Fortune Education: 2021 წლის საუკეთესო MBA პროგრამები აშშ-ში

Fortune Education: 2021 წლის საუკეთესო MBA პროგრამები აშშ-ში

Fortune Education-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის საუკეთესო ბიზნესის სამაგისტრო პროგრამები (MBA) წარმოადგინა. გამოცემის მიხედვით, საპატიო პირველი ადგილი ჰარვარდის ბიზნესსკოლას ერგო. მეორე ადგილს სტენფორდის უნივერსიტეტი, მესამეს კი პენსილვანიის უორტონის სკოლა იკავებს.

Fortune Education-ის რეიტინგი სამ კომპონენტზე დაყრდნობით არის შედგენილი. ესენია: შედეგების, ბრენდისა და Fortune 1000-ის ქულა. საერთო შეფასებაში ამ სამი კომპონენტის პროცენტული წონა შესაბამისად, 65%-ს 25%-სა და 10%-ს უდრის. შედეგების კოეფიციენტი, რომელსაც ყველაზე დიდი პროცენტული წონა აქვს, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დასაქმებითა და საწყისი შემოსავლების მოცულობით განისაზღვრება. ბრენდის ქულა უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის რეპუტაციაზე მიუთითებს, რომელიც Ipsos-ის გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. ხოლო  Fortune 1000-ის კომპონენტს იმ კურსდამთავრებულთა რაოდენობა განსაზღვრავს, რომლებიც C-Level თანამშრომლები არიან Fortune 1000-ის კომპანიებში.

Fortune Education-ის რეიტინგის პირველ ნომრად მყოფ ჰარვარდის ბიზნესსკოლაში ჩარიცხვის მსურველები ვალდებულები არიან პროგრამაზე მისაღებად GMAT-ის ან GRE-ის ქულა წარადგინონ. სკოლა რომელიმე გამოცდას შედარებით უპირატესობას არ ანიჭებს. გასათვალისწინებელია, რომ ჰარვარდის ბიზნესსკოლაში შარშან ჩარიცხული სტუდენტების GMAT-ის საშუალო ქულა 727-ს უდრიდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის დამატებით TOEFL-ის გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი, უნივერსიტეტი კი მიღებას წელიწადში ორჯერ აცხადებს. 2020 წელს მიღების მაჩვენებელი 11,5% იყო. ამჟამად პროგრამაზე 1,593 სტუდენტია. MBA-ის კურსდამთავრებულების საშუალო საბაზისო ხელფასი 150,000 აშშ დოლარია.

სტენფორდის ბიზნესის სამაგისტრო სკოლა აპლიკანტებისგან ჰარვარდის მსგავსად GMAT-ისა ან GRE-ის ქულას ითხოვს. MBA პროგრამაზე გასული, წელს ჩარიცხული სტუდენტების GMAT-ის საშუალო ქულა 733-ია, ხოლო ბაკალავრიატის GPA – 3,8. 2020 წლის მონაცემებით, მიღების მაჩვენებელი 8,9%-ს უდრიდა. სტენფორდი ამჟამად 840 სტუდენტს არეგისტრირებს. კურსდამთავრებულთა საშუალო საბაზისო შემოსავალი 156,000 აშშ დოლარია.

რაც შეეხება პენსილვანიის Wharton-ის სკოლას, 2020 წელს აქ მიღების მაჩვენებელი 27%-ს უდრიდა. MBA პროგრამაზე ჩასარიცხად სტუდენტებს GMAT-ის ან GRE-ის გამოცდის ჩაბარება მოეთხოვებათ. GMAT-ის საშუალო ქულა გასულ წელს 722-ს, ჩარიცხულ სტუდენტთა ბაკალავრიატის GPA კი 3,58-ს უდრიდა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს TOEFL-ის ქულის წარდგენას არ ავალდებულებს. პროგრამაზე მოხვედრის დედლაინი 2022 წლის 30 მარტია. ამ ეტაპზე სკოლაში 915 სტუდენტი ირიცხება, ხოლო კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი 150,000 დოლარია.

Fortune Education-ის ათეული და კურსდამთავრებულთა საშუალო ხელფასი კი ასე გამოიყურება:

  1. Harvard University -$150,000.
  2. Stanford University – $156,000.
  3. University of Pennsylvania (Wharton) – $150,000.
  4. University of Chicago (Booth) – $150,000.
  5. Northwestern University (Kellogg) – $144,000.
  6. Columbia University – $150,000.
  7. New York University (Stern) – $150,000.
  8. Massachusetts Institute of Technology (Sloan) – $150,000.
  9. Yale University – $140,000
  10. Dartmouth College (Tuck) – $150,000.