Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 52-ე ადგილზეა

Forbes: ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სიაში საქართველო 52-ე ადგილზეა

Forbes ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. წლევანდელ რეიტინგში საქართველო 52-ე ადგილს იკავებს. საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 9 პოზიციით გაუარესდა.

Forbes აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაა, მათ შორის თხილის, ციტრუსისა და ყურძნის. გამოცემა წერს, რომ საქართველო თითქმის სრულად ახორციელებს მოხმარებისთვის საჭირო ბუნებრივი გაზისა და ნავთობის იმპორტს. ამასთან, საქართველოს აქვს დიდი ჰიდრორესურსები, რომლითაც ელექტროენერგიის წარმოება ხდება.

“ჰიდროელექტროსადგურების რეკონსტრუქციით და რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებით, საქართველომ გადალახა ქრონიკული ენერგოდეფიციტი და შეფერხებები ბუნებრივი გაზის მოწოდებაში”, – წერს Forbes. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2006-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რაც 2008 წლის ომისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე შენელდა.

“2010-2016 წლებში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა სრულად არ გამოუმჯობესებულა”, – წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ საქართველოს საკმაოდ დადებითი შეფასება აქვს მიღებული მსოფლიო ბანკის მხრიდან საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით.

სხვადასხვა კრიტერიუმებში საქართველოს პოზიციები შემდეგია:

ვაჭრობის თავისუფლება – მე-6-ე ადგილი

მონეტარული თავისუფლება – 81-ე ადგილი

საკუთრების უფლება – 88-ე ადგილი

ინოვაციები – 117-ე ადგილი

ტექნოლოგიები – 69-ე ადგილი

ინვესტორების დაცვა – მე-2-ე ადგილი

კორუფცია – 38-ე ადგილი

პერსონალური თავისუფლება – 65-ე ადგილი

საგადასახადო ტვირთი – 22-ე ადგილი

რეიტინგის შედგენისას Forbes სხვადასხვა ორგანიზაციების მონაცემებს იყენებს, მათ შორის  Freedom House, Heritage Foundation, Property Rights Alliance, United Nations, Transparency International, World Bank Group და World Economic Forum.

რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 153 ქვეყანა შედის. პირველ ადილზე დიდი ბრიტანეთია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.