ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Tesla-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება წელს იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ნებისმიერი სხვა მილიარდერის. მიუხედავად ამისა, მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და $56-მილიარდიანი სახელფასო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, მისი ქონება შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
Forbes-ის მონაცემებით, ილონ მასკის ქონება გასული წლის 31 დეკემბრიდან 28 ივნისის მდგომარეობით $251.3 მილიარდიდან $221.4 მილიარდამდეა შემცირებული. მასკის სიმდიდრის ვარდნაზე ყველაზე დიდი გავლენა დელავერის მოსამართლის მიერ მილიარდერისთვის Tesla-ს სახელფასო პაკეტზე წვდომის შეზღუდვამ მოახდინა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მილიარდერის ქონება Forbes-მაც დააკორექტირა და იმ აქციების ფასი, რომელიც მასკს უნდა მიეღო, 50%-ით შეამცირა. მიუხედავად 13 ივნისს აქციონერების მიერ მასკისთვის Tesla-ს სახელფასო პაკეტის დამტკიცებისა, Forbes-ი აქციათა ფასს იმავე ნიშნულზე ტოვებს, რადგან დიდი შანსი არსებობს, რომ კომპანიასა და დელავერის სასამართლოს შორის დავა გახანგრძლივდეს.
კომპენსაციის პაკეტის გამოკლებით, მასკის ქონება მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში რამდენჯერმე შეიცვალა. Tesla-ში მასკის 13%-იანი წილის ღირებულება 20 მილიარდი დოლარით შემცირდა, თუმცა ბიზნესმენის წილი $14.4 მილიარდამდე გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-ში. მასკის პორტფოლიოში ასევე შედის $75 მილიარდის ღირებულების წილი SpaceX-ში, $7 მილიარდის ღირებულების სოციალურ მედიაკომპანია X-ში, ასევე აქციები სტარტაპ Neuralink-ში, რომელმაც ადამიანებზე ჩიპების გამოცდა უკვე დაიწყო.
2024 წლის პირველი ნახევარი დიდწილად წარმატებული აღმოჩნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის. Forbes-ის ათი უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონება 2023 წლის ბოლოს $1.47 ტრილიონს შეადგენდა, ივნისის ბოლოსთვის კი $1.66 ტრილიონს მიაღწია. თუმცა, მასკის გარდა, ამ პერიოდში კიდევ რამდენიმე მილიარდერის ქონება შემცირდა.
მათ შორის არის ევროპის უმდიდრესი ადამიანი, LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნო. ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, ფრანგი ბიზნესმენის ქონება, LVMH-ის აქციათა ფასის ვარდნის გავლენით, $200.7 მილიარდიდან $193.8 მილიარდამდე დაეცა. ამავე პერიოდში $105.3-დან $91.4 მილიარდამდე შემცირდა მექსიკის უმდიდრესი ადამიანის კარლოს სლიმ ელუს ქონება. სიაში ვხვდებით ფილ ნაიტსაც, რომლის ქონებაც, Nike-ის აქციების ფასის 4-წლიან მინიმუმამდე დავარდნის შედეგად, თითქმის $10 მილიარდით შემცირდა, ხოლო ქველმოქმედების წყალობით, წლის დასაწყისთან შედარებით $4.7 მილიარდით ღარიბია მაქკენზი სკოტი.
პარალელურად კი, არიან ისეთებიც, რომელთა ქონებაც გასული წლის 31 დეკემბრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველაზე მოგებული წლევანდელ წელს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი იენსენ ჰუანგია. მიმდინარე წელს ჰუანგი $64.1 მილიარდით უფრო მდიდარია. ბოლო მონაცემებით, ის $112.3 მილიარდის ქონებით მსოფლიოს მე-12 უმდიდრესი ადამიანია. ჩიპებისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმმა გავლენა სხვა მილიარდერების ქონების ზრდაზეც იქონია, მათ შორისაა მარკ ცუკერბერგი, რომელიც წლის დასაწყისთან შედარებით $61.5 მილიარდით უფრო მდიდარია, ასევე Dell-ის CEO მაიკლ დელი ($35.8-მილიარდიანი ზრდა), Oracle-ის თავმჯდომარე ლარი ელისონი ($37.7-მილიარდიანი ზრდა) და Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი ($33.1-მილიარდიანი ზრდა).
მილიარდერები, რომელთა ქონებაც წელს ყველაზე მეტით შემცირდა:
- ილონ მასკი – $29.9 მილიარდით ღარიბი
- დიტერ შვარცი – $15.4 მილიარდით ღარიბი
- კარლოს სლიმ ელუ – $13.9 მილიარდით ღარიბი
- ჭონგ შანშანი – $11.3 მილიარდით ღარიბი
- ენდრიუ ფორესტი – $9.5 მილიარდით ღარიბი
- ფრანსუაზ ბეტანკურ მეიერსი – $9.4 მილიარდით ღარიბი
- ფილ ნაიტი – $9.2 მილიარდით ღარიბი
- ჯეიმს რეტკლიფი – $7.5 მილიარდით ღარიბი
- ბერნარ არნო – $6.9 მილიარდით ღარიბი
- ლოუ ტაკ ვონგი – $6.7 მილიარდით ღარიბი