გაიცანით ინოვატორი ქალები, რომლებიც ხელოვნების სამყაროს ცვლიან

გაიცანით ინოვატორი ქალები, რომლებიც ხელოვნების სამყაროს ცვლიან

ერთ-ერთი მათგანი, ზაჰა ჰადიდის ოქროსფერ ფეხსაცმელში გამოწყობილი, ტეიტის გალერეას მართავს, მეორე თავის თმას პერფორმანსების ხელოვნების ნიმუშად აღიქვამს… ფემინიზმი ხელოვნების სამყაროს ახალი და საინტერესო ხერხებით იპყრობს.

ინოვატორი: მარია ბალშოუ, ტეიტის გალერეის დირექტორი

როდესაც წლის დასაწყისში გამოცხადდა, რომ მარია ბალშოუ ტეიტის გალერეის პირველი ქალი დირექტორი გახდა, ყურადღების ცენტრში ინსტაგრამზე დაპოსტილი მისი ოქროსფერი თასმებიანი ჩექმა მოექცა. თანამდებობის დაკავებიდან ორი თვის თავზე, მოსკოვიდან ახალი დაბრუნებული, სადაც იგი შემოდგომის გამოფენისათვის თანამედროვე რუსული თემატიკის ნიმუშების დასათვალიერებლად იყო ჩასული, დიზაინერ დურო ოლოვუს ხასხასა პრინტსა და United Nude Nova-ს ოქროსფერ “პლატფორმებში” გამოწყობილი მარია ბალშოუ არანაკლებ თამამად გამოიყურება. “ეს ფეხსაცმელი ზაჰა ჰადიდის დიზაინის ვერსიაა, რომელიც მე ჩემმა ძველმა მეგობარმა – თანამედროვე საიუველირო ნაწარმის კოლექციონერმა და კურატორმა ჯო ბლოკსჰამმა მისაჩუქრა”, – ამბობს მარია.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსგავსი საუბარი მოკრძალებულად ჩაცმულ მის წინამორბედთან – ნიკოლას სეროტასთან შემდგარიყო. ბირმინგემში დაბადებული მარია ზედმეტად ერუდირებული ადამიანია იმისათვის, რომ ტანისამოსის სემიოლოგიაზე ენთუზიაზმით ისაუბროს. “მე მიყვარს ტანისამოსი და ფეხსაცმელი, – ამბობს ბალშოუ. – ის, თუ რა გვაცვია, ბევრს მეტყეველებს ჩვენზე და რას წარმოვადგენთ ამ სამყაროში. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს გაცვეთილი ფრაზაა. ოდნავადაც კი არ ვფიქრობ ასე”. მარია ბალშოუ ბირმინგემში ინგლისის ხელოვნების საბჭოს წევრი იყო, ვიდრე 2006 მანჩესტერის უიტვორტის გალერეის დირექტორად დაინიშნებოდა, სადაც მან £17-მილიონიან რენოვაციას უხელმძღვანელა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის კულტურული სექტორის აღორძინებაში. რამდენადაც ტეიტის გალერეის დირექტორობა მისთვის მხოლოდ “მისაბაძი მოდელის” დონეზეა მნიშვნელოვანი, მარია ბალშოუ კატეგორიულად უარყოფს ამის მიღმა რაიმე გენდერული დატვირთვის არსებობას. პირიქით, იგი თავის კულტურულად ინკლუზიურ ეთოსს აღიქვამს როგორც მისი თაობისათვის დამახასიათებელ ნიშანს.

მას მაგალითად მოჰყავს ბრიტანეთის ხელოვნების სამყაროს ლიდერთა ახალი ტალღის, თავისი თაობის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: სერპენტინის გალერეის აღმასრულებელი დირექტორი – იანა ფილი, Frieze-ს დირექტორი ვიქტორია სიდალი, ხელოვნების ცენტრის Kettle”s Yard-ის დირექტორი ენდრიუ ნაირნე, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის Liverpool Biennial-ის დირექტორი სელი ტალანტი, მიდლსბოროს თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის (Mima) დირექტორი ალისტარ ჰადსონი და ვიქტორია & ალბერტის მუზეუმის (V&A) ხელმძღვანელი ტრისტრამ ჰანტი. “ჩვენციფრულ სამყაროში გავიზარდეთ. თუკი გადახედავთ ჩვენს ბექგრაუნდს, არც ერთ ჩვენგანს არა აქვს ხარისხი ხელოვნების ისტორიაში, უმეტესობას განათლება ინგლისური ენის კუთხით აქვს მიღებული იმ პერიოდში, როდესაც იგი კულტურული კვლევების გავლენის ქვეშ იყო, ანუ ჩვენი თაობის გავლენის ქვეშ”.

