Forbes რეიტინგი: რუსეთისადმი დაწესებული ათი ყველაზე მძლავრი სანქცია

Forbes რეიტინგი: რუსეთისადმი დაწესებული ათი ყველაზე მძლავრი სანქცია

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ირანსა და ჩრდილოეთ კორეას გადაასწრო და დედამიწის ყველაზე სანქცინირებული სახელმწიფო გახდა – საერთო ჯამში, რუსეთის ფედერაციის მიმართ 5500-ზე მეტი სანქცია დაწესდა.

სანქციათა სიმძლავრითა და ეფექტიანობით უკრაინული Forbes-ი დაინტერესდა – ჟურნალისტებმა წამყვანი ეკონომისტები გამოკითხეს და რუსეთისადმი დაწესებული ათი ყველაზე მძლავრი სანქციისაგან შემდგარი რეიტინგი შეადგინეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

1. რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა

ევროკავშირმა რუსეთს არაერთი ეკონომიკური სანქცია დაუწესა – მათ შორის იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებისა და რეზერვების გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა. მსგავსი სანქციები აშშ-მ, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და იაპონიამაც დააწესეს.

რუსეთმა უცხოურ ვალუტასა და ოქროში დაბანდებული რეზერვების 70-75%-ზე წვდომა დაკარგა – საუბარია ყველა იმ აქტივზე, რომელიც დოლარში, ევროში, ფუნტში, იენსა და სხვა ვალუტებში იყო დენომინირებული, რომელთაც ომის დაწყების დროისთვის, დაახლოებით $650 მილიარდი შეადგინეს.

საკუთარი რეზერვებიდან $130 მილიარდს, რუსეთი ოქროში ინახავდა, მაგრამ მათი გაყიდვა სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება, – ამის შესახებ EBRD-ის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა, სერგეი გურიევმა ერთ-ერთი YouTube-გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. ამ ოქროს ყიდვას არც ერთი ფინანსური ინსტიტუტი არ მოისურვებს, რადგან ამგვარად ისინი აშშ-ის სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან.

ამგვარად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი რეზერვების ძალიან დიდი ნაწილი დაკარგა – არადა, მათი დახმარებით რუსული რუბლის კურსის სტაბილიზაცია შეეძლო. უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ამერიკულ დოლართან მიმართებით, რუბლის თითქმის 42%-ით, 116 რუბლამდე გაუფასურდა – ამასთანავე, Forex-ის ბირჟაზე ერთი დოლარის ღირებულება თითქმის 140 რუბლს შეადგენს.

2. რუსულ გაზსა და ნავთობზე დაწესებული ემბარგო

8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქვეყანაში რუსული ენერგორესურსების იმპორტი აკრძალა. მისი თქმით, ქვეყანა რუსულ ნავთობსა და გაზზე უარს იმიტომ ამბობს, რომ „პუტინის ომის მანქანა“ არ დააფინანსოს. რუსულ ნავთობს აშშ-ის პორტებში აღარ მიიღებენ.

2021 წელს, რუსულმა ნავთობმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემოტანილი ნავთობის 3% შეადგინა, ხოლო ნავთობპროდუქტების, უმეტესწილად კი, მაზუთის ჩათვლით – დაახლოებით 8%.

რუსულ ნავთობზე სრულად უარის თქმას გეგმავს გაერთიანებული სამეფოც, რომელიც ყოველდღიურად 146 ათას ბარელ რუსულ ნავთობპროდუქტს მოიხმარს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 2021 წლის მონაცემებით, აშშ-ში, ყოველდღიურად, 199 ათას ბარელ ნედლ ნავთობს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო, ემბარგოსთან მიერთებას ევროპა ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

3. საზღვაო გადაზიდვების გლობალური ლიდერების მიერ გამოცხადებული ბოიკოტი

საზღვაო გადაზიდვების კომპანიამ, Maersk-მა რუსეთში და რუსეთიდან ყველანაირი საკონტეინერო გადაზიდვა შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ ეს შეჩერება არ ეხება მხოლოდ საკვებ, სამედიცინო და ჰუმანიტარულ პროდუქტებს. ამასთანავე, Maersk-ი რუსული საპორტო ოპერატორის, Global Ports-ის 31%-იან წილს ფლობს – ეს კომპანია რუსეთში ექვს ტერმინალს ფლობს, ხოლო ფინეთში – ორს.

ბოიკოტს სხვა საზღვაო გადაზიდვების კომპანიებიც შეუერთდნენ – საერთო ჯამში, კონტეინერების რუსეთში და რუსეთიდან გადაზიდვაზე უარი ექვსი უმსხვილესი კომპანიიდან ხუთმა განაცხადა, მათ შორის Maersk-მა, MSC-მ, CMA CGM-მა, Hapag-Lloyd-მა და Ocean Network Express-მა.

სიდიდით მეექვსე კომპანია, ჩინური COSCO – რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს.

4. საავიაციო სანქციები: საჰაერო სივრცის დახურვა და Boeing-ისა და Airbus-ის მიერ ბაზრის დატოვება

რუსული თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე მსოფლიოს 38-მა ქვეყენამ დახურა, მათ შორის აშშ-მა, კანადამ და ევროკავშირმა. ამასთანავე, ევროკავშირმა სალიზინგო კომპანიებს მათ მიერ რუსული კომპანიებისთვის მიწოდებული თვითმფრინავების დაბრუნება მოსთხოვა.

თვითმფრინავების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, Boeing-მა, რუსული ავიაკომპანიებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეწყვიტა, ტექნიკური მომსახურება შეაჩერა და მოსკოვში არსებული სასწავლო ცენტრი დახურა.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თვითმფრინავების რიგით მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, Airbus-მა – კომპანიამ რუსული ავიაკომპანიების ტექნიკური მხარდაჭერა შეწყვიტა, ქვეყანაში სათადარიგო ნაწილების ექსპორტი შეაჩერა და რუსეთში არსებული საინჟინრო დაწესებულება დახურა.

მოსალოდნელია, რომ ეს გადაწყვეტილებები სამგზავრო ავიაციისთვის კრახის ტოლფასი გახდება, რადგან რუსული თვითმფრინავების 75%-ს სწორედ ევროპული, ამერიკული ან კანადური კომპანიები აწყობენ. ამასთანავე, ევროპული სალიზინგო კომპანიები 515 სამგზავრო თვითმფრინავს ფლობენ, რაც თვითმფრინავების საერთო რაოდენობის 2/3-ს შეადგენს.

„თვის ბოლომდე, რუსული ავიაკომპანიები ფრენებს შეწყვეტენ“, – აღნიშნავს საავიაციო სამართლის კომპანიის, Ante-ს პარტნიორი, ანდრეი გუკი. „საერთაშორისო რეისების გარეშე, გადარჩენა შეუძლებელი იქნება, რაც თავისთავად, ინფრასტრუქტურას ჩამოშლის და ამას წინ ვერავინ აღუდგება. ძალიან ვიწრო სპეციალობის მქონე ადამიანები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ“.

5. შვიდი რუსული ბანკის SWIFT-იდან გათიშვა 

ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და კანადამ რამდენიმე რუსული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან გათიშეს, რაც, თავისთავად, ამ სანქციის უმკაცრესი ვარიანტი არ არის.

SWIFT-ის დახმარებით, ყოველდღიურად, $330 მილიარდის ტრანზაქციები ხორციელდება და ამ სისტემიდან გამოთიშვა, რუსეთის ფედერაციას გლობალურ საფინანსო ბაზრებთან წვდომას უმცირებს. რუსეთს პრობლემები შეექმნება, როგორც საქონლის ექსპორტისა და იმპორტისას, ასევე საერთაშორისო სესხებისა და ინვესტიციების მიღებისას.

„ამ შეზღუდვის ეფექტი – რუსეთის საფინანსო სამყაროსგან დროებით იზოლაცია იქნება“, – აღნიშნავს IK Concorde Capital-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პარაში. მისი შეფასებით, თუკი რუსეთი ალტერნატიული სისტემის შექმნას მოახერხებს, ზარალი მშპ-ს 1-3%-ით შემოიფარგლება. თუკი ამ სისტემის მუშაობა შეფერხდება, დანაკლისი კიდევ უფრო დიდი იქნება.

„როსსვიფტის“ ინფორმაციით, 2020 წელს, SWIFT-ის გლობალურმა ტრაფიკმა 9 მილიარდ შეტყობინებას გადააჭარბა – ამათგან, 143 მილიონი რუსულ მომხმარებლებზე მოდის. ტრაფიკის გლობალურ რეიტინგში რუსეთის ფედერაცია მე-13 ადგილს იკავებს. ტრაფიკის ყველაზე დიდი ნაწილი – 87.4% გადახდებზე მოდის. ამ მონაცემის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს.

6. რუსეთისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქების საერთაშორისო აქტივების კონფისკაცია.
7. კომპიუტერებისა და მათი კომპონენტების მწარმოებლების, მათ შორის Apple-ის, AMD-ის, Dell-ის, HP-ის, Intel-ისა და Lenovo-ს მიერ გამოცხადებული ბოიკოტი.
8. საგადასახადო სისტემების, მათ შორის VISA-ს, MasterCard-ის, PayPal-ის, Apple Pay-ისა და Google Pay-ის ფუნქციონირების შეწყვეტა.
9. მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლების, მათ შორის Volkswagen-ის, GM-ის, Mercedes-Benz-ის, Toyota-ს, Volvo-ს, BMW-ს, Harley Davidson-ის და სხვათა მიერ გამოცხადებული ბოიკოტი.
10. პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების, მათ შორის Microsoft-ის, Oracle-ის, Adobe-ისა და Autodesk-ის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი.