Forbes: ამერიკის უმსხვილესი საოჯახო ბიზნესები

Forbes: ამერიკის უმსხვილესი საოჯახო ბიზნესები

Illustration by Robert Bruno for Forbes

 

ამერიკულმა Forbes-მა, გამოცემის ისტორიაში პირველად, შემოსავლების მიხედვით, ამერიკის უმსხვილესი საოჯახო ბიზნესების რეიტინგი შეადგინა. უახლესი სია ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ 100 საოჯახო კომპანიას მოიცავს, რომელთა შორისაც ისეთი გიგანტები გვხვდებიან, როგორებიცაა სასტუმროების ქსელი Marriott-ი, ონლაინვაჭრობის პლატფორმა Nordstrom-ი და სანტექნიკისა და ენერგოსისტემების მწარმოებელი კომპანია Kohler-ი.

„მაშინ, როდესაც ბიზნესსაუბრის დიდ ნაწილს სისწრაფე, მასშტაბები და რადიკალური ცვლილებები განსაზღვრავს, საოჯახო ბიზნესები წარმატების განსხვავებულ მოდელს ასახავენ, რომელიც გამძლეობას, მართვას, მდგრადობასა და ნდობას ეფუძნება“, — ამბობს ბაირონ ტროტი, საინვესტიციო ბანკ BDT & MSD Partners-ის თავმჯდომარე და თანააღმასრულებელი დირექტორი ამერიკულ Forbes-თან.

სწორედ ამერიკის საოჯახო ბიზნესები — მათ შორის Forbes-ის ახალ რეიტინგში წარმოდგენილი 100 უმსხვილესი — არის ის, რასაც ტროტი „ეკონომიკის მამოძრავებელ ჩუმ ძრავას“ უწოდებს. დღეის მდგომარეობით, საოჯახო ბიზნესებზე აშშ-ში დაფუძნებული კომპანიების 25% მოდის, ასევე ისინი წარმოადგენენ ამერიკული სამუშაო ძალის 23%-ს და კერძო სექტორის მშპ-ის 23%-ს.

Forbes-ის წლევანდელ უმსხვილესი საოჯახო ბიზნესების რეიტინგში კომპანიები თითქმის ყველა სფეროდან არიან წარმოდგენილნი, მათ შორისაა: სასურსათო მაღაზიების ქსელი Wegmans-ი, სასტუმროები — Hyatt-ი, გამომცემლობები — The Wall Street Journal-ი, კოსმეტიკა — Estée Lauder-ი, ტკბილეული — M&Ms-ი და სხვ. საერთო ჯამში, სიაში შემავალი კომპანიები ქვეყნის მასშტაბით 31 სხვადასხვა შტატში არიან განთავსებულნი, არიზონიდან ვისკონსინამდე და ჩრდილოეთ კაროლინამდე.

Forbes-ის რეიტინგის 100 უმსხვილესი საოჯახო ბიზნესიდან 67 კვლავ კერძო საკუთრებაშია, ხოლო 33 საჯაროდაა დალისტული. შემოსავლების გათვალისწინებით, ამერიკის უმსხვილესი კერძო საოჯახო ბიზნესი სურსათისა და სოფლის მეურნეობის გიგანტი Cargill-ია — $154 მილიარდით. კომპანიის აქციების 88%-ს დამფუძნებლის, უილიამ უოლესის შთამომავლები ფლობენ. ხოლო თუ სიას საჯაროდ დალისტულ საოჯახო ბიზნესებზეც გავაფართოვებთ, მაშინ უმსხვილესი Walmart-ია — $713 მილიარდის შემოსავლით. Walmart-ის აქციების 44%-ს კვლავ კომპანიის დამფუძნებლის, სემ უოლტონის მემკვიდრეები აკონტროლებენ. ცნობისთვის, თებერვალში Walmart-ი პირველი ფიზიკური და ფიქსირებული საცალო ვაჭრობის ქსელი გახდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $1-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა.

Forbes-ის სიაში უძველესი საოჯახო ბიზნესი Levi Strauss & Co-ა, რომელიც უკვე 174 წელს ითვლის. მისი 54% კვლავ ჰაასების ოჯახის კონტროლქვეშ რჩება. ყველაზე ახალგაზრდა ფირმა კი შარლოტში, 1997 წელს დაფუძნებული ავტომობილების რიტეილერი Sonic Automotive-ია.

რეიტინგის მაქსიმალური სიზუსტისთვის ამერიკულმა Forbes-მა, დარგის ექსპერტებთან ერთად, მკაცრი მეთოდოლოგია შეიმუშავა. კერძო სექტორში ოპერირებადი ბიზნესების შემთხვევაში აუცილებელი მოთხოვნა დამფუძნებელი ოჯახის მხრიდან სულ მცირე 50%-იანი მფლობელობა იყო, ხოლო საჯაროდ დალისტული კომპანიების შემთხვევაში დადგენილი ზღვარი 10%-მდე შემცირდა იმ პირობით, რომ ოჯახი კვლავ ინარჩუნებს მმართველობით პოზიციებს, მაგალითად, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ან ხმების გადამწყვეტ რაოდენობას.

ამერიკის 10 უმსხვილესი საოჯახო ბიზნესი, შემოსავლების მიხედვით: 

რეიტინგიკომპანიაშემოსავალიოჯახისაკუთრების ტიპიკომპანიაში წილიხმის მიცემის წილისათავო ოფისი
1Walmart$713 მილიარდიუოლტონების ოჯახისაჯარო44%44%ბენტონვილი, არკანზასი
2Ford Motor$187 მილიარდიფორდების ოჯახისაჯარო2%40%დირბორნი, მიჩიგანი
3Cargill$154 მილიარდიკარგილებისა და მაკმილანების ოჯახებიკერძო88%უეიზატა, მინესოტა
4Koch$125 მილიარდიკოხების ოჯახიკერძო84%უიჩიტა, კანზასი
5Comcast$124 მილიარდირობერტსების ოჯახისაჯარო1%33%ფილადელფია, პენსილვანია
6HCA Healthcare$75.6 მილიარდიფრისტების ოჯახისაჯარო32%32%ნეშვილი, ტენესი
7Mars$65 მილიარდიმარსების ოჯახიკერძო100%მაკლინი, ვირჯინია
8Publix Super Markets$63.2 მილიარდიჯენკინსების ოჯახიკერძო20%ლეიკლენდი, ფლორიდა
9Tyson Foods$54.4 მილიარდიტაისონების ოჯახისაჯარო21%71%სპრინგდეილი, არკანზასი
10Enterprise Products Partners LP$52.6 მილიარდიდანკანების ოჯახისაჯარო32%32%ჰიუსტონი, ტეხასი