მარია ბალშოუს უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია გააგრძელოს ნიკოლას სეროტას დანატოვარი ოთხი წარმატებული ხელოვნების ინსტიტუტის აღმშენებლობა. “ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები დასრულებულია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია, ყურადღების კონცენტრირება ხელოვნებასა და აუდიტორიაზე მოვახდინოთ”, – ამბობს იგი.

მარია ბალშოუს საშემოდგომო გამოფენა მოიცავს რეიჩელ უაიტრედის შთამბეჭდავ რეტროსპექტივას. ეს არის ხელოვანი, რომლის შემოქმედებასაც ბალშოუ დიდი ხანია, პატივს სცემს. ასევე იგეგმება ახლად გაფართოებული Tate St Ives-ის გალერეის გახსნა. არქიტექტორმა ჯეიმი ფობერტმა ოსტატურად გააორმაგა საგამოფენო სივრცე და გალერეის სახურავზე ბაღი გააშენა, საიდანაც ორიგინალური კლაკნილი ჩასასვლელით პირდაპირ სანაპიროზე აღმოჩნდებით.

ინოვატორი: ვიქტორია სიდალი, FRIEZE ART FAIR LONDON-ის, FRIEZE MASTERS-ისა და FRIEZE NEW YORK-ის დირექტორი

სწორედ ვიქტორია სიდალის დამსახურებაა, რომ ლონდონის Frieze-ის საგამოფენო გალერეა 15 წლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. მისი ინოვაციების წყალობით, გალერეა თავის ერთგულ აუდიტორიას მუდმივად სიახლეს სთავაზობს. წელს ყველაზე დიდი სანახაობა, რომელსაც გალერეა წარმოგვიდგენს, გახლავთ The Frieze Sculpture Park-ი; ეს არის ლონდონის რიჯენტ-პარკის ტრანსფორმაცია ხელოვნების გალერეად ღია ცის ქვეშ. მისი გახსნა Frieze London-ისა და Frieze Masters-ის გახსნამდე სამი თვით ადრე იგეგმება. “ამ გარდასახვამ პარკს ახალი სიცოცხლე და საკუთარი იდენტობა შესძინა, – ამბობს ვიქტორია. – პარკში შესვლა უფასო იქნება. აქ მოსული ადამიანები უცაბედად გასაოცარი ხელოვნების ნიმუშების გარემოცვაში აღმოჩნდებიან”.

ამგვარი გადაწყვეტილება სიდალისთვის დამახასიათებელია. სწორედ მას ეკუთვნის ხუთი წლის წინ Frieze London-ის გვერდით თანამედროვე Frieze Masters-ის გახსნის იდეა. და ეს არ გახლავთ სრული ჩამონათვალი იმ ინოვაციების, რომელთაც ვიქტორია სიდალი გვთავაზობს: თუკი გასული წლის ყველაზე დიდი ჰიტი ნიკოლას ტრემბლის კურატორობით ორგანიზებული გამოფენა “1990-იანები” იყო (“ოდნავ ნოსტალგიური, მაგრამ ამავდროულად თანამედროვე, რადგან იგი ხაზს უსვამდა იმ განვლილი ათწლეულის მნიშვნელობას”, – ამბობს ვიქტორია), 2017 წლის მთავარი ჰიტი პროვოკაციული სახელწოდების გამოფენა Sex Work-ი იქნება, რომელსაც დამოუკიდებელი კურატორი ელისონ ჯინჯერასი აწყობს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1970-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების რადიკალური ფემინისტი ხელოვანების ჯუდიტ ბერნშტაინის, რენატა ბერტლმანის და მერილინ მინტერის ნამუშევრები. “ეს ის არტისტები არიან, რომელთა ნამუშევრებიც იმ პერიოდში არც ერთ მუზეუმსა თუ გალერეაში არ გამოიფინებოდა. მათი ნამუშევრები ხშირად პოლიტიკური პროტესტის ფორმას ატარებდა, რაც ამჟამად ასე რელევანტურია”.

