ბაიდენმა ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების დაფინანსების $5-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

ბაიდენმა ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების დაფინანსების $5-მილიარდიანი გეგმა წარადგინა

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნის შტატებში ელექტრომობილების დასამუხტი პუნქტების ქსელის განსავითარებლად $5-მილიარდიანი დაფინანსების გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, ხუთი წლის განმავლობაში შტატებში საკმარისი ოდენობის დამტენი პუნქტები უნდა გაიხსნას.

აღნიშნული ინვესტიცია ჯო ბაიდენის გუნდის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია. ზოგადი გეგმა კი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლასა და სუფთა ენერგიაზე თანამიმდევრულ გადასვლას გულისხმობს. სწორედ ამ მიზნით, გასული პერიოდის განმავლობაში ჯო ბაიდენი და მისი გუნდი აქტიურად უწევს ლობირებას ავტოინდუსტრიის გაელექტროების საკითხს. მათი მიზანია, 2030 წლისათვის აშშ-ის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ელექტრო ან დამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილს მართავდეს.

ადმინისტრაციის ოფიციალური პირების განმარტებით, ახალი გაიდლაინი შტატებს უფრო ეფექტიანი დასამუხტი პუნქტების გახსნასა და გამართვაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ელექტრომობილების მზარდი პოპულარობისა, შტატების მიერ გამოყოფილი სასათბურე აირების უდიდეს წილს მაინც სატრანსპორტო სექტორი გამოიმუშავებს. შეერთებულ შტატებში ამ უკანასკნელზე გამონაბოლქვის დაახლოებით მესამედი მოდის.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ ელექტრომობილების სიდიდით მესამე ბაზარია ჩინეთისა და ევროპის შემდეგ. შესაბამისად, მისთვის გამართული დასამუხტი პუნქტების ქსელის არსებობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფომ ამ საკითხის მოგვარებაზე მანამ იზრუნოს, სანამ პრობლემა გაჩნდება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის გეგმას უფრო მეტად პრევენციული ხასიათი აქვს, რაც საბოლოო ჯამში პრობლემის ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტაა.

წინასწარი დათვლებით, ელექტრომობილებზე გადასვლა საშუალოსტატისტიკურ ამერიკელს ყოველწლიურად საწვავის $1000-დოლარიან ხარჯს დაუზოგავს.