Meta თავის სოციალურ ქსელ Facebook-ზე უფასო ვერიფიკაციის სისტემას, Facebook Verified-ს, ნერგავს. ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ვიდეოსელფის საშუალებით დაადასტურონ, რომ პროფილი რეალურ ადამიანს ეკუთვნის. Meta-ს განცხადებით, სიახლე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ყალბი პროფილებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, პლატფორმაზე ნდობის გაზრდას ემსახურება.
ვერიფიკაციის პროცესი მარტივია და მას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს მოკლე ვიდეოსელფი, რომელსაც Facebook-ი მისი პროფილის ფოტოს შეადარებს. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები ერთმანეთს დაემთხვევა და ანგარიში პლატფორმის ნდობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელს სპეციალური Verified-ის ნიშანი მიენიჭება.
ახალი ფუნქციით სარგებლობა მხოლოდ Facebook-ის 18 წელს გადაცილებულ მომხმარებლებს შეეძლებათ, რომელთა ანგარიშებიც არ ფიგურირებს თაღლითურ ან არაავთენტურ ქცევასთან დაკავშირებულ დარღვევებში. ამ ეტაპზე ვერიფიკაცია Facebook–გვერდებისა (Facebook Page-ებისა) და ProMode–ანგარიშებისთვის ხელმისაწვდომი არაა.
Meta-ს ინფორმაციით, Facebook Verified-ის ფუნქცია პლატფორმაზე ეტაპობრივად ამოქმედდება. საწყის ეტაპზე ის მხოლოდ შერჩეულ ქვეყნებში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა მომავალში Meta ფუნქციაზე ხელმისაწვდომობის გლობალურად გაფართოებასაც გეგმავს.
ვერიფიკაციის გავლის შემდეგ, Verified-ის ნიშანი თავდაპირველად თქვენს პროფილზე, Marketplace-ში, Dating-სა და Groups-ში გამოჩნდება. მოგვიანებით კი ის Feed-ში გამოქვეყნებულ პოსტებსაც დაემატება. მომხმარებელს ვერიფიკაციის გავლა მხოლოდ ერთხელ მოუწევს. ვერიფიკაცია უფასოა, მისი გავლა მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ, ხოლო ნამდვილობის დამადატურებელი ნიშანი Facebook-ის ყველა შესაბამის სერვისში ავტომატურად გამოჩნდება.
Meta-ს განმარტებით, Verified-ის ნიშანი მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ პროფილი რეალურ ადამიანს ეკუთვნის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Facebook-ი კონკრეტულ მომხმარებელს რეკომენდაციას უწევს ან მისი სანდოობის გარანტიას იძლევა. ყველა მომხმარებელი კვლავ ექვემდებარება Meta-ს საზოგადოებისა და კომერციის რეგულაციებს.