გალერეის მიღმაც ვიქტორია სიდალი მთლიანად არის ჩაფლული ხელოვნების სამყაროში, მისი პარტნიორი ფრანსუა შანტალა ტომას დეინ გალერეის მფლობელია და მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უყვარს კარგად ჩაცმა, ბუტიკზე ხშირად მას რომელიმე ხელოვნების გალერეაში თუ იპოვით. “ყველა ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც გალერეებთანაა დაკავშირებული. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გალერეის ინტერესებია, რადგან მათ ჩვენამდე ხელოვნება მოაქვთ”. თეთრ მაისურსა და Céline-ის დახვეწილ ტანისამოსში გამოწყობილი ვიქტორია სიდალი Frieze-ის მუდამ გიჟური სამუშაო გრაფიკის დროსაც კი სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ხელოვნების მიმართაც მისი გემოვნება ისეთივე კლასიკურია, როგორიც ტანისამოსის შერჩევისას. მან ახლახან თავის პირად კოლექციას სესილი ბრაუნისა და ელა კრუგლიანსკაიას კიდევ რამდენიმე ესკიზი შემატა. “არ შეიძლება ფანქრისა და ფურცლის უკან დამალვა. არსებობს ხაზი, რომელიც თანამედროვე მხატვარს ეგონ შილესთან ან მიქელანჯელოსთან აკავშირებს”.

კურატორი: ბეატრის სენ-ლორანი, გალერეა BSL-ის დამფუძნებელი

“ზოგჯერ არც კი იცი, რა მასალისაგან არის გაკეთებული ექსპონატი, ვერც იმას ხვდები, დამაინტრიგებელია ის, თუ პირიქით შემაშფოთებელი, ჩემთვის მთავარია, მან დამატყვევოს და გამაოცოს, – ასე აღწერს ბეატრის სენ-ლორანი პარიზის გალერეა Saint-Germain-des-Prés-სათვის ექსპონატების შერჩევის პროცესს. – ჩემი გალერეისათვის შერჩეული ნამუშევარი თანაბრად უნდა ესაუბრებოდეს გულსა და ინტელექტს”.

2010 წელს გალერეა BSL-ის დაარსების შემდეგ ბეატრის სენ-ლორანს წამყვანი ადგილი უკავია თანამედროვე საკოლექციო ექსპონატების ბაზარზე. სენ-ლორანი არქიტექტორის ქალიშვილია და მიუხედავად იმისა, რომ დიზაინი ყოველთვის მისი ცხოვრების თანამდევი იყო, 2000 წელს ის უკვე გატაცებაზე ბევრად მეტი გახდა მისთვის. “ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო,- იხსენებს იგი. – მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნებისა და დიზაინის პავილიონი PAD-ი უკვე არსებობდა, იშვიათად შეხვდებოდი გალერეას, სადაც ‘ფუნქციონალური სკულპტურა” იყო გამოფენილი. მე კი ამაში დიდი შესაძლებლობები დავინახე”.

სენ-ლორანის პირველი შოუ მოიცავდა ესპანელი დიზაინერის ნაჩო გარბონელის სკამების სადებიუტო კოლექციას. “ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული”, – სენ-ლორანი იხსენებს, თუ როგორ ნახა პირველად ნაჩო გარბონელის ნამუშევრები 2009 წელს Design Miami/Basel-ის გამოფენაზე. ბეატრის სენ-ლორანი დღესაც ნაჩო გარბონელის წარმომადგენელია. “ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ხელოვნების შექმნის პროცესში და საკმაოდ დიდ ინვესტიციას ვახორციელებთ ამაში”, – ამბობს იგი. გალერეა BSL-ის პორტფოლიო მრავალფეროვანია: დაწყებული პია მარია რედარის ავეჯის კოლექცია ‘Sea Anemone”-თი, დამთავრებული ტაჰერ ჩემირიკის ნახევრად ძვირფასი ქვებისა და სპილენძისაგან შექმნილი ნაკეთობებით. სენ-ლორანისათვის კრიტერიუმი, რომელიც ყველა ამ ექსპონატს აერთიანებს არის ის, რომ მათ მნახველის გაოცება უნდა შეძლონ.

