2024 წელს ავტოინდუსტრიაში რამდენიმე საინტერესო EV, ჰიბრიდული და გაზზე მომუშავე ავტომობილი გამოჩნდება. მათი ნაწილი კლასიკური მოდელების გაცოცხლებულ, განვითარებულ და გარდაქმნილ ვერსიას წარმოადგენს, ნაწილი კი ინდუსტრიაში სრულიად ახალი სახელი იქნება.
Chevrolet Equinox EV
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უკვე არაერთი ელექტრო-SUV-ია, Chevy Equinox EV მათგან გამორჩეული ღირებულებით იქნება. როგორც ვარაუდობენ, მისი ფასი დაახლოებით $30,000-დან დაიწყება. ეს Equinox EV-ს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე იაფ ელექტრომობილად აქცევს, არამხოლოდ SUV-ის კატეგორიაში.
Chevy Equinox-ის ახალ მოდელში გაზზე მომუშავე ძრავა ბატარეით შეიცვლება. ის ინჟინერიის დიდ ნაწილს GM-ის სხვა ელექტრომობილებთან, მათ შორის Cadillac Lyriq-სა და GMC Hummer EV-სთან გაიზიარებს.
საბაზისო, წინა წამყვანი თვლების მქონე Chevy Equinox EV ერთი დამუხტვით 250 მილის, დაახლოებით 402 კილომეტრის მანძილის დაფარვას შეძლებს. ამის გარდა, ხელმისაწვდომი იქნება უფრო ძვირიანი მოდელებიც, ოთხივე წამყვანი თვლითა და ბატარეის ხანგრძლივი მოქმედებით.
Volvo EX30
იაფ ელექტრომობილებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს Volvo EX30, რომელიც, როგორც ცნობილია, Volvo-ს მოდელებს შორის ღირებულებით ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.
ნავარაუდევია, რომ საბაზისო, უკანა ამძრავიანი ვერსია $35,000 ეღირება. ოთხივე წამყვანი თვლის მქონე და გაუმჯობესებული ფუნქციების მოდელის ღირებულება, რა თქმა უნდა, უფრო გაიზრდება. მიუხედავად ამისა, EX30 იქნება ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი იმ ელექტრომობილებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს ერთი დამუხტვით 275 მილამდე (442 კილომეტრი) მანძილის დაფარვას სთავაზობენ.
Volkswagen ID. Buzz
VW ID. Buzz უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში, თუმცა ამერიკელები ამ რეტრო სტილის ფურგონის სპეციალურ ექსტრა ვერსიას მეტი სივრცითა და მესამე რიგის სტანდარტული სავარძლებით სწორედ მომავალ წელს მიიღებენ. როგორც ირკვევა, გაზრდილი ტევადობის წყალობით, ავტომობილი შვიდი მგზავრის გადაყვანას შეძლებს.
აღნიშნული მოდელი Volkswagen-ის მიკროავტობუსის შთაგონებითაა შექმნილი. ის ხელმისაწვდომი იქნება სრულამძრავიანი ვერსიით, ელექტროძრავით, რომელსაც 330 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია, ბევრად მეტის ვიდრე კლასიკური მოდელის შემთხვევაში, რომელსაც ბენზინზე მომუშავე ძრავა აქვს.
Cadillac Celestiq
მართალია, General Motors-ი ელექტრომობილებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის შედარებით ბიუჯეტური Equinox EV-ით, თუმცა მომავალ წელს ძვირად ღირებულ Cadillac Celestiq-საც შემოგვთავაზებს. ელექტრომობილის ფასი დაახლოებით $300,000-დან დაიწყება, რაც ათჯერ უფრო ძვირია Equinox EV-ზე. Celestiq-ი არის კონფიგურირებადი და მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ინდივიდუალური ფერები და პარამეტრები.
ამ მოდელის დახმარებით GM-ი Cadillac-ისთვის 1950-იანი წლებში მიღწეული დიდების დაბრუნებას შეეცდება. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს არის მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრო სედანი, რომელიც მომხმარებლებს ულტრა ფუფუნებას შესთავაზებს.
Toyota Land Cruiser
Toyota Land Cruiser-ი, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, აშშ-ის ბაზარზე ბრუნდება, თუმცა სრულიად განსხვავებული ფორმით. ეს არის უფრო პატარა ზომის, რეტრო სტილის SUV-ი, რომელიც კონკურენციას გაუწევს Jeep Wrangler-სა და კიდევ ერთ გაცოცხლებულ კლასიკას, Ford Bronco-ს.
კლასიკური ვიზუალის მიუხედავად, ახალი Land Cruiser-ი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჰიბრიდის სახით, გაზის ძრავითა და ელექტროძრავით, რომლებიც ერთად 326 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. კომპანია ვარაუდობს, რომ ის დაახლოებით $55,000 ეღირება.
Ferrari Purosangue
მდიდრული ავტომობილების მწარმოებელი თითქმის ყველა ბრენდი სთავაზობს საზოგადოებას SUV-ებს, Lamborghini-სა და Rolls-Royce-ის ჩათვლით – მათ არც Ferrari ჩამორჩა. თუმცა Ferrari Purosangue-ს SUV-ს სულაც არ უწოდებს, რადგან ამ ავტომობილს არ აქვს ცუდ გზებზე მართვის შესაძლებლობაზე პრეტენზია. მოდელს აქვს ოთხი კარი, თუმცა უკანა კარები გარკვეულწილად დამალულია, რათა Ferrari-ის კლასიკური სპორტული მანქანის იერი შეინარჩუნოს.
Ferrari Purosangue-ს 12-ცილინდრიანი ძრავით 715 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ავტომობილის ფასი დაახლოებით $400,000-დან დაიწყება.
Ram 1500 Ramcharger
Ram 1500 Rev-ი და Ramcharger-ი გაყიდვაში მომავალი წლის ბოლოს გამოვა. Rev-ი არის Ram-ის ბრენდის პირველი სრულად ელექტრო პიკაპი, რომელიც ერთი დამუხტვით 500 მილამდე (დაახლოებით 800 კილომეტრი) მანძილის გავლას შეძლებს.
Ram 1500 Ramcharger-ი არის plug-in ჰიბრიდი, თუმცა ის ამ ტიპის მანქანების უმეტესობისგან რამდენიმე მახასიათებლით განსხვავდება. მას აქვს გაზის 6-ცილინდრიანი ძრავა, ასევე მუშაობს ბატარეებზე, რომელთა ერთი დამუხტვით 145 მილის (235 კილომეტრამდე) გავლა შეუძლია.
ეს plug-in ჰიბრიდებისთვის არც ისე ცუდი მაჩვენებელია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, აღნიშნულ მოდელს DC სწრაფი დამტენების გამოყენება შეუძლია, რისი უპირატესობითაც სხვა plug-in ჰიბრიდები ვერ სარგებლობენ.
Honda Prologue
Prologue-ი Honda-ს პირველი რეალური ძირითადი EV-მოდელი იქნება. ის GM-ის Ultium EV-ტექნოლოგიის გამოყენებით აიწყობა. საკითხავია, შეუძლია თუ არა Honda, სხვა კომპანიის ინჟინერიაზე დაყრდნობით, შექმნას ისეთი ავტომობილი, რომელიც საშუალო ზომის სხვა ელექტრო-SUV-ებს კონკურენციას გაუწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ Honda-ს ბრენდის სახელს მომხმარებლებში სერიოზული წონა აქვს.
Honda Prologue-ის ფასი, სავარაუდოდ, $50,000-დან დაიწყება.