კანადა ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ საკითხს განიხილავს

კანადა ევროკავშირის „ასოცირებული წევრობის“ საკითხს განიხილავს

ფოტო: Hans Lucas | POOL UNION EUROPEENNE

 

კანადის ოფიციალური პირები ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ბლოკში „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მიღებასაც განიხილავენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ანონიმურ კანადელ და ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.

შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს კანადისთვის, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება იქნება. ქვეყანა ისტორიულად დიდად არის დამოკიდებული აშშ-ის ბაზარზე. მაგალითისთვის, 2025 წელს კანადის ექსპორტიდან დაახლოებით 72% აშშ-ში გადიოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვაშინგტონთან სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ოტავა ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ჩვეულებისამებრ, ევროკავშირი ცალკეულ ქვეყნებთან წევრობის მოქნილ ფორმატებს არ იყენებს. მაგრამ, როგორც WSJ წერს, ევროპელი ოფიციალური პირები კანადისთვის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების საკითხს ღიად განიხილავენ. პოტენციური შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე მოლაპარაკების ფაზაშია.

WSJ-ის ცნობით, ევროკავშირსა და კანადას შორის თანამშრომლობის ერთ-ერთ მიმართულებად არქტიკის გავლით ევროპისთვის სასუქების მიწოდება, ასევე ახალი ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობა განიხილება. შედეგად კი ახალი ინფრასტრუქტურა ევროპას რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაში დაეხმარება.

ცნობისთვის, კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის ოქსფორდის უნივერსიტეტში აქვს განათლება მიღებული, ხოლო 2013-2020 წლებში ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. WSJ-ის ცნობით, კარნი რეგულარულად ეკონტაქტება ევროპელ ლიდერებს, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

კარნი მომავალ კვირას ევროპაში გაემგზავრება. კანადის პრემიერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ლივერპულსა და სტრასბურგში, ასევე ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა და ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ წლიურ ღონისძიებაში მონაწილეობა. კარნის ოფისის განცხადებით, ვიზიტის მიზანი ევროკავშირთან სავაჭრო, საინვესტიციო და უსაფრთხოების მიმართულებით კავშირების გაძლიერებაა.