EURACTIV: ბულგარეთის უმოქმედობით შავი ზღვა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს

EURACTIV: ბულგარეთის უმოქმედობით შავი ზღვა შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს

სატვირთო გემი Vera Su, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავს და თურქი ეკიპაჟითაა დაკომპლექტებული, 20 სექტემბერს კალიაკრას ნაკრძალიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბულგარეთის კლდოვან სანაპიროს შეეჯახა. იმ შემთხვევაში, თუ ბულგარეთის ხელისუფლება ვერ შეძლებს  გემის ტვირთის ხმელეთზე გადმოტანას, ბორტზე არსებულმა 3,000 ტონაზე მეტმა შარდოვანამ შესაძლოა შავი ზღვის  ეს ნაწილი – ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰაბიტატი – მკვდარ ზონად გადააქციოს.

შარდოვანა ზოგადად სასოფლო მეურნეობაში სასუქად გამოიყენება. თუმცა მისი ზღვის წყალთან ურთიერთქმედება ფიტოპლანქტონის სწრაფად აყვავებას იწვევს, რომელიც როგორც ზღვისთვის, ასევე წყალქვეშ მცხოვრები ორგანიზმებისთვის ტოქსიკურია. ექსპერტთა გაფრთხილებით, შარდოვანას შავ ზღვაში გავრცელება გაანადგურებს ამ ტერიტორიაზე არსებულ დელფინებს, ზვიგენებს, სხვადასხვა სახის ზღვის ბინადრებსა და ფრინველებს.

აღსანიშნავია, რომ უბედური შემთხვევიდან პირველი ექვსი დღის განმავლობაში ბულგარეთის მთავრობას არანაირი ზომა არ მიუღია გემის გადასარჩენად, რის მიზეზადაც სამაშველო ოპერაციისთვის შეუფერებელი ამინდი დასახელდა. რვა დღის შემდგომ კი ბულგარეთის ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე სამაშველო ხომალდები გაგზავნა. თუმცა შეუსაბამო აღჭურვილობიდან გამომდინარე, გემის ტვირთისგან დაცლის პროცესში შარდოვანა ზღვაში ჩაიღვარა და ოპერაცია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით დასრულდა. ზღვის დაბინძურებას ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

არსებულ პრობლემასთან გასამკლავებლად ბულგარეთის მთავრობამ კრიზისული შტაბი შექმნა. რამდენიმე დღის დაკარგვის შემდეგ კი ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა და დიდი ტალღები გემს კლდეებისკენ უბიძგებს. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხრაკაციანი ეკიპაჟის ევაკუაციისათვის მზადაა. საზღვაო ძალები იმედოვნებენ, რომ გემის დიდი ღუზები ცუდი ამინდის პირობებში მის დაცვას უზრუნველყოფს და საშუალებას მისცემს სამაშველო გუნდს, Vera Su ტვირთისგან ზღვის დაბინძურების გარეშე დაცალოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *