რა წილი უკავია Google-ის საძიებო სისტემას ბაზარზე?

რა წილი უკავია Google-ის საძიებო სისტემას ბაზარზე?

თანამედროვე სამყაროში ადამიანის ყოველდღიურობა ინტერნეტისა და ინტერნეტში ინფორმაციის ძებნის გარეშე წარმოუდგენელი ხდება. სასურველი ინფორმაციის მისაღებად კი ადამიანები მათთვის რეპუტაციის მქონე და საზოგადოებაში აქტიურად დამკვიდრებულ საძიებო სისტემებს მიმართავენ. უკვე რამდენიმე ათეული წელია, Google-ი ბაზარზე დომინანტი საძიებო სისტემაა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

SimiliarWeb-ის ანგარიში ასახავს იმ მასშტაბებს, თუ რამდენად უსწრებს Google-ი თავის კონკურენტებს – Bing-სა და Yahoo-ს ბაზარზე. გაითვალისწინეთ, რომ მონაცემები არ ასახავს ჩინეთსა და რუსეთის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, ვინაიდან ჩინეთში ამერიკული საძიებო სისტემები აკრძალეს, რუსეთის ბაზრიდან კი Google-ი თავად გამოვიდა.

2023 წლის ივნისის მონაცემებით, Google-ს გლობალური ბაზრის წილის 90.7% უკავია. ბაზრის წილის რეიტინგში მეორე და მესამე ადგილებს Bing-ი და Yahoo 3.2%-იანი მაჩვენებლით ინაწილებენ. დანარჩენ საძიებო სისტემებს ჯამურად კი ბაზრის მხოლოდ 2.9% უკავიათ.

სხვა საძიებო სისტემებიდან ყველაზე მსხვილი სამხრეთკორეული Naver-ი გახლავთ, რომელიც გლობალური ბაზრის წილის 0.48%-ს ფლობს.

ბაზარზე Google-ის დომინანტობა იმდენად დიდია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 2023 წლის იანვარში ამერიკული ტექგიგანტის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის სავარაუდოდ დარღვევისათვის საქმე აღძრა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მტკიცებით, სარჩელის მიზეზი Google-ის მიერ ციფრული სარეკლამო ტექნოლოგიების მონოპოლიზების სავარაუდო ნიშნებია.

სფეროს მკვლევრები და ანალიტიკოსები Bing-ს Google-ის პოტენციურად ყველაზე დიდ კონკურენტად განიხილავენ. Microsoft-ის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გაჟღერებული სიახლის შემდეგ, რომლის მიხედვითაც Bing-ის საძიებო სისტემაში ხელოვნური ინტელექტის მექანიზმი ჩაშენდა, ანალიტიკოსები Bing-ის აღმავლობის დაწყებას ვარაუდობდნენ.

თუმცა SimilarWeb-ის მონაცემებით დგინდება, რომ აშშ-ის ბაზარზე Bing-ის ბაზრის წილი 1 წლის ჭრილში სტაბილურად 5.5%-ია და ცვლილება არ ფიქსირდება. Bing-ის ბაზრის წილი არ გაზრდილა მას შემდეგაც, რაც Microsoft-მა ზემოთ აღნიშნული სიახლე გააჟღერა. ეს კი იმის გათვალისწინებით, რომ Bing-ი აშშ-ში Google-ის შემდეგ ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემად მიიჩნევა და გლობალურ წილზე მაღალი მაჩვენებელიც აქვს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ბაზარზე Google-ის დომინირებას „საფრთხე შეექმნას“.