ფოტო: US Dept. of Defense
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის სამეფოსთვის სამხედრო-სამრეწველო კომპანია Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული F-35 Lightning II-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების მიყიდვის ნებართვა გასცა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, საუდის არაბეთის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში სულ უფრო აქტიური მონაწილეობაა.
პოტენციური გარიგება შესაძლოა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილების აღმნიშვნელი იყოს. გარდა ამისა, საუდის არაბეთისთვის ამ ტიპის გამანადგურებლების მიყიდვამ შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალთა ბალანსი შეცვალოს. ეჭვქვეშ დგება ისრაელის შედარებითი სამხედრო უპირატესობისადმი ვაშინგტონის ერთგულების საკითხიც.
საუდის არაბეთმა აღნიშნული თვითმფრინავების მიღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2025 წლის დასაწყისში მიმართა. ქვეყანა Lockheed Martin-ის გამანადგურებლით დიდი ხანია, ინტერესდებოდა. თუმცა გარიგებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ისრაელი – რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ტიპის თვითმფრინავებს ფლობს და იყენებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გარიგება, რომლის სავარაუდო ღირებულება $24.3 მილიარდს შეადგენს, მოიცავს 48 ერთეულ სამხედრო თვითმფრინავსა და Pratt & Whitney-ს წარმოების 49 ძრავას, ასევე საკომუნიკაციო აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა დამხმარე საშუალებებს.
სტელსის ტიპის ტექნოლოგიით აღჭურვილი მულტიფუნქციური გამანადგურებელი F-35 მტრის რადარებისთვის შეუმჩნევლად გადაადგილების საშუალებას იძლევა და მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავად მიიჩნევა.
„პოტენციური გარიგება გააუმჯობესებს საუდის არაბეთის შესაძლებლობებს, შეაკავოს არსებული და მომავალი საფრთხეები ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების გზით“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
















