Edumentors-ს ტექნიკური დირექტორის (CTO) პოზიციაზე შოთა ღვინეფაძე შეუერთდა

Edumentors-ს ტექნიკური დირექტორის (CTO) პოზიციაზე შოთა ღვინეფაძე შეუერთდა

ბრიტანულ საგანმანათლებლო კომპანია Edumentors-ს ტექნიკური დირექტორის (CTO) პოზიციაზე შოთა ღვინეფაძე შეუერთდა, რომელიც მის ტექნიკურ გუნდს გაუძღვება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

Edumentors-ის მიზანია, მაღალი ხარისხის განათლება მსოფლიოს უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კომპანია 2022 წელს დაარსდა და ის სკოლის მოსწავლეებს აკავშირებს სტუდენტ-რეპეტიტორებთან ბრიტანეთის ისეთი წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა კემბრიჯი და ოქსფორდი.

კომპანიის საგანმანათლებლო მოდელია – სტუდენტებმა ასწავლონ მოსწავლეებს. Edumentors-ზე რეპეტიტორად დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რის შემდეგაც ისინი გადიან შერჩევის პროცესს. პლატფორმაზე გააქტიურებული ყველა რეპეტიტორი არის ახალგაზრდა – მათ ცოტა ხნის წინ ჩააბარეს სასკოლო გამოცდები, ზუსტად იციან, რა გამოწვევების წინაშე დგანან სკოლის მოსწავლეები და როგორ მიაწოდონ მათ განათლება მათთვისვე გასაგებ ენაზე.

კომპანიამ საქმიანობა დიდ ბრიტანეთში დაიწყო, თუმცა დღეს მომხმარებლები უკვე 50 ქვეყანაში ჰყავს, მათ შორის – საქართველოშიც. Edumentors-ის პლატფორმის დახმარებით ათასობით მოსწავლემ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, წარმატებით ჩააბარა სასკოლო გამოცდები და მოხვდა სასურველ უნივერსიტეტში.

ხელოვნური ინტელექტი და AI-თანამშრომლები

Edumentors-ის განვითარების შემდეგი ეტაპი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ინტეგრაციას უკავშირდება. კომპანიამ უკვე შექმნა მრავალი AI-„აგენტი”, რომლებიც ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობენ და მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით უწევენ მომსახურებას. Edumentors-ის უკვე ხელოვნური ინტელექტის შემდეგი თანამშრომლები ჰყავს:

  • Sara AI – გაყიდვების მენეჯერი, რომელიც დარეგისტრირებულ მომხმარებლებს ურეკავს, ელაპარაკება და მათ პირველ უფასო გაკვეთილს უნიშნავს. Sara კომპანიის გაყიდვების თანამშრომლებს ეხმარება მომხმარებლების მოზიდვასა და მათთან პირველი კონტაქტის დამყარებაში.
  • Sophia AI – მომხმარებლების მხარდაჭერის (საფორთის) აგენტი, რომელიც სხვა თანამშრომლებთან ერთად მომხმარებლებს პასუხობს შეკითხვებზე და მათი მოთხოვნის მიხედვით პლატფორმაზე ცვლილებებს ახორციელებს.
  • Neo AI – პროექტების მართვის ასისტენტი, რომელიც კომპანიის პროდუქტის მენეჯერს ეხმარება ტექნიკური გუნდის მართვასა და რეპორტინგში.

კომპანიის მიერ შექმნილი სხვა ხელოვნური ინტელექტის აგენტებია AI დოკუმენტების შემმოწმებელი, AI ტუტორების ტრენერი და AI საგამოცდო ნაშრომების შემმოწმებელი. ყველა პროექტს Edumentors-ის გუნდი ქმნის, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კონკურენციას უწევენ მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმებს.

Emma — ადამიანის მსგავსი პირველი AIტუტორი მსოფლიოში

AI-ის მიმართულებით Edumentors-ის მთავარი პროექტია Emma. ის ადამიანის მსგავსი პირველი AI-ტუტორია მსოფლიოში, რომელიც მოსწავლეებს რეალურ დროში ესაუბრება, უხსნის სასწავლო მასალას, იყენებს ინტერაქტიულ დაფას და გაკვეთილს ბუნებრივი კომუნიკაციის ფორმატში ატარებს.

Emma-ს კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომპანია მის შექმნაზე თვეების მანძილზე მუშაობდა და დღეს მისი პირველი ვერსია უკვე შექმნილია. Emma ამჟამად დახურული ბეტა-ტესტირების რეჟიმში ფუნქციონირებს. თავდაპირველად სისტემა მათემატიკის სწავლებაზეა ორიენტირებული, თუმცა მომავალში სხვა სასკოლო საგნებიც დაემატება.

Edumentors-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე ასათიანის განცხადებით, შოთა ღვინეფაძის CTO-ს პოზიციაზე დანიშვნა კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის განათლების ონლაინრეჟიმში მიწოდება. ადამიანი-მასწავლებლების დახმარებით Edumentors-მა უკვე ათასობით ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ახლა ჩვენი მიზანია, ეს უფრო ფართო მასშტაბით გავხადოთ შესაძლებელი. შოთას ხედვა და ხელოვნური ინტელექტის სიღრმისეული ცოდნა ისეთი ტექნოლოგიების შექმნაში დგვეხმარება, რომლებიც ხარისხიან განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

შოთა ღვინეფაძე საქართველოში ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის (MACS) ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური აქსელერატორის, A16z Speedrun-ის, ალუმნი CTO გახლავთ. მას 20 წელზე მეტი გამოცდილება აქვს პროგრამული ინჟინერიის, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიმართულებით.

შოთას ხანგრძლივი გამოცდილება აქვს განათლების სფეროშიც. მისი დახმარებით საქართველოში შეიქმნა კავკასიის რეგიონში საუკეთესო მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი – MACS-ი თავისუფალ უნივერსიტეტში. MACS-ის კურსდამთავრებულები, რომლებსაც შოთა თავად ასწავლიდა კომპიუტერულ მეცნიერებებს, მუშაობენ მსოფლიოს ისეთ წამყვან კომპანიებში, როგორებიცაა Google-ი, Facebook-ი, Apple-ი, Amazon-ი და SpaceX-ი.

მისი თქმით, განათლება ის სფეროა, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე დიდი პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

„Edumentors-ის ხედვა ჩემთვის საინტერესო სწორედ იმიტომ გახდა, რომ კომპანია რეალურ საგანმანათლებლო პრობლემას აგვარებს. დღეს უკვე ცხადია, რომ კლასიკური სასკოლო მეთოდი მოძველდა და მოსწავლეებს სჭირდებათ ინდივიდუალური მასწავლებლები, რისი რესურსიც არცერთ ქვეყანას არა აქვს. შემდეგი ნაბიჯია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო მეტმა მოსწავლემ მიიღოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Emma და ის ტექნოლოგიები, რომლებსაც დღეს Edumentors-ში ვქმნით.

Edumentors-მა 2025 წელს მოიზიდა $2.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და მის ინვესტორებს შორის არიან ვენჩერული (VC) ფონდები და ანგელოზი ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის – საქართველოდანაც. 2026 წელს კი კომპანია უფრო დიდი საინვესტიციო რაუნდის მოზიდვას გეგმავს.

კომპანიას დღეს 40-მდე თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც ერთობლივი ძალებით ქმნიან ინოვაციურ მიდგომებს საერთაშორისო განათლების ბაზარზე და ცვლიან განათლების სფეროს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.