Forbes: მალაიზიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

Forbes: მალაიზიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი

2022 წელს მალაიზიის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.7% შეადგინა და სამომავლოდ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის გაგრძელების იმედიც გააჩინა. მიუხედავად ამისა, პოსტპანდემიური აღდგენის შემდეგ, საფონდო ბაზარი 8%-ით, ხოლო მალაიზიური ფულის ერთეული – რინგიტი – 2%-ით დაეცა. თუმცა არსებულ ეკონომიკურ ფაქტორებს ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების შემოსავალზე დიდად არ უმოქმედია და, Forbes-ის შეფასებით, მათმა კოლექტიურმა ქონებამ მიმდინარე წელს $81.6 მილიარდი შეადგინა.

რეიტინგის ლიდერობას უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, არ თმობს ბიზნესმენი რობერტ კუოკი, რომელსაც ოქტომბერში 100 წელი უსრულდება. დოლართან მიმართებით, კუოკისთვის მიმდინარე წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა – ბიზნესმენი ერთ-ერთია იმ ორი ადამიანიდან, რომლებიც Forbes-ის რეიტინგში ორნიშნიან ქონებას ($11.8 მილიარდი) ფლობენ. კუოკი Kuok Group-ის დამფუძნებელია, რომელიც აქციებს სასტუმროებსა და უძრავ ქონებაში ფლობს.

რეიტინგის მეორე ადგილს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფის, Hong Leong Group-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე კეკ ლენგ ჩანგი იკავებს. ჩანგის ქონება გასულ წელთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზარდა და $10.2 მილიარდი შეადგინა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კუოკის შემდეგ მეორე ადამიანი გამხდარიყო, რომლის წმინდა ღირებულებაც ორციფრიან ნიშნულს შეადგენს.

საერთო ჯამში, გასულ წელს რეიტინგში შემავალი მხოლოდ 19 პირის ქონება გაიზარდა, თითქმის ნახევრის კი შემცირდა. ქონების 7%-ით შემცირების მიუხედავად, მესამე ადგილის მოპოვება, $5.8 მილიარდით, შეძლეს მეტალის მაგნატმა კუნ პო კეონმა და მისმა ძმებმა. კეონების სიმდიდრის კლება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ალუმინის უმსხვილესი ინტეგრირებული მწარმოებლის, Press Metal Aluminium Holdings-ის აქციების ფასის დაცემას უკავშირდება.

შვიდი წლის შემდეგ მალაიზიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში დაბრუნდა ზღვის პროდუქტების ფირმა QL Resources-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე ჩია სუნ კუნი. კომპანიის აქციების 20%-ით ზრდის შედეგად, მათემატიკის ყოფილი მასწავლებელი, $1.8-მილიარდიანი ქონებით, სიის მეათე პოზიციაზეა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის რეიტინგს ხუთი ახალწვეულიც ჰყავს, მათ შორის არიან Chin Hin Group-ის დამფუძნებელი ჩიაუ პენ ტეიკი, YNH Property-ის მმართველი და ექიმი იუ კუან ჩონი, აგროქიმიკატების ჯგუფის Hextar-ის დამფუძნებელი ონგ სუნ ჰო და საინვესტიციო ფირმა Mega First-ის მფლობელი კო ნან კიოჰი. ვეტერანი ბანკირის, ტეჰ ჰონგ პიოვის ქონებას კი, დეკემბერში მისი გარდაცვალების შემდეგ, შვილები განკარგავენ.

Forbes-ის შეფასებით, მალაიზიის უმდიდრესი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:

  1. რობერტ კუოკი – $11.8 მილიარდი – Kuok Group-ის მფლობელი
  2. კეკ ლენგ ჩანგი – $10.2 მილიარდი – Hong Leong Group-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე
  3. კუნ პო კეონი – $5.8 მილიარდი – Press Metal Aluminium Holdings-ის დამფუძნებელი
  4. ანანდა კრიშნანი – $5.4 მილიარდი – აქციები ტელეკომის კომპანია Maxis-ში, მედიაფირმა Astro Malaysia Holdings-ში და ნავთობის საბადოების სერვისების პროვაიდერ Bumi Armada-ში
  5. ტეჰ ჰონგ პიოვის შვილები – $5.2 მილიარდი – ფინანსები და ინვესტიციები
  6. ლი იუ ჩორი & იუ სენგი – $4.6 მილიარდი – პალმის ზეთის მწარომებელი IOI group-ი
  7. ჩენ ლიპ კეონი – $2.8 მილიარდი – კაზინო NagaWorld-ის დამფუძნებელი
  8. ლიმ კოკ თაი – $2.3 მილიარდი – Genting-ის (კაზინო და დასასვენებელი კონგლომერატი) თავმჯდომარე
  9. ტან იუ იეჰი & იუ ვეი – $1.9 მილიარდი – Mr. D.I.Y. Group-ის (სახლის სარემონტო ქსელი) აქციები
  10. ჩია სონ კუნი  -$1.8 მილიარდი – ზღვის პროდუქტების ფირმა QL Resources-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე