პირველი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ - გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე გიორგი ფხალაძე

პირველი ნაბიჯები დიდი მიზნებისკენ - გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მოსწავლე გიორგი ფხალაძე

STEM-ის ონლაინ სკოლა საქართველოს ბანკის ინიციატივით და კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომელიც STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დღეს ონლაინ სკოლაში 201 მოსწავლე სწავლობს, მათგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას კი საქართველოს ბანკი სწავლას სრულად უფინანსებს.

ბანკის ერთ-ერთი ბენეფიციარია გიორგი ფხალაძე, რომელიც ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მან პროექტის მისაღებ გამოცდაზე მაღალი ქულები დააგროვა და საუკეთესო შედეგის მქონე ბავშვების ათეულში მოხვდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გიორგის STEM-ის სკოლაში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ გავსაუბრებოდით.

„პატარა რომ ვიყავი სულ მინდოდა, გამომგონებელი გამოვსულიყავი და დროის მანქანა შემექმნა. სიმართლე რომ ვთქვა, ეს სურვილი დიდად არ შეცვლილა. ამიტომ, ახლა ვცდილობ, ვისწავლო ყველაფერი, რაც ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება“, – გვიყვება გიორგი.

როგორც ამბობს, უნდა მეცნიერი და გამომგონებელი გამოვიდეს. შესაბამისად, სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ტექნოლოგიები მოსწონს, თუმცა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესიისთვის STEM-ის ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია.

„იმისთვის, რომ მეცნიერი გამოხვიდე, ჩემი აზრით ტექნოლოგიების, მათემატიკის და ინჟინერიის ცოდნაა საჭირო, STEM მიმართულება კი თითოეულ მათგანს მოიცავს“, – განმარტავს გიორგი. შესაბამისად, ის დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ესწრება ონლაინ გაკვეთილებს, აქტიურად ასრულებს დავალებებს და ხშირად უყურებს შემეცნებით ვიდეოებს „youtube-ზე“, რომელიც სწავლის პროცესში ეხმარება.

„STEM სკოლის დავალებებს ყოველთვის ხალისით ვაკეთებ, ჩემი მიზანი ნიშნები არასდროს არის. აქ ვსწავლობ ძალიან საინტერესო საგნებს, რომლებიც, ვფიქრობ, აუცილებლად გამომადგება ცხოვრებაში”, – გვიხსნის გიორგი.

მისთვის ყველაზე საყვარელი საგანი დღეს მათემატიკაა, განსაკუთრებით კი ლოგიკური ამოცანები იტაცებს. ფიქრობს, რომ დასახული მიზნების განსახორციელებლად ბევრი შრომაა საჭირო, ამიტომ ცდილობს, არ გაჩერდეს, დავალებებს ხალისით მოეკიდოს და სირთულეები საინტერესო გამოწვევად აღიქვას.

სწორედ გიორგისა და მისი თანატოლებისთვის განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს საქართველოს ბანკი. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელთა შორისაა „კომაროვის STEM ბანაკი“. STEM ბანაკი მიზნად ისახავს, რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და ნიჭიერი, დაინტერესებული და მიზანდასახული ბავშვებისთვის STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. STEM ბანაკი პირველად 2022 წელს ბაკურიანში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.