Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები

გასულ წელს სერენა უილიამსმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, ნაომი ოსაკას კი მიმდინარე წელი, ტრავმისა და ორსულობის გამო, თითქმის მთლიანად გაუცდა. შედეგად, Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების რეიტინგის სათავეში ახალი ლიდერი გამოჩნდა. ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებულმა, პოლონელმა ჩოგბურთელმა იგა შვიონტეკმა, 2023 წელს $23.9 მილიონი გამოიმუშავა და Forbes-ის სიაში პირველობაც მოიპოვა.

წლევანდელი რეიტინგის 20 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალიდან თორმეტი, ხოლო ტოპ-10-დან ცხრა მათგანი სპორტის იმ სახეობებში მოღვაწეობს, რომელიც მათთვის სოლიდურ საპრიზო ფონდებსა და უამრავ მარკეტინგულ შესაძლებლობას უზრუნველყოფს. გოლფსა და ფეხბურთს წლევანდელი რეიტინგის ოცეულში ორ-ორი წარმომადგენელი ჰყავს, თითო სპორტსმენით კი სიას – ბადმინტონი, კალათბურთი, ტანვარჯიში და სათხილამურო ფრისტაილი ავსებს.

კოლექტიურად, 2023 წელს, ოცმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ქალმა $226 მილიონი გამოიმუშავა – 13%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს ($258 მილიონი). თუმცა სპორტსმენ ქალთა კოლექტიურ შემოსავალში ვარდნა ძირითადად სწორედ უილიამსისა და ოსაკას დამსახურებაა. გასული წლის რეიტინგში, მხოლოდ სერენა უილიამსის მიერ გამომუშავებული თანხა $41.3 მილიონს უტოლდებოდა, ნაომი ოსაკას შარშანდელი $51.1 მილიონი კი წელს $15 მილიონამდეა შემცირებული.

მიუხედავად კოლექტიური შემოსავლის კლებისა, წლევანდელ რეიტინგში გასული წლის $7.3 მილიონიდან $8.5 მილიონამდეა გაზრდილი ტოპ-20-ის საშუალო მაჩვენებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სიის 20 წევრიდან თექვსმეტი 30 წლამდე ასაკისაა. ოცეულიდან რვა სპორტსმენის შემოსავალი კი $10 მილიონს აჭარბებს, რაც შეესაბამება გასული წლის რეკორდს, 2021 წლის მონაცემებზე კი ორჯერ მეტია.

მეთოდოლოგია: ამერიკული Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების რეიტინგი ათლეტების მიერ 2023 წლის კალენდარული წლიდან მიღებულ შემოსავალს ასახავს. მოედანზე გამომუშავებული თანხა მოიცავს საბაზისო ხელფასს, პრემიებს, სტიპენდიებს და საპრიზო თანხებს, ამას კი ემატება მოედნის გარეთ, სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული გარიგებებიდან თუ სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. რეიტინგში სპორტსმენთა შემოსავლები გადასახადებისა და აგენტთა საფასურის ჩათვლითაა მოცემული.

Forbes: 2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების ათეული:
  1. იგა შვიონტეკი – $23.9 მილიონი

ჩოგბურთი, პოლონეთი, ასაკი: 22

მოედანზე: $9.9 მილიონი; მოედნის გარეთ: $14 მილიონი

  1. ეილინ გუ – $22.1 მილიონი

სათხილამურო ფრისტაილი, ჩინეთი, ასაკი: 20

მოედანზე: $0.1 მილიონი; მოედნის გარეთ: $22 მილიონი

  1. კოკო გაუფი – $21.7 მილიონი

ჩოგბურთი, აშშ, ასაკი: 19

მოედანზე: $6.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $15 მილიონი

  1. ემა რადუკანუ – $15.2 მილიონი

ჩოგბურთი, გაერთიანებული სამეფო, ასაკი: 21

მოედანზე: $0.2 მილიონი; მოედნის გარეთ: $15 მილიონი

  1. ნაომი ოსაკა – $15 მილიონი

ჩოგბურთი, იაპონია, ასაკი: 26

მოედანზე: $0; მოედნის გარეთ: $15 მილიონი

  1. არინა საბალენკა – $14.7 მილიონი

ჩოგბურთი, ბელარუსი, ასაკი: 25

მოედანზე: $8.2 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.5 მილიონი

  1. ჯესიკა პეგულა – $12.5 მილიონი

ჩოგბურთი, აშშ, ასაკი: 29

მოედანზე: $6 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.5 მილიონი

  1. ვენუს უილიამსი – $12.2 მილიონი

ჩოგბურთი, აშშ, ასაკი: 43

მოედანზე: $0.2 მილიონი; მოედნის გარეთ: $12 მილიონი

  1. ელენა რიბაკინა – $9.5 მილიონი

ჩოგბურთი, ყაზახეთი, ასაკი: 24

მოედანზე: $5.5 მილიონი; მოედნის გარეთ: $4 მილიონი

  1. ლეია ფერნანდესი – $8.8 მილიონი

ჩოგბურთი, კანადა, ასაკი: 21

მოედანზე: $1.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $7 მილიონი