მომავალ თვეს ხელოვნებისა და დიზაინის პავილიონ PAD- ის გახსნაზე ყველაზე გამორჩეული ექსპონატები სავარაუდოდ იქნება Studio MVW-ის ვარდისფერი ნეფრიტისა და სპილენძისაგან შექმნილი კოლექცია სახელწოდებით ‘JinShi”. ჩვენ მას ვკითხეთ, თუ რით აპირებდა იგი, თავად ყოფილიყო ყველასაგან გამორჩეული ამ ღონისძიებაზე, მისი სამარკო ნიშანი ხომ Chanel-ი, Valentino და Prada-ა. “ყოველთვის მაღალი ქუსლები, – სიცილით მპასუხობს სენ-ლორანი, – და ყოველთვის შავი ფერის ტანისამოსი. ადამიანებმა დაუყოვნებლივ უნდა შეძლონ თქვენი იდენტიფიცირება”.

კრეატიული: ჯული ვერჰოვენი, ხელოვანი

“თავადაც კარგად ვიცი, რომ შუახნის შეშლილი ხელოვნების მასწავლებელივით გამოვიყურები, მაგრამ შინაგანად თავს ძალიან თამამ და თანამედროვე ქალად ვგრძნობ”, – ასე გულწრფელად აღწერს საკუთარ სტილს ილუსტრატორი, მხატვარი და პროვოკატორი ჯული ვერჰოვენი.

48 წლის ვერჰოვენი ასევე გულწრფელად ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ბალანსის პოვნას დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობასა და ისეთ კომერციულ პროექტებს შორის, როგორიც არის, მაგალითად, მისი თანამშრომლობა Marc Jacobs-სა და Louis Vuitton-თან. “იდეალურ სამყაროში ალბათ მხოლოდ საკუთარ საქმეს მივხედავდი და ასე გავიტანდი თავს, მაგრამ ასეთი მსხვერპლის გასაღებად ჯერ მზად არ ვარ, – ამბობს ვერჰოვენი. – ისეთი პროექტები, როგორიც არის, მაგალითად, წელს ბრიტანული ბრენდი Miller Harris-ის სუნამოს საშობაო შეფუთვის დიზაინი, ყოველთვის ფეხის წვერებზე მაყენებს და მივყავარ იქ, სადაც თავად ვერასოდეს გავრისკავდი წასვლას. ჩემი ხელოვნება ამ სამყაროს პასუხობს და სწორედ ამიტომმჭირდება ორივე”.

ამ ეტაპზე ვერჰოვენი უპირატესობას პერფორმანსსა და ვიდეოხელოვნებას ანიჭებს. გასულ წელს Frieze-ს გამოფენისათვის მან პორტაბელური საპირფარეშო გარდაქმნა ინოვაციურ პერფორმანსად სახელწოდებით ‘The Toilet Attendant… Now Wash Your Hands” (საპირფარეშოს გამცილებელი… ახლა კი ხელი დაიბანეთ), სადაც ვინილისა და გინგჰემის ტანისამოსში გამოწყობილი თავად ვერჰოვენი და მისი “თანამშრომლები” იღებდნენ მონაწილეობას. პერფორმანსის დეკორაციად ვერჰოვენმა გაფორმებული ფეკალია და დალიანდაგებული პლასტმასის უნიტაზის ხუფი გამოიყენა.

“მე ძალიან მომწონს პერფორმანსების ტრენდი ხელოვნებაში – ის ხომ კოსტიუმირებული შოუს მოწყობის საბაბს გვაძლევს, – ამბობს ვერჰოვენი. – პერფორმანსები ბოლო პერიოდში ნაკლებად პოლიტიკურია და მე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის უხერხულობის შეგრძნება, რომელიც მას თან ახლავს”.

