Getty Images for Universal Pictures
წინასწარი შეფასებებით, კრისტოფერ ნოლანის ახალმა ფილმმა, „ოდისეამ“, პრემიერიდან მეორე უქმეებზე ჩრდილოეთ ამერიკის სალაროებში $87 მილიონი გამოიმუშავა. შედეგად, პრემიერიდან მეორე უქმეებზეც „ოდისეა“ ოსკაროსანი რეჟისორის კარიერაში ყველაზე შემოსავლიანი ნამუშევარია.
ჩრდილოეთ ამერიკის კინოთეატრებში, შაბათ-კვირას, „ოდისეას“ ბილეთების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა Boxoffice Pro-ს პროგნოზს გადააჭარბა. ეს უკანასკნელი $75-$85 მილიონის მიღებას ვარაუდობდა, რაც მხოლოდ 30%-ით ნაკლებია პრემიერის უქმეების შემოსავალზე.
ამას ემატება გლობალურ სალაროებში გამომუშავებული $215.3 მილიონი, რაც ჰომეროსის ცნობილ ეპოსზე დაფუძნებული ფილმის გლობალურ შემოსავალს დაახლოებით $639.6 მილიონამდე ზრდის. ცნობისთვის, „ოდისეას“ ბილეთების გაყიდვების დიდი ნაწილი IMAX-კინოთეატრებზე მოდის. კერძოდ, IMAX-ბილეთების გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით $140 მილიონი შეადგინა.
ამ შედეგებით, „ოდისეამ“ 2008 წლის ფილმს, „ბნელ რაინდს“, გადაასწრო, რომელმაც იმავე პერიოდში $75.1 მილიონი გამოიმუშავა. რაც შეეხება სადებიუტო უქმეებს, გლობალურ სალაროებში ფილმმა $264.1 მილიონის შემოსავალი მიიღო, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში, $124.5 მილიონი.
თუმცა, შემოსავლებთან ერთად, გასათვალისწინებელია ფილმის ბიუჯეტიც. კერძოდ, პროექტის წარმოების ბიუჯეტი დაახლოებით $250 მილიონია, დამატებით მარკეტინგისთვის კი $125 მილიონი დაიხარჯა.











