Forbes: 2023 წელს მოდის ინდუსტრიაში ვარსკვლავების ყველაზე დიდი კოლაბორაციები

Forbes: 2023 წელს მოდის ინდუსტრიაში ვარსკვლავების ყველაზე დიდი კოლაბორაციები

მუსიკოს რიტა ორას მიერ შექმნილი ახალი კოლექცია სწრაფი მოდის გიგანტ Primark-ის მაღაზიებში მომავალი კვირიდან გამოჩნდება და BET-ის ჯილდოზე წარდგენილ არტისტს იმ ვარსკვლავთა რიგებში შეიყვანს, რომლებიც მიმდინარე წელს, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე დასამახსოვრებელი კოლაბორაციებით გამოირჩეოდნენ. ექსპერტთა შეფასებით, ცნობილ სახეებთან თანამშრომლობას ბრენდებისთვის ახალი აუდიტორია და დამატებით მილიონობით დოლარის შემოსავალი მოაქვს.

საცალო ვაჭრობის გიგანტ Primark-ის მიერ გავრცელებული განცხადებით, ორასთან კოლაბორაცია „ყველასთვის განკუთვნილი მრავალმხრივობის“ ხედვას ეფუძნება. ხოლო თავად ორას შეფასებით, კოლექცია, ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე – ფასები მერყეობს $5-დან $70-მდე – მისსავე ვარსკვლავობამდელ პერიოდს უკავშირდება, რადგან დღეს ცნობილ სახეებთან კოლაბორაციის დიდი ნაწილი ფართო მასისთვის გათვლილი არ არის ხოლმე.

2023 წლის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი კოლაბორაცია ფრანგულ მოდის სახლ Balmain-სა და ბიონსეს ეკუთვნით. Adidas-თან თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, მომღერალმა თავისივე Renaissance-ის ალბომით შთაგონებული couture-კოლექციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მოიცავდა ვარდისფერი ხავერდისგან დამზადებულ კაბას, შავ-წითელ ხავერდის მოსასხამს 3D-პრინტერით დაბეჭდილი ბიუსტჰალტერით და სხვა მსგავსი სტილის ტანისამოსს.

Couture-ის კოლექცია გასაყიდად განკუთვნილი არ არის, თუმცა Paper Magazine-ის ინფორმაციით, პარტნიორობის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება $290-ის ღირებულების გრაფიკული მაისური და ორი კაპიუშონი, რომელთა ფასიც $550-დან $1,790-მდე იქნება.

ბილი აილიშისა და Nike-ის თანამშრომლობით შექმნილი Alpha Force-ის ორი წყვილი ფეხსაცმელი გაყიდვაში აგვისტოდან ჩაეშვა. აილიშმა სპორტულ ბრენდთან კოლაბორაციით კაფსულა კოლექცია გასული წლის აპრილშიც გამოუშვა, რომელიც ფეხსაცმელს, ტანისამოსსა და აქსესუარების ხაზს აერთიანებდა.

სუპერმოდელ როზი ჰანთინგტონ-უაიტლის დიზაინით კი ლონდონში დაფუძნებული მდგრადი საზღვაო ტანისამოსის ფირმა Hunza G-ის ეტიკეტით, საცურაო კოსტიუმების ცხრა ნაკრები გამოუშვა. კომპანიის კოლექცია განსაკუთრებით პოპულარული სწორედ მოდელის მიერ, 2019 წელს გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ გახდა. ჰანთინგტონთან თანამშრომლობით გამოშვებული ნაკრების ფასი $225-ია.

კიდევ ერთი მომღერალი დუა ლიპა კი Versace-ს საზაფხულო ხაზს შეუერთდა. დუასთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია მოიცავს თითქმის ყველაფერს, საცურაო კოსტიუმით დაწყებული დასრულებული კრისტალებით მორთული ჩანთებით. დუასა და დონატელა ვერსაჩეს მჭიდრო თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის თითოეული მოდელი მოდის სახლის 1995 წლის დიზაინებითაა შთაგონებული. მომღერლის დიზაინით შექმნილი Versace-ს მინი-კაბა, Neiman Marcus-ში $2,025ად იყიდება.

ცნობისთვის, ბიონსე Forbes-ის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალების რეიტინგში $540 მილიონით 48-ე პოზიციას იკავებს. მუსიკალური კარიერის გარდა, Wall Street Journal-ის შეფასებით, მხოლოდ Adidas-თან თანამშრომლობით შექმნილი ტანისამოსის ხაზ Ivy Park-ის საშუალებით, ვარსკვლავმა წლების განმავლობაში $20 მილიონი გამოიმუშავა.

რაც შეეხება ბილი აილიშს, მომღერალი ჯერ კიდევ 2019 წელს, 18 წლის ასაკში Forbes-ის 30 Under 30-ის სიაში მოხვდა. მხოლოდ 2020 წელს აილიშმა $53 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის $25 მილიონი მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ Apple-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან.