Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Forbes Tech: გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

სტატიას გასული კვირის მნიშვნელოვანი კოსმოსური სიახლით ვიწყებთ: SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე პირველი ტურისტული ეკიპაჟი გაუშვა, რომელმაც იქ სამი დღე დაჰყო. თუმცა ტექნოლოგიური სიახლეები არც დედამიწაზე მოგვაკლდა: Apple-მა წლის მთავარი ღონისძიება ჩაატარა, რომელზეც ახალი თაობის მოწყობილობები წარადგინა, ხოლო Xiaomi-მ ჭკვიანი სათვალის კონცეპტუალური დიზაინი შექმნა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

SpaceX-ის პირველმა ტურისტულმა ეკიპაჟმა კოსმოსში წარმატებულად იმოგზაურა

გასულ კვირას გასაოცარი ამბავი მოხდა: ამერიკულმა SpaceX-მა, სამი დღით, დედამიწის ორბიტაზე ახალი ეკიპაჟი გაგზავნა, რომლის არც ერთი წევრი პროფესიონალი ასტრონავტი არ ყოფილა. გაფრენიდან სამ საათში კოსმოსურმა ხომალდმა მაქსიმალურ სიმაღლეს, 585 კილომეტრს მიაღწია – ცნობისთვის, დედამიწის ზედაპირიდან ეს ნიშნული უფრო შორს მდებარეობს, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური და ჰაბლის ტელესკოპი. მეტიც, ეს ყველაზე შორია, სადაც ადამიანი NASA-ს 1972 წლის  Apollo-ს მთვარის პროგრამის შემდეგ ყოფილა. ამ სიმაღლეზე ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწის გარშემო 27360 კმ/საათში სიჩქარით ტრიალებდა, ანუ ბგერის სიჩქარეზე 22-ჯერ უფრო სწრაფად.

ხედი ხომალდის ტუალეტიდან – ფოტო: SpaceX

კოსმოსური ხომალდის ბორტზე ოთხი მოყვარული ასტრონავტი იმყოფებოდა, ხოლო ეკიპაჟს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის მილიარდერი და მოყვარული პილოტი ჯარედ აიზეკმენი ხელმძღვანელობდა, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ მოგზაურობაში $200 მილიონი გადაიხადა. აიზეკმენის გარდა, ხომალდზე გეომეცნიერი და NASA-ს 2009 წლის ასტრონავტების შესარჩევი კონკურსის ფინალისტი, სიენ პროქტორი იმყოფებოდა, რომელიც ამ მოგზაურობის შედეგად, პირველი აფრიკელ-ამერიკელი ასტრონავტი გახდა. ხომალდზე ასევე იმყოფებოდა 29 წლის ამერიკელი ექიმი ჰეილი არსენო, რომელიც ამ გაფრენის შედეგად, ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ასტრონავტი გახდა – მეტიც, ის ყველაზე ახალგაზრდაა დედამიწის ორბიტაზე ნამყოფი 533 ასტრონავტიდან. კოსმოსური ვოიაჟის მეოთხე წევრი ამერიკელი მონაცემთა ინჟინერი და აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი გახლდათ.

ისტორიულ გაფრენამდე ხომალდის ეკიპაჟის ოთხივე წევრმა რთული მომზადება გაიარა, მათ შორის იყო სიმაღლეზე ყოფნის ფიტნესის, G-ძალისა და მიკროგრავიტაციის ვარჯიშები და სხვადასხვაგვარი სამედიცინო შემოწმებები. ორბიტაზე ყოფნისას, ეკიპაჟის წევრებმა არაერთი სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რათა მოპოვებული ინფორმაცია სამომავლოდ გამოეყენებინათ. ბიოსამედიცინო მონაცემები და ბიოლოგიური მასალა, მათ შორის ულტრაბგერითი გამოკვლევები გაფრენამდე, გაფრენისას და მის მერეც გროვდებოდა.

მაშინ, როცა SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი დედამიწას ორასი კილომეტრით მოშორდა და კომპანიის ოფისი აპლოდისმენტმა მოიცვა, ეკიპაჟის ხელმძღვანელმა ჯარედ აიზეკმენმა სიტყვა წარმოთქვა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ვოიაჟის დაგეგმვაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგზაურობით საფუძველი ჩაეყარა ილონ მასკის ორბიტალურ ტურიზმს, რომელზეც, მასკის გარდა, ბოლო დროს სხვა მილიარდერებიც მუშაობენ, მათ შორის Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი და Virgin Group-ის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი. აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის ამ წარმატებულ ვოიაჟს ორივე მათგანი Twitter-ში გამოეხმაურა: ბრენსონმა აღნიშნა, რომ SpaceX-ის ეკიპაჟის ორბიტაზე მოხვედრა კოსმოსის კვლევის კიდევ ერთი საოცარი მომენტია, ხოლო ბეზოსმა დაწერა, რომ ეს ვოიაჟი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მომავლისაკენ, რომელშიც კოსმოსი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ SpaceX-ის ამ წარმატებას NASA-ც გამოეხმაურა: მათი აზრით, მეტი ასეთი ფრენა მეცნიერებას უფრო მეტ შესაძლებლობას უქმნის.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ რბოლაში SpaceX-ი ერთადერთი მოთამაშე არ გახლავთ – რამდენიმე თვის წინ კოსმოსში Virgin Galactic-ისა და Blue Origin-ის ხომალდებიც გაემგზავრნენ, რომელთა ბორტზე ამ კომპანიების დამაარსებლები, რიჩარდ ბრენსონი და ჯეფ ბეზოსი იმყოფებოდნენ. თუმცა ფრენა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მაშინ როცა SpaceX-ის ტურისტებმა კოსმოსში სამი დღე დაჰყვეს. აღსანიშნავია, რომ SpaceX-ი კოსმოსური ინდუსტრიის წამყვანი კერძო კომპანიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც NASA-სთან თანამშრომლობს – მეტიც, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან SpaceX-ის ორი მოდულიც კი არის მიერთებული.

ფოტო: SpaceX

SpaceX-ის ხომალდი Crew Dragon-ი დედამიწაზე 18 სექტემბერს დაბრუნდა – მოდული შტატ ფლორიდის სიახლოვეს, ატლანტის ოკეანეში დაეშვა, NASA-ს პრეზიდენტ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ოცდაათი კილომეტრის მოშორებით. საერთო ჯამში, კოსმოსური ვოიაჟი 71 საათს გაგრძელდა, რა დროსაც ეკიპაჟის წევრებმა ორ მიზანს მიაღწიეს: ერთი მხრივ, მათ წმინდა ჯუდის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთვის $153 მილიონი მოაგროვეს, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანის ორგანიზმზე მიკროგრავიტაციის გავლენა შეისწავლეს. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, Inspiration4-ის მისიამ აჩვენა, რომ კოსმოსურ ვოიაჟებში მონაწილეობა მხოლოდ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ასტრონავტებს როდი შეუძლიათ.

ელექტროსკუტერების მწარმოებელი ტაივანური Gogoro IPO-სთვის ემზადება

ელექტროსკუტერების მწარმოებელი და საზიარო ელექტრობატარეების ინფრასტრუქტურის შემქმნელი Gogoro საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციების გასაყიდად ემზადება, ამისთვის ტაივანური კ SPAC-კომპანია Poema Global-თან გაერთიანდა. ამ გარიგების შედეგად, კომპანიის ღირებულება $2.35 მილიარდად შეფასდა, ხოლო მისი აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე 2022 წელს განთავსდება. IPO-ს შედეგად, კომპანია $550 მილიონის მოზიდვას ვარაუდობს, რომელიც, ერთი მხრივ, კომპანიის ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ექსპანსიას, ხოლო მეორე მხრივ, მისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ფოტო: Gogoro

Gogoro ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ტაივანში დაარსდა. ელექტროსკუტერების გარდა, კომპანია ჭკვიან ელექტრობატარეებს აწარმოებს და მათ გასაზიარებელ ინფრასტრუქტურას ქმნის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს Cloud-ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომლითაც ელექტრობატარეებისა და სკუტერების მონიტორინგი შეიძლება. გარდა ელექტროსკუტერების ბრენდ Smartscooters-ისა და ელექტროველოსიპედების ბრენდ Eeyo-სი, კომპანიას ერთი საინტერესო პროგრამაც აქვს, რომლის დახმარებით კომპანიის პარტნიორებს, Gogoro-ს ელექტრობატარეებისა და სხვა ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ტრანსპორტის შექმნა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ჩინეთსა და ინდოეთში Gogoro-მ მნიშვნელოვან ფინანსურ თანამშრომლობებს ჩაუყარა საფუძველი, მათ შორის ჩინურ Yadea-სთან და ინდურ Hero MotoCorp-თან, რომელიც ორბორბლიანი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. გარდა ამ კომპანიებისა, Gogoro თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Yahama და Suzuki.

