არის, სულ ყალბი მხატვრები არიან. არც ხელობა იციან სწორეთა და როცა საქმეს იღებენ არას დროს რიგიანათ არ ასრულებენ. შენი მტერი თუ ცოტა ფული ბეთ მისცა ვინმემ, იმას აღარა ნახავ. ერთი ოთახის დახატვას ორ კვირას აჭიანურებენ და იმასაც ცუდათა ხატვენ. სახელი ბევრმა ამქარმა გაიფუჭა ჩვენ ქალაქში; ხელობაც გაიფუჭეს და პირიცა. მხატვრებიც იმათში პირველები არიან.

ახლა ჩვენი ამქრები ჩივიან რომ გარედამ მოსული ხელოსნები აისორები არიან, თუ ნემენცები საქმეს გვართმევენო. წაართმევენ მაშ რა იქნება? ქალაქის ხელოსანი თუ კი არც რიგიანათ საქმეს გამიკეთებს და პირიქით, მომატყუებს, გარედამ მოსული ხელოსანი უნდა მოვძებნო. წავიდეს ქალაქის ხელოსანი და თავის კაი კაცობას დააბრალოს, რომ მუშტარი ქალაქის ხელოსანს აღარა ხარბდება“.

 

ამბავი #5 – „შაგირდები და აღები“

მხატვრებისგან განსხვავებით, ლამის მთელი საზოგადოება თანხმდებოდა, რომ ქალაქელ ხელოსანთა თუ მედუქნეთა შეგირდები, ასევე მაღაზიის მეპატრონეთა დაქირავებული მსახურები, ე.წ. „პრიკასჩიკები“ მეტად „უბედურ და შევიწროებულ მდგომარეობაში“ იყვნენ.

1870-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თფილისში ასე გახშირდა „კოტრობა“, დაზღვევისგან ფულის მისაღებად – ქონებისთვის ცეცხლის განგებ წაკიდება და სხვა ამგვარი ტენდენციები, იმატა შეგირდთა თუ დაქირავებულ მსახურთა საჩივრებმაც:

დურგლები / ბაადურ ქობლიანიძის კოლექცია / ეროვნული ფოტომატიანე

„არავითარ პირობებით ჩვენ არა ვართ ჩვენ „აღებთან“ შეკრულიო, როდესაც უნდათ, მაშინ გაგვისტუმრებენო, ხშირად ჯამაგირს თავის დროზე არ გვაძლევენ, ზოგჯერ სულაც არ გვაძლევენ, უსამართლოდ გვეპყრობიან, და ჩვენ იმის თავი არა გვაქვს უსაბუთოთ იმათ უჩივლოთ და ოფლით მოგებული ჯამაგირი გადავახდევინოთო“.

ამგვარ ვითარებაში, არსებობდა მოსაზრება, რომ „შაგირდთა და პრიკასჩიკთა“ უფლებების დასაცავად, კარგი იქნებოდა სავალდებულოდ შემოეღოთ კონტრაქტი, რომლის გარეშეც ხელოსანი, თუ დუქნის ან მაღაზიის პატრონი ახალგაზრდას ვერ დაიქირავებდა:

„ამ კონტრაკტში იქნებოდა მოხსენებული: 1. რამდენი ხნით დგება პრიკაშჩიკი აღასთან; 2. რა საქმეზედ უნდა იყოს და რა ადგილს; 3. წელიწადში რა უნდა მიიღოს ჯამაგირი; 4. რა დროს უნდა ეძლეოდეს ეს ჯამაგირი და 5. საჭმელ-სასმელი ვისი უნდა იყოს და სხვ.“.

თუმცა, კიდევ ბევრი წყალი ჩაივლიდა, სანამ არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

 

ამბავი #6 – „ეული“ მეფურნე

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ თფილისში, ქალაქის გამგეობის მიერ „ხორაგზე“, კერძოდ კი ხორცსა და პურზე „დანიშნულ ტაქციას“, ანუ დაწესებულ ნიხრს, თფილისელი ყასბები თუ მეფურნეები, ხშირად, არაფრად აგდებდნენ.

