Photo by UX Gun on Unsplash
უკრაინასა და სპარსეთის ყურის რეგიონში მიმდინარე ომების ფონზე, ინვესტორები თავდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის სტარტაპებში, მილიარდობით აშშ დოლარს აბანდებენ. დრონები, ავტონომიური საზღვაო ხომალდები თუ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სამხედრო სისტემები 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საინვესტიციო აქტივად იქცა.
ამერიკული გამოცემა Financial Times-ისთვის ორგანიზაცია PitchBook-ის მიერ მიწოდებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2026 წლის დასაწყისიდან ამ სექტორის კომპანიებმა ვენჩურული ფონდებიდან $12.3 მილიარდზე მეტი მოიზიდეს. აღნიშნული თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მოზიდულ თანხებს და აჭარბებს 2025 წლის მთლიან მაჩვენებელსაც — $9.95 მილიარდს.
მკვეთრი ზრდა მომავალი თაობის, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ და მოკლევადიან პერიოდში საწარმოებელ იარაღებზე მაღალი მოთხოვნის დამსახურებაა. მსგავსი საბრძოლო სისტემების აუცილებლობა კი ინვესტორებმა განსაკუთრებით კარგად მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და კონფლიქტების შედეგად დაინახეს.
ინვესტორები თავდაცვითი ხარჯების გრძელვადიან ზრდაზე აკეთებენ ფსონს და თვლიან, რომ სახელმწიფოები თავდაცვაზე დიდი თანხების ხარჯვას მომავალშიც გააგრძელებენ. გამომდინარე აქედან, ანალიტიკოსთა ნაწილში ჩნდება შეშფოთება, რომ ბაზრის გარკვეულ სეგმენტში კომპანიების ღირებულება რეალურ შესაძლებლობებზე სწრაფად იზრდება.
„ვხედავთ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ომების წარმოების მეთოდებში“, — განაცხადა JPMorgan-ის უსაფრთხოებისა და მდგრადობის ინიციატივის ხელმძღვანელმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, დანიელ რუდნიცკი შლუმბერგერმა. მისივე თქმით, ინვესტორებმა გააცნობიერეს, რომ თავდაცვის ტექნოლოგიები „გრძელვადიანი მოთხოვნის მქონე სექტორია“.
როგორც Financial Times-ი აღნიშნავს, ამ ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. ამერიკულმა სტარტაპებმა მიმდინარე წელს $11.4 მილიარდი მოიზიდეს, ამ თანხიდან თითქმის ნახევარი კი Anduril Industries-ს ეკუთვნის. კომპანიამ მაისში $5 მილიარდის დაფინანსების რაუნდი წარმატებით დაასრულა და შედეგად, მისი შეფასება $61 მილიარდამდე გაიზარდა.
მზარდი ტენდენციაა ევროპაშიც: მაგალითად, გერმანული დრონების მწარმოებელი Helsing-ი, რომლის უკანაც Spotify-ს თანადამფუძნებელი დანიელ ეკი დგას, $1.2 მილიარდის მოზიდვაზე მუშაობს. ხოლო ე.წ. „კამიკაძე დრონების“ მწარმოებელი გერმანული Stark-ი, სულ მცირე, 300 მილიონი ევროს ოდენობით ინვესტიციის მიღებას გეგმავს.
დამატებით, ბრიტანული Kraken Technology, რომლის ნაღმსაწინააღმდეგო ავტონომიური ხომალდები ბრიტანულმა სამეფო საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტეში განსალაგებლად შეარჩია, დაახლოებით $100 მილიონის მოზიდვას გეგმავს. შედეგად, კომპანიის პოტენციური შეფასება $1 მილიარდამდე გაიზრდება.
სექტორის სწრაფი ზრდის მიუხედავად, ანალიტიკოსების ნაწილი შესაძლო რისკებზე ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში ომი დასრულდება, არსებობს შანსი, რომ თავდაცვითი კომპანიებისთვის შემოსავლების ზრდა შენელდეს. თუმცა მეორე მხარის განცხადებით, ევროპას კვლავ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დაზვერვა, მეთვალყურეობა და კრიტიკული კომპონენტების წარმოება. ეს კი ქმნის მყარ საფუძველს, რომ თავდაცვის მიმართულებით ინვესტიციები მომავალშიც გაიზრდება.









