ევროპაში ტყის ხანძრებმა, რეკორდულად მეორე ყველაზე დიდი ტერიტორია გადაწვა

ევროპაში ტყის ხანძრებმა, რეკორდულად მეორე ყველაზე დიდი ტერიტორია გადაწვა

ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, ევროპაში ხანძრების შედეგად მეორე ყველაზე დიდი მოცულობის ტერიტორია გადაიწვა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, რეგიონში ტიპური ხანძრის სეზონის მხოლოდ ნახევარი გავიდა.

მასობრივი ხანძრები წელს ათობით ევროპულ ქვეყანას შეეხო, რამაც მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია, საცხოვრებელი სახლებისა და ბიზნესების განადგურება გამოიწვია. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი კვლავ საფრთხის ქვეშაა. კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში ტყის ხანძრებმა 600,731 ჰექტარი გადაწვა. ტყის ხანძრების შედეგად ტერიტორიის გადაწვის რეკორდული მაჩვენებელი კი, 987,844 ჰექტარი, 2017 წელს დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს დამწვარი ტერიტორია, სიდიდით ორჯერ აღემატება ლუქსემბურგს. გარდა ამისა, არც ერთ სხვა წელს, აგვისტოს თვისთვის, ევროპაში მსგავსი სიდიდის ტერიტორია არ გადამწვარა. ზოგადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტიპური ხანძრის სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.  სამხრეთ ევროპაში, ზაფხულობით, ტყის ხანძრები ხშირია, თუმცა უფრო მაღალი ტემპერატურა ხანძრის კერების ჩრდილოეთისკენ გადაადგილებას უწყობს ხელს. შედეგად, მიმდინარე წელს დაზარალებულთა შორის გერმანია, სლოვენია და ჩეხეთი არიან.

კლიმატის ცვლილება, ცხელი და მშრალი პირობების შექმნით, აძლიერებს ტყის ხანძრებს და ხელს უწყობს მის სწრაფ და ინტენსიურ გავრცელებას. უფრო ცხელი ამინდი მცენარეულობისგან ტენიანობას აშორებს და მას მშრალ საწვავად აქცევს.