გაზეთი „დროება“, #234 / 1880 წ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი ვინმე ბრალს დასდებდა, „ტაქციას“ რად არ იცავთო, როგორც წესი, დამნაშვაენი თავის მართლებას მოჰყვებოდნენ.

ამ თვალსაზრისით, იშვიათი გამონაკლისი ყოფილა სოლოლაკელი მეფურნე, რომელსაც არაფერი ჰქონია დასამალი:

„მეფურნის წინ მრავალი ხალხი შეყრილიყო და მეფურნეს ეუბნებოდა, რატომ ტაქციაზედ არა ჰყიდი პურსა; აი იარმუკაზედ ტაქციაზედ ჰყიდიანო.

მეფურნე ეჩხუბებოდა ხალხსა და უყვიროდა, იარმუკაზედ ბევრი მეფურნეები არიან და აქ კი ერთის მეტი არა ვარო.

ვისაც კი ხამს ნახავს, ეს მეფურნე წონაში ყოველთვის მოატყუებს: ორი გირვანქის მაგიერათ, გირვანქა ნახევარს აძლევს“.

ამ და ამგვარ ამბებს თუ გავითვალისწინებთ, მოსახლეობა როგორც ჩანს მართალი იყო, როდესაც ამბობდა, პურსა და ხორცსაც კი, რაზეც კანონით, საგანგებოდ არის „ტაქცია“ დადგენილი, ვაჭრები თავის ნებაზედა ჰყიდიან, რადგან „ხეირიანი ყურის მგდებელი და მეთვალყურე არავინა ჰყავთო“.

 

ამბავი #7 – ტივების იჯარადართა თხოვნა

თბილისი. ნიკოლოზის ხიდი. წმინდა დავითის ეკლესია / დიმიტრი ერმაკოვი ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ეს საგულისხმო ამბავი, კონკრეტულად კი იმ პირთა თხოვნა, რომელთაც მტკვრის ნაპირებზე „დაყენებული ტივების“ გადასახადის აკრეფა იჯარით ჰქონდათ აღებული, თფილისის ქალაქის რჩევის სხდომაზე, 1880 წლის 8 დეკემბერს განუხილავთ.

აი, რა თხოვნით მიუმართავთ ზემოხსენებულ პირებს ქალაქისათვის:

„ამ უკანასკნელ დროს შეშის მაგიერ ბევრ ქვა-ნახშირს ხმარობენ თფილისში, ტივები უფრო ცოტა შემოაქვსთ, ვიდრე ადრე შემოჰქონდათ; ამას გარდა, თითო ხეზე ადრე ორ შაურს იხდიდნენ ტივების პატრონები და ახლა აბაზის გადახდისათვის ბევრი უკმაყოფილება და წვალება გვაქვს და სხვ.

ამის გამო იჯარის ფულის, წელიწადში 26 000 მანეთის გარდახდა, ერთობ გვიძნელდება; გთხოვთ, 20 000 მანეთი დაგვჯერდეთო.

თბილისი, მდინარე მტკვრის ნაპირები, მორების გატანა, კამეჩები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ქალაქის რჩევამ მიიღო მხედველობაში მოიჯარადრეებისაგან მოყვანილი და გამგეობას მიანდო ამ საქმის შესახებ ცნობების შეკრება, მოიჯარადრეებთან მოლაპარაკება და იმათთან საქმის გათავება“.

 

ამბავი #8 – სამშენებლო ბუმი ტფილისში

1870-იანი წლებს ბოლოს, ქალაქში გამეფებული სიძვირე – სახლების ქირაზეც ასახულა, რის გამოც, როგორც ამბობდნენ, 1880 წლისთვის, თფილისში სადაც არ უნდა გაგევლოთ, ან ახალ სახლს აშენებდნენ, ან ძველის გადაკეთებას შესდგომოდნენ:

„ყველგან დიდი გასაქირავებელ სახლს აკეთებენ, სულ უკანასკნელს ორ ოთახიანზე [თავის სამზარეულოთი ნაკლებს ვერა ნახავთ. ამის გამო ხელოსანი და ღარიბი ხალხი, თითო ოთახში მცხოვრებელი, დიდს გაჭირებაში და განწირულებაშია; არ იცის რა ქნას. დაობებულ, ნამიანს და მყრალს სარდაფს, გაჯით გაგლესილს, სახლის პატრონები ხუთ-ექვს მანეთზე ნაკლებ არ იძლევიან“.

თბილისი. აგურის ქარხანა: ღუმელში გასაშრობად წასაღები აგურები / დიმიტრი ერმაკოვის ფოტო / ეროვნული ფოტომატიანე

ამ გამალებული მშენებლობების გამო, ოსტატებსა და მუშებზე ქალაქში დიდი დეფიციტი შექმნილა, სამშენებლო მასალა კი გვარიანად გაძვირებულა:

„უბრალო მუშას მანეთ-ოთხ აბაზ ნაკლებ ვერ იშოვით, ოსტატი ორ-და-ათ შაურად, სამ მანეთად, ათასი აგური თხუთმეტ-თექვსმეტ მანეთად ფასობს“.

 

ამბავი #9 – „საქალაქო ბუდკები“

„თფილისის ქალაქის გამგეობა საყოველთაოდ აცხადებს, რომ მისი თანადასწრებით 5 დეკემბერს 1880 წლის დანიშნულია ვაჭრობა არენდათ გასაცემად ბუდკების ქვეშ ადგილებისა ხელოვნებითი მინერალური წყლების გასაყიდველად, 1 იანვრიდამ 1881 წლისა – 1 ანვრამდე 1883 წლამდე, ქვემოხსენებულთ ადგილებზე: გოლოვინის პროსპექტზე – 5, ერევნის მოედანზე – 2, ალექსანდროვის ბაღთან სახელმწიფო პალატის პირ-და-პირ – 1, აბათის-აბათის მოედანზე – 1 და ნავთლუღში – 1“.

ასეთი იყო გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული, ქალაქ თფილისის გამგეობის განცხადება, თუმცა, როგორც გაირკვა, იმ „საქალაქო ბუდკებზე“, სადაც „ხელოვნური მადნის წყლები ისყიდებოდა, ტორგი არ შესდგა, რადგან ჯეროვანი ფასი არავინ შეაძლია გამგეობას“…

 

ამბავი #10 – „გამოპარებული საქონელი“

დასასრულ კი უცვლელად გთავაზობთ ერთ ამბავს თფილისელი „შაითან ვაჭრების“ შესახებ:

„ამ უკანასკნელის თვის განმავლობაში თფილისის დამოჟნაში სამის თფილისის ვაჭრის საქონელი დაუჭერიათ, რადგან ამ საქონლის ფაქტურაში [სიაში] ერთი ეწერა და თვითონ საქონელი კი სხვა გამოდგა.

ერთს ვაჭარს მაგალითად, ეჩვენებინა, რომ ამა-და-ამ ყუთებში ჩითის საქონელიაო და როდესაც გაეხსნათ, ენახათ, რომ ზემოდამ მართლა ჩითის საქონელი ყოფილიყო, ქვემოთ კი აბრეშუმეული და ხავერდი; მეორეს შალებში რომ გახსნეს, ლენტები, კრუჟავები და სხვა ამისთანა ძვირფასი საქონელი აღმოჩენილა.

ამბობენ, სამივე ვაჭრის საქონელი დაჭერილიაო და დამოჟნის მოტყუების განზრახვისათვის დიდი ჯარიმა გადახდებათო.

აი ამ ნაირის ოინებით არის, რომ ზოგიერთი ჩვენებური ვაჭრები ასე უეცრად მდიდრდებიან ჩვენში და სხვები კი, რომელნიც შედარებით უფრო პატიოსნად ვაჭრობენ ან ამგვარ ხრიკებს ვერ ახერხებენ, კოტრდებიან, რადგან დამოჟნაში სრული და ჯეროვანი ბაჟი მიუციათ და გამოპარებულ საქონლის პატრონსავით იაფად ვერ ჰყიდიან თავის საქონელსა…“.