Forbes: შოუბიზნესის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლები

Forbes: შოუბიზნესის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლები

2021 წელი, განსაკუთრებით სუპერვარსკვლავებისთვის, წარმატებული გაყიდვების მხრივ აღმოჩნდა, რასაც Forbes-ის რეიტინგში შოუბიზნესის 25 ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლის დიდი ნაწილიც ადასტურებს. მათ შორის არიან „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი პიტერ ჯექსონი და მომღერალი ბრიუს სპრინგსტინი, რომლებმაც 2022 წლის რეიტინგში ადგილი სწორედ სტუდიისა და მუსიკალური კატალოგის გაყიდვებით დაიმკვიდრეს.

დეკემბერში ბრიუს სპრინგსტინმა საავტორო უფლებები თავისი სიმღერების სრულ კატალოგზე Sony Music-ს $500 მილიონად მიჰყიდა. ბლოკბასტერული გარიგებით, „გრემის“ 20-გზის გამარჯვებული Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და ჩამორჩება „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორ პიტერ ჯექსონს, რომელმაც ნოემბერში საკუთარი ვიზუალური ეფექტების კომპანია $1.6 მილიარდად გაყიდა და ამ გარიგებით, Forbes-ის რეიტინგის ლიდერობასთან ერთად, მილიარდერის სტატუსიც მოიპოვა.

ბრიუსს, კატალოგების სოლიდურ თანხად გაყიდვაში, არც სხვა როკსტარები, მათ შორის ბობ დილანი, პოლ საიმონი და ნილ იანგი ჩამორჩნენ, რომლებმაც, ჯამში, $500 მილიონი მოაგროვეს. მუსიკალური კატალოგების გარდა კი, გასულ წელს, მსხვილმა სტრიმინგსერვისებმა სატელევიზიო ჰიტების, Friends-ისა და Law & Order-ის უფლებებისთვის დაახლოებით $3.7 მილიარდი დახარჯეს, რაც მათ შემქმნელებს წლევანდელ რეიტინგში მოხვედრაშიც დაეხმარა.

რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგში შოუბიზნესის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი წარმომადგენლის წოდებას, ის მე-12 ადგილით რიზ უიზერსპუნს ერგო, რომელმაც თავისი საპროდიუსერო კომპანიის, Hello Sunshine-ის ნაწილი კერძო საინვესტიციო ფირმა Blackstone-ს $900 მილიონად მიჰყიდა. რეიტინგში, $81 მილიონით, მე-18 პოზიციაზე ვხვდებით The Bridgerton-ისა და Grey’s Anatomy-ის პროდიუსერ შონდა რაიმზს, ხოლო Forbes-ის 2022 წლის რეიტინგს მომღერალი ტეილორ სვიფტი $52-მილიონიანი შემოსავლით ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის პირველ ხუთეულში Jay-Z-ი, დუეინ “The Rock” ჯონსონი და კანიე უესტიც მოხვდნენ, თუმცა არა რეპით, პროდიუსერობით ან მსახიობობით მიღებული შემოსავლით, არამედ, შამპანურის, ტეკილასა და სპორტული ფეხსაცმელების გაყიდვით. საერთო ჯამში, Forbes-ის რეიტინგში შოუბიზნესის 25-მა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა წარმომადგენელმა 2021 წელს $4.4 მილიარდი გამოიმუშავა (გადასახადის გარეშე), ორჯერ მეტი 2020 წელს ტოპ-25 ვარსკვლავის მიერ გამომუშავებულ თანხაზე.

Forbes-ის : შოუბიზნესის 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი წარმომადგენლების Top-10-ეული ასე გამოიყურება:

  1. პიტერ ჯექსონი – $580 მილიონი

„ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა, ნოემბერში, ვიზუალური ეფექტების ფირმა Weta Digital-ის ნაწილი $1.6 მილიარდად Unity Software-ს მიჰყიდა. გარიგების შემდგომ ჯექსონი ისტორიაში მესამე ადამიანი გახდა, სტივენ სპილბერგისა და ჯორჯ ლუკასის შემდგომ, რომელმაც ფილმების გადაღებით მილიარდერის სტატუსი მოიპოვა.