Gogoro-ს თქმით, სულ რაღაც ხუთ წელიწადში მათ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ხოლო მათ ელექტრობატარეების საზიარო ინფრასტრუქტურას ოთხას ათასზე მეტი ადამიანი იყენებს. „Gogoro ადამიანებს საზიარო ენერგიის გამოყენების მეთოდებს ცვლის, რითაც ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ურბანულ მიმოსვლას თავდაყირა აყენებს. 2015 წლიდან, მას მერე, რაც ელექტრობატარეების გაზიარების ბიზნესს ჩაეყარა საფუძველი, განხორციელდა ორას მილიონზე მეტი გაცვლა, რამაც ატმოსფეროში სამასი მილიონი კილოგრამის მოცულობის ნახშირორჟანგის გამოყოფას შეუშალა ხელი“, – აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე.

California Streaming: ვრცლად Apple-ის ყველა სიახლის შესახებ

14 სექტემბერს წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება, California Streaming-ი გაიმართა, რომელზეც Apple-მა ახალი თაობის iPhone-ები, მე-7 თაობის Apple Watch-ი, განახლებული iPad mini და არაერთი სხვა სიახლე წარმოადგინა, რომელთაც ამ ვრცელ სტატიაში მოვუყარეთ თავი.

ახალი თაობის iPhone-ები

გუშინდელ ღონისძიებაზე Apple-მა უახლესი თაობის რამდენიმე სმარტფონი წარმოადგინა, მათ შორის iPhone 13, iPhone 13 mini, iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max. აღსანიშნავია, რომ დიზაინის მხრივ რადიკალურად არაფერი შეცვლილა – ახალი თაობის ტელეფონები ძალიან ჰგავს iPhone 12-ს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შემცირდა კუნძულის ზომა და შეიცვალა კამერების განლაგება. უცვლელია iPhone-ების ზომებიც: 5.4 დუიმი, 6.1 დუიმი და 6.7 დუიმი.

iPhone 13 Pro და Pro Max-ის მოდელების დისპლეი 20%-ით უფრო ნათელია და უფრო სწრაფ, ProMotion სისტემას ეყრდნობა, რაც Android-ის სისტემის მქონე ტელეფონების მსგავს გლუვ სქროლვას უზრუნველყოფს. სტრუქტურულად სმარტფონი საოცრად გაძლიერდა: ახალი თაობის iPhone-ები A15 Bionic პროცესორითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზარზე არსებულ პროცესორთან შედარებით 50%-ით უფრო მძლავრია.

iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს ფერთა გამა – ფოტო: Apple

გარდა ამისა, ახალი თაობის მოდელები აღჭურვილია ექსკლუზიურად Apple-სთვის შექმნილი 5G ანტენებით – კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის, 5G 60-ზე მეტ ქვეყანაში, 200-ზე მეტი ოპერატორის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გაძლიერდა ტელეფონის ელემენტებიც – ერთი დამუხტვით, iPhone 13 mini საათ-ნახევრით, ხოლო სტანდარტული iPhone 13 ორსაათნახევრით მეტ ხანს იმუშავებს.

მთავარი ცვლილება სმარტფონის კამერებმა განიცადეს: კამერებს საინტერესო ფუნქცია – Cinematic mode დაემატა, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, აწ უკვე კარგად ნაცნობი Portrait mode-ია, ოღონდ ვიდეოსთვის. ამ ფუნქციით ვიდეოს გადაღებისას, უკანა პლანზე მდებარე ობიექტები იჩრდილება, რითაც წინა პლანზე მდგომ ობიექტს ყურადღების ცენტრში აქცევს – ამ ტექნიკას ფილმების გადაღებისას ხშირად იყენებენ. iPhone 13 Pro-სა და Pro Max მოდელებს სხვა ფუნქციებიც დაემატათ – Macro Photography, რომლის დახმარებით ახლო მანძილიდან უფრო მკვეთრ სურათებს გადაიღებთ და Photographic Styles-ი, რომლითაც სურათების დამუშავებას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეძლებთ. გარდა ამისა, Pro მოდელებს ProRes ვიდეოს გადაღებაც შეუძლიათ – ცნობისთვის, ამ ფორმატს პროფესიონალები ისედაც იყენებდნენ, თუმცა ის მასობრივ წარმოებაში აქამდე არ ჩაუშვიათ, რადგან ამ ფორმატში გადაღებული ფაილების ზომა საკმაოდ დიდია.  ProRes ფორმატში ვიდეოს გადაღებას HD და 4K რეზოლუციით შეძლებთ.

ახალი თაობის iPhone-ები iOS 15-ითაა აღჭურვილი – პროგრამული განახლება, რომელიც წინა თაობის სმარტფონებზე ამ თვის ბოლომდე გამოვა, შეცვლის ვიჯეტებს, GPS ნავიგატორსა და მესიჯების აპლიკაციაში ახალ ფუნქციებს დაამატებს, ასევე  უსაფრთხოების საკითხებს გამოასწორებს.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი ფლაგმანი პროდუქტის, iPhone-ის გაყიდვებით, გასულ წელს, Apple-მა $137.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო – კომპანიის მთლიანი შემოსავლის თითქმის ნახევარი. გარდა ამისა, iPhone-ი სხვა პროდუქტების – Apple Watch-ის და სხვა აქსესუარების  გაყიდვების ერთგვარი კატალიზატორია. ცნობისთვის, Apple-მა ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურა, რომ 2021 წელს 90 მილიონი iPhone-ის გამოშვებას გეგმავდა, რაც გასულ წელთან შედარებით, 20%-ით მეტია. Apple-ის ახალი თაობის სმარტფონების ფასი შემდეგნაირად გადანაწილდა: iPhone mini – $699, iPhone 13 – $799, iPhone 13 Pro – $999, ხოლო iPhone Pro Max – $1099. აღსანიშნავია, რომ შეიცვალა სმარტფონის საბაზისო მეხსიერება – ამიერიდან, ყველაზე მცირე ზომის ხელმისაწვდომი შიდა მეხსიერება – 128 გიგაბაიტია. აღსანიშნავია, რომ Pro მოდელების მსურველებს ერთტერაბაიტიანი შიდა მეხსიერების მქონე ტელეფონის შეძენაც შეუძლიათ.

მეშვიდე თაობის Apple Watch-ი

ახალი თაობის Apple Watch-ი მისი წინამორბედისაგან ვიზუალურად საკმაოდ განსხვავდება: ჭკვიანი საათი უფრო გლუვია და უფრო დიდია, ორივე მოდელის ზომამ ერთი მილიმეტრით მოიმატა და ამიერიდან Apple Watch-ი ორი ზომისაა – 41მმ დ 45მმ. შეიცვალა ჭკვიანი საათის დისპლეიც – Always-On Retina დისპლეი ბაზარზე არსებულებს შორის ყველაზე ფართოა – ის 20%-ით უფრო ფართოა, ვიდრე წინა მოდელი, და 50%-ით უფრო ფართოა, ვიდრე Apple Watch 3.

გარდა დიზაინისა, განახლებული Apple Watch-ი საოცრად გამძლეც არის – მას მტვრისაგან გამძლეობის IP6X სერტიფიკატი  და WR50 წყლის გაუმტარობის რეიტინგი აქვს. მიუხედავად გაუმჯობესებული დისპლეისა, ერთი დამუხტვით  საათი ისევ 18 საათს იმუშავებს, თუმცა ამიერიდან ის 33%-ით უფრო სწრაფად იმუხტება. მე-7 თაობის Apple Watch-ს განახლებული წინა შუშა აქვს, რომელიც მე-6 თაობის ჭკვიან საათზე 50%-ით უფრო სქელია, რაც მის გამძლეობას ოპტიკური გარჩევადობის დაზიანების გარეშე ზრდის.

ფოტო: Apple

Apple Watch-ის ჯანმრთელობის უნიკალური ფუნქცია, რომელიც მას Apple-ის სხვა პროდუქტებისაგან გამოარჩევს, ახალი თაობის Apple Watch-ში კიდევ უფრო დაიხვეწა – მომხმარებლებს Mindfulness აპლიკაციით სარგებლობა, ძილის რესპირაციული ტემპის კონტროლი და ტაი-ჩისა და პილატესის ვარჯიშების გაკეთება შეუძლიათ. გარდა ამისა, დაიხვეწა ინტეგრირებული საფულისა და ჭკვიანი სახლის აპლიკაციების ფუნქციონალი.

აღსანიშნავია, რომ Apple-მა ერთი საინტერესო ამბავიც დააანონსა: 27 სექტემბერს ახალი სერვისი – Apple Fitness+ გაეშვება, რომელიც ექსკლუზიურად Apple Watch-ისთვის შეიქმნა. აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებლებს ვარჯიში და მედიტაცია საოცრად გაუმარტივდებათ და ამაში მათ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ხუთგზის  მსოფლიო ჩემპიონი, მოთხილამურე ტედ ლიგეტი და ფიტნეს-მწვრთნელი ანხა გარსია დაეხმარებიან. ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, ვარჯიში და მედიტაცია ჯგუფურადაც იქნება შესაძლებელი. გამოსვლის შემდეგ, წლის განმავლობაში ეს სერვისი მსოფლიოს 15 ქვეყანაში გამოჩნდება, მათ შორის ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და რუსეთში.

გარდა ამისა, აპლიკაციას Artist Spotlight სერიები ემატება, რომელთა დროს, ვარჯიშს ბილი აილიშის, კელვინ ჰარისის, Imagine Dragons-ის და ნიკი მინაჟის მუსიკის ფონზე შეძლებთ. Artist Spotlight სერიების ფარგლებში, თითოეულ სავარჯიშო პლეილისტს ერთი არტისტი შექმნის – ახალი პლეილისტები ყოველ ორშაბათს, ოთხი კვირის განმავლობაში გამოვა.

ახალი თაობის Apple Watch-ი ხელმისაწვდომი იქნება ალუმინის ქეისის ხუთი სხვადასხვა დიზაინით – ფერები და დიზაინერული გადაწყვეტილებები დაემატა საათის სამაჯურებსაც. აღსანიშნავია, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო, მე-7 თაობის Apple Watch-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი გუშინდელ ღონისძიებაზე არ გამოუცხადებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ ის ამ შემოდგომას გამოვა.

უახლესი iPad mini და მე-9 თაობის iPad-ი

Apple-ის წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი ნათელი მომენტი, უახლესი iPad mini-ს წარდგენა გახლდათ – 8.3 დუიმის Liquid Retina დისპლეისა  და საოცრად ლამაზი დიზაინის მქონე მოწყობილობას უკვე 5G კავშირიც აქვს. ახალი თაობის სმარტფონების მსგავსად, მასაც A15 Bionic პროცესორი აქვს, რომლის წყალობით, ახალი iPad mini წინა თაობის მოწყობილობაზე 80%-ით უფრო სწრაფია. უახლესი USB-C პორტის დახმარებით ის კიდევ უფრო მძლავრი გახდა – iPad mini-ს დაკავშირება პროფესიონალურ კამერასთან ან ულტრაბგერითი ანალიზის ჩასატარებელ მოწყობილობასთან შეგიძლიათ. „მისი მოსახერხებელი დიზაინისა და ყოველდღიური გამოყენების კუთხით, იქნება ეს კრეატიული თუ ბიზნესსაქმიანობა, iPad mini – უნიკალურია. უახლესი Liquid Retina დისპლეით, წარმადობის საოცარი გაზრდით, განახლებული წინა და უკანა კამერებით, Center Stage ფუნქციით, USB-C პორტით, 5G-სა და Apple Pencil-თან თავსებადობით, განახლებული iPad mini წინ გადადგმული ნაბიჯია მომავლისაკენ, რომელიც ხელისგულზე ეტევა“, – აღნიშნა Apple-ის გლობალური მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, გრეგ ჯოსვიაკმა.

გარდა ეკრანის გაზრდილი პარამეტრებისა და შემცირებული დისპლეის გვერდულებისა, 500-ნიტიანი სიკაშკაშის მქონე უახლესი Liquid Retina დისპლეი P3 ფერთა გამითა და True Tone-ის ფუნქციებითაა აღჭურვილი, ხოლო აურეკლავი ეკრანის ფირის წყალობით, ახალი iPad mini-თ გადაღებული სურათები და ვიდეო კიდევ უფრო ცოცხალია.

ფოტო: Apple

განსაკუთრებულად გაძლიერდა ახალი თაობის iPad mini-ს კამერა – წინა 12-მეგაპიქსელიანი Ultra Wide კამერის წყალობით მოწყობილობას ფუნქცია Center Stage დაემატა, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ iPad Pro-ზე იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოყენებისას, ადამიანი ყურადღების ცენტრში ექცევა და თუ ის გადაადგილებას დაიწყებს, კამერა მის მოძრაობას გაჰყვება. კამერა კადრში სხვა ადამიანების გამოჩენასაც აღიქვამს. iPad mini-ს უკანა კამერაც 12-მეგაპიქსელიანი სენსორითაა აღჭურვილი, რომელიც Focus Pixels-ის ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო მკაფიო და ცოცხალ სურათებს იღებს. გარდა ამისა, True Tone ფლეშის გამოყენებით, დაბალი განათების მქონე ადგილას სურათის გაღება ასეთი სასიამოვნო არასდროს ყოფილა. უახლესი A15 Bionic პროცესორის წყალობით კი Smart HDR-ის ტექნოლოგიის გამოყენებას შეძლებთ, რაც თქვენ მიერ გადაღებულ სურათებს გასაოცარ ბუნებრიობას შესძენს.

განახლებული iPad mini ახალი ოპერაციული სისტემით, iPad OS 15-ით იქნება აღჭურვილი. ბევრს სხვა სიახლესთან ერთად, სისტემური განახლების შემდეგ, მომხმარებლებს ახალ ვიჯებთან წვდომა ექნებათ, რითაც მოწყობილობას კიდევ უფრო მოარგებენ საკუთარ სურვილებსა და ინტერესებს. თარგმნის განახლებული აპლიკაციას, რომელიც უახლეს ოპერაციულ სისტემას მოჰყვება, ხმოვანი ტექსტის თარგმნა უკვე წამიერად, პირდაპირ ეთერში შეუძლია. ასევე გაუმჯობესდა FaceTime-ით განხორციელებული ზარები, რომლებიც სივრცითი აუდიოს და ახალი Portrait mode-ის წყალობით კიდევ უფრო ბუნებრივი გახდება.

განახლებული iPad mini-ს გარდა, Apple-მა მე-9 თაობის iPad-იც წარმოადგინა, რომელიც მძლავრი A13 Bionic ჩიპით არის აღჭურვილი, რაც მას ყველაზე გაყიდვად Chromebook-ზე სამჯერ, ხოლო Android-ის ყველაზე გაყიდვად პლანშეტზე ექვსჯერ უფრო სწრაფად აქცევს. Apple-ის ამ ბიუჯეტური მოდელს, რომლის ფასი $329-იდან იწყება, 10.2-დუიმიანი True Tone Retina დისპლეი და 12-მეგაპიქსელიანი Ultra Wide წინა კამერა აქვს – Center Stage ფუნქციის გამოყენებას ამ iPad-ზეც შეძლებთ. გარდა ამისა, მას Apple Pencil-ის, Smart Keyboard-ისა და უახლესი iPadOS 15-ის მხარდაჭერა და წინა თაობასთან შედარებით ორჯერ გაზრდილი მეხსიერება აქვს.

საბოლოო ჯამში, Apple-ის წლის მთავარმა ტექნოლოგიურმა ღონისძიებამ იმედი არც წელს გაგვიცრუა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გუშინდელ ღონისძიებას არ გამორჩენია ახალი თაობის MacBook-ები და AirPods-ები. „ბლუმბერგის“ ანალიტიკოსი და Apple-ის ექსპერტი, მარკ გარმენი აღნიშნავს, რომ მომავალ რამდენიმე კვირაში ტექნოლოგიური გიგანტისაგან კიდევ სულ მცირე ერთ ღონისძიებას უნდა ველოდოთ.

Xiaomi-მ MicroLED დისპლეის მქონე ჭკვიანი სათვალე წარმოადგინა

Xiaomi-მ ჭკვიანი სათვალის კონცეპტუალური დიზაინი წარმოადგინა, რომელსაც Facebook-ისა და Ray-Ban-ის ახლად წარმოდგენილი სათვალისგან განსხვავებით, MicroLED დისპლეი აქვს, რომელზეც გაფართოებული რეალობის (AR) დეტალების წარმოჩენა შეიძლება, – ამის შესახებ The Verge წერს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ სათვალე Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე დამოუკიდებელი მოწყობილობაა, რომელსაც სმარტფონთან მუდმივი წვდომა არ სჭირდება – მეტიც, Xiaomi-ს თქმით, ერთ დღეს, შეიძლება ჭკვიანმა სათვალემ ტელეფონი ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ Ray-Ban Stories-ის წარდგენისას, მსგავსი რამ Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმაც განაცხადა. Xiaomi-ს თქმით, ამ ეტაპზე, ამ ჭკვიანი სათვალის გაყიდვა არ იგეგმება.

ფოტო: Xiaomi

Xiaomi-ს განცხადებით, მონოქრომატული MicroLED დისპლეიზე არჩევანი მათ მასში პიქსელების სიმკვრივის, გამძლეობისა და მისი მარტივი აგებულების გამო შეაჩერეს. MicroLED დისპლეი თვითგამოსხივებადი ტექნოლოგიით ფუნქციონირებს, რომელიც OLED დისპლეის ბუნებრივ გაგრძელებად ითვლება. თუმცაღა  ეს ტექნოლოგია ჯერჯერობით საკმაოდ ძვირია, რის გამოც ის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტში გამოიყენება.

Xiaomi-ს ახალი სათვალის დისპლეი მცირე ზომისაა, მაგრამ საუცხოოდ ნათელია, ის სულ რაღაც 2.4მმ x 2.02მმ-ისაა, მაგრამ 2 მილიონი ნიტის სიკაშკაშეს აღწევს. Xiaomi-ს განცხადებით, ასეთი სიკაშკაშე იმისთვის არის საჭირო, რომ დისპლეიზე გამოსახული ობიექტები ადამიანმა მზეზე ყოფნის დროსაც დაინახოს – თავისთავად ცხადია, რომ თვალში მოხვედრამდე სიკაშკაშე მცირდება.

ფოტო: Xiaomi

„სათვალის ლინზის შიდა მხარეს აღბეჭდილი მესერი სინათლის სხივის უნიკალურად გარდატეხის საშუალებას ეძლევა, რითაც მას ადამიანის თვალის ზედაპირზე უსაფრთხოდ მიმართავს. გარდატეხისას, სინათლის სხივი არაერთგზის ასხლტება, რაც ადამიანის თვალს სრული სურათის აღქმაში ეხმარება და სათვალის გამოყენებითობას ზრდის. რამდენიმე ლინზისა, სარკისა თუ ნახევარგამტარი სარკისაგან შემდგარი რთული სტრუქტურების ნაცვლად, რომელთაც სხვა პროდუქტებში იყენებენ, [Xiaomi-ს სათვალეში] ეს პროცესი ერთი ლინზის შიგნით ვითარდება“, – აღნიშნულია Xiaomi-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ფოტო: Xiaomi

Xiaomi-ს ჭკვიან სათვალეს Wi-Fi-ისა და Bluetooth-ის მოდემები, ელემენტი და ხუთმეგაპიქსელიანი კამერა აქვს. გარდა ამისა, ის აღჭურვილია ოთხბირთვიანი Arm პროცესორით, რომლის მწარმოებელი ჯერჯერობით უცნობია. Xiaomi-ს თქმით, სათვალე სულ რაღაც 51 გრამს იწონის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჭკვიანი სათვალე კონცეპტუალური ქმნილებაა, ამ ახლად აღმოცენებულ ინდუსტრიაში Facebook-ის ჩართვის  შემდეგ, Xiaomi-ს გამოჩენა გამორიცხული არ არის.

WSJ: Faceebook-ში იციან, რომ Instagram-ი ტინეიჯერი გოგონებისთვის ტოქსიკურია

Facebook-ის არაერთი შიდა კვლევის მიხედვით, კომპანიაში იციან, რომ Instagram-ი ტინეიჯერი გოგონების მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, მაგრამ შესაბამის ზომებს არ იღებენ, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. „ტინეიჯერ გოგონათა 32%-მა განაცხადა, რომ საკუთარი სხეულით გამოწვეულ უკმაყოფილებას  Instagram-ი კიდევ უფრო ამძაფრებს“, – აღინიშნა 2020 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის პრეზენტაციის დროს. სხვა დროს გამართული პრეზენტაციის მასალებში ვკითხულობთ, რომ Instagram-ს წვლილი მიუძღვის ტინეიჯერებს შორის შფოთისა და დეპრესიის ზრდაში.

ახალგაზრდა მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა კომპანიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიურად ამას $100 მილიარდზე მეტი მოცულობის შემოსავალი მოაქვს. რაც შეეხება დემოგრაფიულ მონაცემებს, Instagram-ის მომხმარებელთა 40%-ზე მეტი 22 წლის ან ნაკლები ასაკისაა, ხოლო ამერიკაში Instagram-ის აპლიკაციას ყოველდღე 22 მილიონი ტინეიჯერი იყენებს, რაც Facebook-ის ანალოგიურ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება.

ფოტო: The Wall Street Journal

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის საჯარო პოზიცია ტინეიჯერებში მათი აპლიკაციების ნეგატიურ გავლენასთან დაკავშირებით, როგორც წესი – უარყოფაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტინეიჯერების მენტალური ჯანმრთელობის შესახებ მომზადებული კვლევები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, მეტიც – ისინი არც მეცნიერებს უნახავთ და არც კანონმდებლებს. „კვლევები, რომლებიც გვინახავს, ცხადყოფს, რომ ერთმანეთთან დაკავშირების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენება შესაძლოა მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახოს“, – აღნიშნა Facebook-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესში, ამა წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე. რამდენიმე თვის შემდეგ Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ აღნიშნა, რომ მისი აპლიკაცია ტინეიჯერების კეთილდღეობაზე მინიმალურ გავლენას ახდენს.

ფოტო: The Wall Street Journal

აღნიშნულ კვლევებს Facebook-ი წლების მანძილზე ატარებდა და მათში ჩართულნი იყვნენ კომპანიის თანამშრომლები მონაცემთა მეცნიერების, მარკეტინგისა და პროდუქტის დეველოპმენტის გუნდებიდან – ბევრ მათგანს კომპიუტერული მეცნიერებების, ფსიქოლოგიისა და სხვადასხვა სახის ანალიტიკის გამოცდილება აქვს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კვლევების შედეგად, Facebook-ის მკლევრებმა დაადგინეს, რომ გარკვეული პრობლემები უშუალოდ Instagram-ს ეხებოდა და არა ზოგადად სოციალურ ქსელებს – ამ პრიზმაში ხვდება გარეგნობასთან, სიმდიდრესა და წარმატებასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ, როგორც ჩანს, Instagram-ის მთავარი ფუნქციები, რომლებიც ტინეიჯერების გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას – აპლიკაციის ერთგვარი ქვაკუთხედია. „Instagram-ის ცალკეული ასპექტები ერთმანეთს ამძაფრებენ, რაც იდეალურ ქარიშხალს ქმნის“, – აღნიშნულია ერთ-ერთ კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ეს ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გაავრცელა, მას აშშ-ის ორი პარტიის წარმომადგენელი სენატორები და კონგრესმენები გამოეხმაურნენ, თან საკმაოდ უარყოფით კონტექსტში. „ნათელია, რომ Facebook-ს საკუთარ ქმედებებზე პასუხის გაცემა არ შეუძლია. The Wall Street Journal-ის გამოძიება ცხადყოფს, რომ Facebook-ის მმართველები ნებისმიერ ფასად ზრდაზე ფიქრობენ და ბავშვებისა და ტინეიჯერების ჯანმრთელობაზე მეტად საკუთარ ფინანსურ სალდოზე ფიქრობენ. Facebook-ს საშუალება ჰქონდა, ახალგაზრდა მომხმარებლებზე Instagram-ის გავლენაზე ჩვენთვის ნათელი მოეფინა, რასაც მათ მიკიბულ-მოკიბული და მომატყუებელი პასუხების გაცემა არჩიეს, რითაც ზიანის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას დააფარეს ხელი“, – აღნიშნულია კანონმდებლების განცხადებაში. გარდა ამისა, სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და მარშა ბლექბერნმა ოფიციალური გამოძიებაც დააანონსეს და დასძინეს, რომ Facebook-ის ერთ-ერთ ინფორმატორს უკვე დაუკავშირდნენ, რომლისგანაც დამატებით მასალებს ელოდებიან.