ევროკავშირი სამოგზაურო სერტიფიკატების გაცემას ზაფხულისთვის დაიწყებს

ევროკავშირი სამოგზაურო სერტიფიკატების გაცემას ზაფხულისთვის დაიწყებს

ევროკავშირი სამოგზაურო სერტიფიკატების გაცემას ზაფხულისთვის აპირებს, თუმცა ჯერ ბლოკის წევრ ქვეყნებს ბევრი საკითხი აქვთ შესათანხმებელი. ამ დოკუმენტის მიზანი კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი ადამიანებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემა იქნება. გარდა აცრილებისა, აღნიშნულ სერტიფიკატს მიიღებენ ისინიც, რომელთაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ან ცოტა ხნის წინ ვირუსი ექნებათ გადატანილი. კოვიდ-პასპორტებით ადამიანებს მოგზაურობის დროს კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ – სწორედ ეს არის ამ დოკუმენტის მთავარი მიზანიც.

ამასთან, კოვიდ-პასპორტებს მიიღებენ ის მოქალაქეები, რომლებიც აცრილები იქნებიან ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, მათ შორის – Pfizer-BioNTech-ის, Moderna-ს, Oxford-AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის. რაც შეეხება რუსულ და ჩინურ ვაქცინებს, მათ ევროკავშირის დონეზე ავტორიზაცია არა აქვთ.

საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა პირობებით, სად და როგორ შეიძლება გამოიყენონ მოქალაქეებმა ახალი ციფრული სერტიფიკატი, ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ ერთად უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კოვიდ-პასპორტების გაცემას რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა, ეს დოკუმენტი დისკრიმინაციული იყოს. მათი მტკიცებით, მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობას ექნება შესაძლებლობა, საზღვარგარეთ იმოგზაუროს, ვინაიდან, მაგალითად, ვაქცინაციის შესაძლებლობა ჯერ ბევრ ახალგაზრდას არა აქვს. ვაქცინაციის პროგრამის მიხედვით, პირველ ეტაპზე მედიკოსები, მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები იცრებიან.

„ეს სერტიფიკატი ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის და მათი ოჯახებისთვის იქნება. თუმცა მისი გაცემა ასევე ნორვეგიისა და ისლანდიის მოქალაქეებისთვისაც განიხილება“, – – განაცხადა ევროკომისარმა სამართლის საკითხებში დიდიე რეინდერსმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა, ნებისმიერ ამ პროცესის დასრულება  ზაფხულის ტურისტულ სეზონამდე უნდა მოესწროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.