ვერჰოვენს მიაჩნია, რომ მისი ექსცენტრული გარეგნობა, რომელიც Marimekko-ს, Laura Ashley-ს და Louis Feraud-ს საქველმოქმედო მაღაზიებში მოაგროვა და ასევე პიტერ ჯენსენისა და ემა გრინჰილის აქსესუარები, მისი ხელოვნების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. და მართლაც, ასაკთან ერთად მისი “კამუფლაჟიც” ვითარდება. “სტილისტების ჯონ ვიალისა და ტრეისი ჰაის წყალობით ჩემი თმა ერთგვარი ‘შინაური ცხოველიც” კი გახდა ჩემთვის. კრეატიული თვალსაზრისით მე დიდ სიამოვნებას მგვრის თმა, თმის ფერი კი ჩემი ემოციების, კეთილდღეობისა და შემოქმედებითი პროდუქტიულობის კატალიზატორია”, – ამბობს ვერჰოვენი.

კოლექციონერი: ვალერია ნაპოლეონე, ფილანთროპი და ქალ შემოქმედთა დიდი ქომაგი

ცნობილი კოლექციონერი და ფილანთროპი ვალერია ნაპოლეონე ამჟამად ორ სახლს შორის არის გახლეჩილი. ნაპოლეონე ოჯახთან ერთად ლონდონის უბან კენსინგტონში ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, ხოლო მისი ოცნების სახლი ჯერჯერობით მშენებლობის პროცესშია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დროს კოლექციონერთა უმეტესობა საკუთარ ნივთებს საწყობში მოათავსებდა, ვალერია ნაპოლეონემ თავისი მხოლოდ ქალი შემოქმედების ნამუშევრებისაგან შემდგარი კოლექცია, მათ შორის ჭაღები, ჩამოხსნა და მათ სუნთქვის საშუალება მისცა. მისი სასტუმრო ოთახი გავსებულია ხელოვნების გალერეის შესაფერი არტისტების საკოლექციო ნამუშევრებით, დაწყებული ელეინ ლუსტიგ კოენით და დამთავრებული მიქაელა აიჩვალდით.

“საოცარია, რამდენი რამის შეგროვება შეიძლება 20 წლის მანძილზე, – ამბობს იგი თავის 300 ექსპონატისაგან შემდგარ კოლექციაზე. – მსურს, ხელოვნების სამყაროში შევქმნა გუნდი, რომელშიც ქალების ხმები იქნება გაერთიანებული. ჩემი ცხოვრების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მხარი დავუჭირო ხელოვანებს გართობის გზით, ამიტომაც ჩემთვის აუცილებელია წვეულებების სახლში მოწყობა”.

თავისი კოლექციისათვის შეძენილი პირველი ექსპონატები მას 1990-იანი წლების ნიუ-იორკს აგონებს (“როდესაც მე თანამედროვე ხელოვნება აღმოვაჩინე”); და მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექცია ძალზე პირადულია, მისი 17 წლის ვაჟი ფედერიკო და 14 წლის ტყუპები ლეტიცია და გრეგორია ასევე აღფრთოვანებული არიან ამ ნამუშევრებით: “ძალიან მესიამოვნა, როდესაც ჩემმა ვაჟმა მთხოვა, ვანესა ბიკროფტის ფოტო მისი ოთახის კედელზე დამეკიდა”.

ვალერია ნაპოლეონეს შემოქმედებითი გემოვნების ჩამოყალიბებას იტალიაში აღზრდამ შეუწყო ხელი. მისი მშობლები აგროვებდნენ რენესანსის პერიოდის ნამუშევრებს, ხოლო თავად ვალერიას ბავშვობიდან პირადი მკერავი და იუველირი ჰყავდა, რაც მას საკუთარი სტილის ჩამოყალიბებაში დაეხმარა. “ჩემთვის მოდასა და ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი – ოსტატური შესრულებაა”, – ამბობს ვალერია. სამუშაო გარდერობისათვის ვალერია ნაპოლეონე უპირატესობას ანიჭებს ოსმანის მაცდურ კაბებს და ისი მიაკის შარვლებს. მის საყვარელ დიზაინერთა შორის არიან ასევე როკსანდა და პიტერ პილოტო, რომლებთანაც მას მოდის გარდა მხატვარ ფრანსიზ აპრიჩარდის მიმართ დიდი სიმპათია აერთიანებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *