ევროპაში ელექტრომანქანების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

ევროპაში ელექტრომანქანების გაყიდვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა

გასულ წელს ევროპაში გაყიდული ყოველი 9 მანქანიდან 1 ელექტრო ან ჰიბრიდული ავტომობილი იყო. „იმისდა მიუხედავად, რომ პანდემიამ ზოგადად ავტომობილთა გაყიდვების რიცხვი მნიშვნელოვნად შეამცირა, ელექტროავტომობილების გაყიდვები მაინც მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – ნათქვამია ევროპის გარემოს სააგენტოს განცხადებაში.

ელექტროავტომობილების გაყიდვების მზარდმა ტენდენციამ გასულ წელს ევროპაში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის საშუალოდ 12%-იანი შემცირება გამოიწვია 2019 წელთან შედარებით. მანამდე მიჯრით სამი წლის განმავლობაში ევროპის ტერიტორიაზე ამგვარი გამონაბოლქვის მატება შეინიშნებოდა.

ზემოთ აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დიდი შემცირება გახლავთ მას შემდეგ, რაც 2010 წელს ევროკავშირმა ავტომობილების ნახშირორჟანგის წარმოქმნის სტანდარტები წარადგინა. მონაცემებზე დაყრდნობით, გასულ წელს ევროკავშირში, ბრიტანეთში, ისლანდიასა და ნორვეგიაში რეგისტრირებული 11.6 მილიონი ახალი ავტომობილიდან დაახლოებით 11% სრულად ელექტრო ან ჰიბრიდული ავტომობილი გახლდათ. ეს ტენდენცია კი, 2019 წლის 3.5%-თან შედარებით გასამმაგებულია.

ევროკავშირმა გასულ წელს ავტომწარმოებლებს ნახშირორჟანგის გამოყოფის კიდევ უფრო გამკაცრებული სტანდარტები წარუდგინა, რამაც ისინი აიძულა, კიდევ უფრო მეტად გაეზარდათ დაბალგამონაბოლქვიანი ავტომობილების წარმოება. საფრანგეთმა და გერმანიამ ელექტროავტომობილების წარმოებისათვის სუბსიდირებასაც მიმართა კოვიდ-19-ის შემდგომი ეკონომიკის აღდგენის პაკეტის ფარგლებში.

მაშინ როცა ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში დაეცა, ევროპაში ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები 2020 წელს 1 მილიონზე მეტი ერთეულით გაიზარდა.

საშუალოდ მანქანა მწყობრ მდგომარეობაში 10-დან 15 წლის განმავლობაშია, შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ევროკავშირი ნულოვანი გამონაბოლქვის მაჩვენებელს 2050 წლისათვის მიაღწევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *