Tesla ომში გაწვეულ უკრაინელ თანამშრომლებს მინიმუმ სამი თვე ხელფასს მაინც გადაუხდის

Tesla ომში გაწვეულ უკრაინელ თანამშრომლებს მინიმუმ სამი თვე ხელფასს მაინც გადაუხდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებსაც სამშობლოს დასაცავად ბრძოლა მოუწევთ, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ხელფასს გადაუხდის. ამის შესახებ კომპანიამ, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია, მათ მეილით შეატყობინა. აღნიშნულ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

სამი თვის შემდეგ Tesla ვითარებას შეისწავლის და გადაწყვეტს, მომავალში როგორ იმოქმედოს. როგორც ცნობილია, ზემოხსენებული მეილი კომპანიის იმ თანამშრომლებმა მიიღეს, რომლებიც ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში მუშაობენ. მოცემული დროისთვის უცნობია, გავრცელდება თუ არა Tesla-ს ინიციატივა ჩრდილოეთ ამერიკაში ან მსოფლიოს სხვა ადგილებში ავტომწარმოებლისთვის მომუშავე ადამიანებზე.

მეილში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინელები, რომლებიც Tesla-ს ან სხვა მარკის ელექტრომობილებს ფლობენ პოლონეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში განლაგებული, კომპანიის კუთვნილი დასამუხტი სადგურებით უფასოდ ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინას დახმარება ილონ მასკის კომპანია SpaceX-მაც აღმოუჩინა. მან უკრაინის ვიცე-პრემიერის, მიხაილო ფიოდოროვის თხოვნის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ჩართო და სახელმწიფოს ტერმინალები გაუგზავნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *