რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

REUTERS/Albert Gea/File Photo

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) პლატფორმა Telegram-ის დამფუძნებელს, პაველ დუროვს, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და მის დასაკავებლად საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ФСБ-ს განცხადებით, Telegram-მა დაარღვია რუსეთის კანონმდებლობა და არ წაშალა მასალები, რომლებიც, მოსკოვის ვერსიით, „უკრაინის სპეცსამსახურების, ასევე ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ დივერსიული და ტერორისტული აქტების, მასობრივი მკვლელობებისა და კიბერთაღლითური ოპერაციების დაგეგმვასა და კოორდინაციისთვის გამოიყენებოდა“.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურები Telegram-ზე მოქმედ პოპულარულ გაცნობის ჩატბოტს რუსი მოქალაქეების მოსაზიდად და „დივერსიულ და ტერორისტულ საქმიანობაში“ ჩასართავად იყენებდნენ. უწყების ცნობით, 2025 წლის ივლისის შემდეგ რუსეთში ჩატბოტის 46 მომხმარებელი აიყვანეს, რომელთა ასაკი 12-დან 22 წლამდეა. მათ სამართალდამცველებზე თავდასხმასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას ედავებიან.

ФСБ-ის განცხადებიდან მალევე, სოციალურ პლატფორმა X-ზე Telegram-ის ოფიციალურმა ანგარიშმა პაველ დუროვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის შუათითს აჩვენებს. ბრალდებებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი კი არც დუროვს და არც კომპანიას არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, პაველ დუროვმა Telegram-ი 2013 წელს დააფუძნა. პლატფორმა დღეს 1 მილიარდზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. დუროვმა რუსეთი 2014 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც ხელისუფლებამ მას პლატფორმა VKontakte-ზე ოპოზიციური არხების დახურვა მოსთხოვა. ქვეყნის დატოვების შემდეგ დუროვმა VKontakte-ში თავისი წილიც გაყიდა.

რუსმა მილიარდერმა საფრანგეთის მოქალაქეობა 2021 წელს მიიღო, თუმცა დუბაიში ცხოვრობს. მის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველები Telegram-ს პლატფორმაზე დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ მოდერატორების ნაკლებობასა და გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ.

ამერიკული გამოცემა Forbes-ი დუროვის ქონებას $6.6 მილიარდად აფასებს, რაც მას დღეს მსოფლიოში 597-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.