OpenAI 2030 წლამდე $278 მილიარდის ფულადი დეფიციტის დაფიქსირებას ელის

OpenAI 2030 წლამდე $278 მილიარდის ფულადი დეფიციტის დაფიქსირებას ელის

ფოტო: Getty Images

 

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი OpenAI მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში $280 მილიარდამდე უარყოფითი თავისუფალი ფულადი ნაკადის დაფიქსირებას ელის, რაც კომპანიის მიერ გამოთვლით სიმძლავრესა და ინფრასტრუქტურაში აგრესიული ინვესტიციების ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი OpenAI-ის ბოლო პრეზენტაციაზე დაყრდნობით წერს.

FT-ის ინფორმაციით, პრეზენტაციაში განხილული პერიოდი 2026-2030 წლებს მოიცავს და ამ პერიოდში OpenAI ჯამურად $278 მილიარდის უარყოფით თავისუფალ ფულად ნაკადს ელოდება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ფულადი გასავალი ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალს $278 მილიარდით გადააჭარბებს.

ამასთან, OpenAI-ის პროგნოზით, იმავე პერიოდში კომპანიის შემოსავალი დაახლოებით ათჯერ გაიზრდება — 2026 წლისთვის მოსალოდნელი $36 მილიარდიდან 2030 წელს $350 მილიარდამდე. მთლიანობაში კი AI-სტარტაპი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში $840 მილიარდის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.

OpenAI-ის შეფასებითვე, 2030 წლისთვის, კომპანიისთვის ყველაზე დიდი ხარჯი გამოთვლით სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე მოვა. კერძოდ, ამ მიმართულებით დაახლოებით $856 მილიარდის დახარჯვა იგეგმება. ეს თანხა მოიცავს მონაცემთა ცენტრების, ჩიპებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შექმნისთვის საჭირო რესურსებს, რომლებიც AI-მოდელების გაწვრთნისა და მათი მუშაობის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.

ცნობისთვის, მარტში გამართულ დაფინანსების რაუნდში OpenAI-მა $122 მილიარდი მოიზიდა, თუმცა კომპანიის შიდა პროგნოზებით, ეს თანხა შესაძლოა 2028 წლისთვის ამოიწუროს. სწორედ ამიტომ, კომპანია ახალი კაპიტალის მოზიდვაზე მუშაობს. ბოლო ცნობებით, OpenAI უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალ მსხვილ საინვესტიციო რაუნდზე, რომლის ფარგლებში სტარტაპი $1.2 ტრილიონიდან 1.5 ტრილიონამდე ღირებულების მიღწევას განიხილავს.