უკრაინამ საბრძოლო მოქმედებებში ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

უკრაინამ საბრძოლო მოქმედებებში ბალისტიკური რაკეტა FP-7 პირველად გამოიყენა

ფოტო: timesnownews.com

 

ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ საბრძოლო მოქმედებებში პირველად გამოიყენა ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა FP-7.

„მადლობა შედეგისთვის. შემდეგი ეტაპი წარმოებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, სად ან რა სამიზნის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული FP-7.

უკრაინულ სამიზნეებზე დარტყმების განსახორციელებლად ბალისტიკურ რაკეტებს რუსეთი ხშირად იყენებს. თავის მხრივ, უკრაინა საკუთარი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების შექმნას თავდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს მოსკოვთან ოთხწლინახევრიანი კონფლიქტის ფონზე.

ბალისტიკური რაკეტების ეფექტიანი ჩამოგდების საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კიევი მომავალ ზამთარში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მასშტაბური და ხანგრძლივი შეტევისთვის ემზადება. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სარაკეტო წარმოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას.

ზელენსკიმ დადებითად შეაფასა წლის დასაწყისში ჩატარებული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შედეგები და აღნიშნა, რომ მათ სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების კარგი პოტენციალი აჩვენეს.

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები FP-7-ს ახასიათებენ, როგორც მცირე მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტას, რომლის მოქმედების მანძილი დაახლოებით 200 კილომეტრია. რაკეტის მწარმოებელი კომპანია Fire Point-ი აცხადებს, რომ მას ავითარებენ, როგორც ბალისტიკური რაკეტების ჩამომგდებ საშუალებას ევროპული სარაკეტო თავდაცვის პროგრამა „ფრეიას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდა.

სამხედრო ანალიტიკოსები FP-7-ს აშშ-ის არმიის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას ATACMS-ს ადარებენ, რომლის ნაწილიც უკრაინას უკვე გადაეცა, თუმცა FP-7 გაცილებით იაფია.

Fire Point-ი ასევე მუშაობს FP-9–რაკეტაზე, რომლის მოქმედების მანძილი 850 კილომეტრამდეა. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ის წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად.

ანალიტიკოსთა აზრით, ორივე ტიპის რაკეტის გამოყენება უკრაინას საშუალებას მისცემს, დაარტყას რუსეთის სარაკეტო გამშვებ და საწარმოო ობიექტებს და ზეწოლა მოახდინოს მოსკოვის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.

შეგახსენებთ, რომ ივლისში უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა  პროექტ „ფრეიას“ ფარგლებში საჰაერო თავდაცვის კოალიციის შექმნა გამოაცხადეს. პროექტის მიზანი ამერიკული Patriot-ის სისტემის უფრო იაფი ალტერნატივის ერთობლივად შექმნაა. უკრაინას სურს, რომ ევროპული ანტიბალისტიკური სისტემა „ფრეიას“ პროტოტიპი მომავალი წლის პირველ ნახევარში იყოს მზად.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.