ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმაციას არ აღიარებს და საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს. საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუციის პროექტს 544 ევროპარლამენტარიდან მხარი 400-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 63 იყო, 81-ს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაჩქარდა, რომელმაც, დოკუმენტის თანახმად, ვერ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების დემოკრატიული ნორმები და სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ამ არჩევნების შედეგებს და, შესაბამისად, მთავრობისა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ.
„2024 წლის 14 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა ჩაატარა „საპრეზიდენტო არჩევნები“ პარტია ქართული ოცნების ერთადერთი კანდიდატით, ყოფილი ფეხბურთელით, მიხეილ ყაველაშვილით, რომელიც არჩეულ იქნა 225 ხმიდან 224-ით,“ – წერია რეზოლუციაში.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლამდე გადაიდო. რეზოლუციის თანახმად, ამ ნაბიჯმა საქართველოს ევროინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი გამოუთხარა.
ტექსტში საუბარია მთავრობის მიერ გაცხადებული ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში წარმოშობილ საპროტესტო ტალღაზე და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველების მიერ გამოჩენილ სისასტიკესა და ძალის გადამეტებაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გამოძიებული უნდა იყოს.
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი კვლავ ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების მიმართ დაწყებულ რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი. მათ შორის საუბარია: პრემიერ ირაკლი კობახიძეზე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილზე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურზე, თბილისის მერსა და ქართული ოცნების გენერალურ მდივანზე, კახა კალაძეზე, ასევე ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილზე.