გასულ კვირას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა დაგმო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების არათანაბარი განაწილება მსოფლიოს გარშემო და მას ამორალური და ბრიყვული ქმედება უწოდა. გუტერეშმა აღნიშნული შეფასება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გააკეთა. ღონისძიებაზე შეკრებილი ოფიციალური პირები მიმდინარე წლის ბოლოსათვის მსოფლიოს ყოველი ქვეყნის მოსახლეობის 40%-ის აცრას ისახავენ მიზნად. ხოლო 2022 წლის შუაში ეს რიცხვი დაახლოებით 70%-ს უნდა უტოლდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ვაქცინაციის ტემპები ბოლო დროს განვითარებად სამყაროში ძალიან შეფერხდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ცნობით, აფრიკული სახელმწიფოების მოსახლეობის მხოლოდ 5%-ია ჯერჯერობით სრულად აცრილი. მეორე მხრივ კი მაღალ- და საშუალოშემოსავლიანმა ქვეყნებმა უკვე გამოიყენეს მათთვის წარმოებული ვაქცინების 75%.
პანამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი აღნიშნავს, რომ მის რეგიონშიც საკმაოდ სავალალო სიტუაციაა. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი სრულად, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, მაგალითად, კანადის მაჩვენებლებზე.
ამ რეგიონში დაახლოებით 10-მდე ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი 25%-ს უტოლდება, იამაიკაში, ნიკარაგუასა და ჰაიტიში კი ეს მონაცემი 10%-ს ქვემოთაა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გაანალიზებული მონაცემების თანახმად, ამჟამად სამყაროში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სრული უმეტესობა არავაქცინირებულ მოსახლეობაზე მოდის. შესაბამისად, ვაქცინა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს.