ფოტო: Getty Images
ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში ბაზრის კვლევით ფირმა Statista-სთან თანამშრომლობით მომზადდა და ჯამში 50 ქვეყნიდან 300,000-ზე მეტი დასაქმებული მოიცვა. მაღალი სანდოობისა და ანონიმურობის დასაცავად, კვლევა ონლაინ, კორპორაციებისგან დამოუკიდებლად ჩატარდა.
საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგის შედგენისას Forbes-მა და Statista-მ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, მათ შორის: დასაქმებულთა ანაზღაურება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსი, კომპანიის რეპუტაცია. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, გაუწევდნენ თუ არა ისინი რეკომენდაციას თავიანთ სამუშაო ადგილს ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. გარდა ამისა, გამოკითხულებს ყოფილი დამსაქმებლების (უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში) შეფასების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
კვლევის ფარგლებში რესპონდენტების მიერ მიღებული პასუხები დაჯამდა, კომპანიები ყოველწლიურ რანჟირებულ სიაში მიღებული ქულების შესაბამისად შეიყვანეს. წარმოდგენილი დაანგარიშებით, Forbes-ის რეიტინგში საბოლოოდ 52 ქვეყანაში სათავო ოფისის მქონე მხოლოდ 900 კომპანია მოხვდა. ცნობისთვის, კვლევაში მონაწილეობისთვის კომპანიას 1,000-ზე მეტი თანამშრომელი უნდა ჰყოლოდა და საერთაშორისო მასშტაბით უნდა ემუშავა.
2026 წლის საუკეთესო დამსაქმებელთა რეიტინგის პირველ ათეულში წარმოდგენილთაგან შვიდი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, ხოლო აქედან ოთხი IT-პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სფეროს კომპანიაა.
2026 წლის რეიტინგს ზედიზედ მესამე წელია Microsoft-ი ლიდერობს. მეორე პოზიცია Delta Air Lines-მა შეინარჩუნა, ხოლო მესამე ადგილზე Shopify იმყოფება, რომელიც გასულ წელს მე-14 პოზიციას იკავებდა. 2025 წლის მე-12 პოზიციიდან მეოთხე ადგილზე დაწინაურდა Costco, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კომპანია Nvidia მეხუთე პოზიციას იკავებს.
წლევანდელი რეიტინგის მეექვსე პოზიციაზეა Adobe, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებულ თავის თანამშრომლებს ადგილობრივ პირობებზე მორგებულ ბენეფიტებს სთავაზობს. მაგალითად, აშშ-ში დასაქმებულებს აქციების მიღება, ასევე სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა შეუძლიათ. Adobe-ს წარმომადგენლების განმარტებით, კომპანიის მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც თანამშრომლებს რთულ ტექნოლოგიურ ამოცანებზე მუშაობა, ინოვაციების შექმნა და კარიერული განვითარება შეუძლიათ.
Forbes-ის რეიტინგის ათეულში ერთადერთი ევროპული კომპანია დანიური LEGO-ა. კომპანია მიიჩნევს, რომ თანამშრომლები საუკეთესო შედეგებს მაშინ აღწევენ, როდესაც სამუშაო გარემო მათ საშუალებას აძლევს, იყვნენ კრეატიულები, პოზიტიურად ჩაერთონ პროცესში და მუშაობისგან სიამოვნებას იღებდნენ. LEGO თანამშრომლებს ახალი უნარების შესასწავლად ონლაინკურსებსაც სთავაზობს და მათთვის ინდივიდუალური განვითარების გეგმებს ქმნის.
მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლები 2026 წლისთვის:
| ადგილი | კომპანია | ინდუსტრია | ქვეყანა | აღმასრულებელი დირექტორი (CEO) | დაარსების წელი |
| 1 | Microsoft | IT-პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები | აშშ | სატია ნადელა | 1975 |
| 2 | Delta Air Lines | ტრანსპორტირება და ლოგისტიკა | აშშ | ედვარდ ჰერმან ბასტიანი | 1925 |
| 3 | Shopify | IT-პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები | კანადა | ტობიას ალბინ ლიუტკე | 2006 |
| 4 | Costco Wholesale | საცალო და საბითუმო ვაჭრობა | აშშ | როლანდ ვაჩრისი | 1983 |
| 5 | NVIDIA | ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია | აშშ | ჯენსენ ჰუანგი | 1993 |
| 6 | Adobe | IT-პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები | აშშ | შანტანუ ნარაიენი | 1982 |
| 7 | Apple | ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტროინჟინერია | აშშ | ტიმ კუკი | 1976 |
| 8 | Sony Group | კონგლომერატი | იაპონია | ჰიროკი ტოტოკი | 1946 |
| 9 | Alphabet | IT-პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები | აშშ | სუნდარ პიჩაი | 1998 |
| 10 | Lego Group | დაფასოებული საქონელი | დანია | ნილს კრისტიანსენი | 1932 |
















