Photo by Logan Armstrong on Unsplash
ევროპა 2026 წელსაც მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტურისტულ რეგიონად რჩება. Amadeus Travel Intelligence-ისა და UN Tourism-ის ერთობლივი ანგარიშის თანახმად, რეგიონში ტურიზმი სტაბილურად იზრდება, ხოლო მოგზაურებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს ჩეხეთი, ისლანდია და ესპანეთი იწვევს.
Travel Insights 2026: Focus on Europe-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის აპრილამდე პერიოდში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ევროპაში ავიამიმოსვლით მოსარგებლე მგზავრთა რაოდენობა 2.3%-ით, ხოლო სასტუმროების დატვირთულობა 2%-ითაა გაზრდილი.
2026 წლის პირველ კვარტალში ევროპამ 130 მილიონზე მეტი საერთაშორისო ტურისტი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 4%-იანი მატებაა. რეგიონებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაფიქსირდა (+6%), მაშინ როდესაც, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში მატებამ მხოლოდ 2% შეადგინა.
კვლევის თანახმად, ესპანეთი საერთაშორისო მოგზაურებს შორის კვლავ ევროპის ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულებაა, როგორც ძიების, ისე ჯავშნების რაოდენობით. დაჯავშნების რაოდენობით მეორე და მესამე ადგილს კი, იტალია და საფრანგეთი იკავებენ.
თუმცა ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების სტატუსი ჩეხეთმა მოიპოვა — ჩეხეთში ტურისტების ჯავშნები წლიურ ჭრილში 18%-ითაა გაზრდილი, ხოლო ისლანდია, 11%-იანი მატებით, მეორე ადგილზეა. Travel Insights 2026: Focus on Europe-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩეხეთი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოძიებული ქვეყანაცაა, სასტუმროების დატვირთულობამ კი 2026 წელს კვლავ გადააჭარბა 60%-ს.
კვლევის ავტორების დაკვირვებით, ტურისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ კულტურულად საინტერესო ან გამორჩეული ბუნების მქონე მიმართულებებს. მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით, ონლაინძიებებში ყველაზე დიდი ზრდა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის შემთხვევაში დაფიქსირდა — ორივე ქვეყნის მიმართ ინტერესი 64%-ით გაიზარდა. ასევე უნდა აღინიშნოს შვეიცარიის (+36%), შვედეთის (+36%), დანიის (+34%), ირლანდიის (+33%), ბელგიის (+32%) და ნორვეგიის (+31%) მიმართულებით ზრდა.
Travel Insights 2026: Focus on Europe-ის თანახმად, ყველაზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა იაპონელი ტურისტებისგან ფიქსირდება. კერძოდ, წლიურ ჭრილში ევროპასთან დაკავშირებული ონლაინძიებები იაპონიაში 62%-ითაა გაზრდილი, რაც 19%-ით გაზრდილ ჯავშნებშიც აისახა.
ასევე საინტერესო დაკვირვებაა, რომ ივლისსა და აგვისტოში სამხრეთ და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ავიამგზავრთა რაოდენობა 70 მილიონს მიუახლოვდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში გასული წლის განმავლობაში 1 100-მდე ახალი ავიამარშრუტი დაემატა, მათ შორის: სლოვაკეთიდან ესპანეთში, ეთიოპიიდან პორტუგალიაში და ჩინეთიდან საბერძნეთში. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, კვლევის ავტორების აღნიშვნით, ევროპული მიმართულებებით ყველაზე მეტად 46-65 წლის მოგზაურები ინტერესდებიან. მათზე ევროპის რეგიონის ტურისტული ნაკადის დაახლოებით 30% მოდის.
ევროპის 2026 წლის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები (რეალური ჯავშნების რაოდენობით):
- ესპანეთი
- იტალია
- საფრანგეთი
- გაერთიანებული სამეფო
- გერმანია
- ყაზახეთი
- თურქეთი
- პორტუგალია
- ნორვეგია
- საბერძნეთი