  1. ბრიუს სპრინგსტინი – $435 მილიონი

როკმომღერალმა საკუთარი სიმღერების კატალოგი დეკემბერში Sony Music-ს $500 მილიონად მიჰყიდა. Sony Music-მა საავტორო უფლებები ხუთი ათწლეულის საკულტო სიმღერებზე, ოც სტუდიურ ალბომსა და ჩანაწერებზე, მათ შორის ცოცხალ ვერსიებზე, შეიძინა.

  1. Jay-Z – $340 მილიონი

ჰიპ-ჰოპის პირველმა მილიარდერმა წარმომადგენელმა 2021 წელს თავისი ბიზნესი გააფართოვა და საკუთარი წილი მუსიკალურ სტრიმერ Tidal-სა და შამპანურის ბრენდ Armand de Brignac-ში გაანაღდა.

  1. “The Rock” – $270 მილიონი

“The Rock”-ი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მსახიობთა შორის, რომლებიც Forbes-ის მიმდინარე წლის რეიტინგში მოხვდნენ. როკმა შემოსავლის მეოთხედი Jungle Cruise-სა და Red Notice-ში შესრულებული როლებით გამოიმუშავა.

  1. კანიე უესტი – $235 მილიონი

მილიარდერი რეპერი და პროდიუსერი ამჟამად თანხის უმეტეს ნაწილს Adidas-სა და Yeezy-ის შორის დადებული მრავალწლიანი კონტრაქტით გამოიმუშავებს. გასულ წელს Yeezy-ის მიერ Gap-ისთვის შექმნილი ჰუდი და ქურთუკი სწრაფად გაიყიდა, თუმცა ბრენდი მონაცემებით უკმაყოფილოა და მომავალში უფრო მეტის მოლოდინიც აქვს.

  1. თრეი პარკერი და მეტ სტოუნი – $210 მილიონი

იუმორისტული South Park-ის შემქმნელები წელიწადში $80 მილიონზე მეტს გამოიმუშავებენ და Forbes-ის რეიტინგის მეექვსე პოზიციასაც იკავებენ. აგვისტოში დუეტმა ხელი მოაწერა ექვსწლიან, $900-მილიონიან ხელშეკრულებას Paramount+-თან.

  1. პოლ საიმონი – $200 მილიონი

ფოლკ-როკმუსიკოსმა ასობით სიმღერის კომპოზიცია Sony Music Publishing-ს, მარტში, $250 მილიონად მიჰყიდა. გაყიდულ სინგლებს შორისაა ისეთი ჰიტები, როგორიცაა: “Mrs. Robinson”-ი, “59th Street Bridge Song”-ი და “The Sound of Silence”-ი.

  1. ტაილერ პერი – $165 მილიონი

მილიარდერი მსახიობისა და პროდიუსერის სახელი Madea-ს როლის შესრულებას უკავშირდება, თუმცა ამჟამად პერი თანხის უდიდეს ნაწილს BET-თან, საპროდიუსერო სტუდიასთან დადებული ხანგრძლივი ხელშეკრულებით გამოიმუშავებს.

  1. რაიან ტედერი – $160 მილიონი

საკუთარ ჯგუფ One Republic-ისთვის შექმნილი 500-ზე მეტი ჰიტის გარდა, ტედერს სიმღერები ადელისთვის, ბიონსესა და ედ შირანისთვის აქვს დაწერილი. One Republic-ის სოლისტიმა  კატალოგის ნაწილი იანვარში საინვესტიციო ფირმა KKR-ს მიჰყიდა.

  1. ბობ დილანი – $130 მილიონი

ნობელის პრემიის 80 წლის ლაურეატმა მომღერალმა, საკუთარ სიმღერების კატალოგზე უფლებები ივლისში Sony-ის $150 მილიონად გადასცა. ერთი წლით ადრე კი ბობ დილანმა $400-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა Universal-თან.