აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების დაწესებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს.
ტარიფები გადასახადებია – ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლებისთვის.
ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული დაუსაბუთებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება – ეს მტკიცე და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს.
ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშაკებს, ბიზნესსა და მომხმარებლებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
დონალდ ტრამპმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფები დაწესდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში 4 მარტიდან შევა.
თეთრ სახლში ბრძანებისთვის ხელის მოწერის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ის ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკულ საქონელზე გადასახადებს აწესებენ, საპასუხო ტარიფებს მომდევნო ორი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. მისივე თქმით, განიხილავს ტარიფების ავტომობილებზე, ნახევარგამტარებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესებას.
ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტს ტარიფების დაწესების შემდეგ ქვეყნებისგან მოსალოდნელი საპასუხო ნაბიჯების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა კი განაცხადა, რომ ეს „არ ადარდებს“.