რომელი ქვეყნები გახდებიან გამარჯვებული და რომელი დამარცხებული კორონა-კაპიტალიზმის (პოსტკორონა) მსოფლიოში? – ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებას ნიკა გილაური Forbes Georgia-ს აპრილის თვის ნომერში აქვეყნებს.
„გამარჯვებული იქნებიან ქვეყნები, რომლებიც შექმნიან და განახორციელებენ ყველაზე ეფექტიან ანტიკრიზისულ გეგმას, რათა შეამცირონ ეკონომიკური ვარდნა და ქვეყნები, რომლებიც შემოიღებენ ახალ ანტიკრიზისულ მიდგომებს, უფრო სწაფად და იქნებიან პირველები, რომლებიც ახალ რეალობასთან ადაპტაციას მოახდნენ. ქვეყნები, რომლებიც სწორად გათვლიან, თუ რა უნდა შესთავაზონ ინვესტორებს მომავალ 12-18 თვეში, როდესაც კრიზისი გადავლილი იქნება, მსოფლიო ეკონომიკა კი მნიშვნელოვნად შემცირებული“, – ამბობს ნიკა გილაური და დასძენს, რომ ერთი მხრივ, ბევრი კომპანია გაკოტრდება, მეორე მხრივ კი ბევრ ინვესტორს ექნება თავისუფალი ფინანსური რესურსი, თუმცა ნულოვანი ან ნეგატიური საპროცენტო განაკვეთით.
„გარდა ამისა, ბევრ ქვეყანაში გაჩერდა საწარმოები, რომლებმაც დაარღვიეს მიწოდების ჯაჭვი, ან უბრალოდ ფინანსურად ვერ გაუძლეს არსებულ კრიზისს. აქედან გამომდინარე, ზოგ განვითარებად ქვეყანას გაუჩნდება შანსი, მოიზიდოს როგორც ახალი ინვესტიციები (დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო), ასევე უკვე არსებული, აწყობილი საწარმოების თავის ტერიტორიაზე გადმოტანას შეუწყოს ხელი. შესაბამისად, უფრო დიდი ყურადღება მიექცევა განვითარებად ქვეყნებში არსებულ ბიზნესგარემოს – გამარტივებულ რეგულაციებს, საგადასახადო რეჟიმებს და სხვა.
კრიზისის შედეგად, ქვეყნები შესაძლოა უფრო ძლიერები, უფრო მნიშვნელოვანი როლით წარმოჩნდნენ. ამის გასაკეთებლად, ახალი რეალობა საჭიროებს ახალ ხედვას, ახალ ინიციატივებსა და შესაბამის იმპლემენტაციას“, – ამბობს გილაური.
რაც შეეხება საქართველოს, გილაურის მოსაზრებით, „თუ პროცესები ისე წარიმართა, როგორც აქ იყო აღწერილი (რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია და ჯერ კიდევ ბევრი რამე შეიცვლება უახლოეს თვეებში), მაშინ მართლა ვიქნებით დიდი ეკონომიკური გადაწყობის მომსწრენი“.
„თუ აქამდე ჩინეთი და მისი მსგავსი ქვეყნები ნაკლები პოლიტიკური რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლებოდნენ (პოლიტიკური სტაბილურობის გამო) და ამიტომ ინვესტორთა მიმზიდველობაც მაღალი იყო, ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად გამოჩნდა, რომ ასეთი ტიპის ქვეყნები ადვილად მალავენ ინფორმაციას, არ არიან ტრანსპარენტულები, შესაძლოა არ აცხადებდნენ იმ საშიშროებებს, რაც უკვე იციან და პოლიტიკური მიზნების გამო დამატებითი რისკი შეიძლება შეუქმნან ინვესტორებსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც. ასევე ქვეყნები, რომლებიც ამ კრიზისის დროს განსაკუთრებულ რეგულაციებს შემოიღებენ კაპიტალის გატანაზე, მოგების რეპატრიაციაზე და სხვა, აუცილებლად გაიუარესებენ საინვესტიციო მიმზიდველობას ამ კრიზისის გადავლის შემდეგ (მაგალითისთვის, რუსეთის მთავრობამ უკვე შემოიღო ქვეყნიდან კაპიტალის გატანაზე დამატებითი 15%-იანი გადასახადი, რათა შეამციროს ქვეყნიდან მყარი ვალუტის გადინება).
შესაბამისად, სავარაუდოდ გაიზრდება ასეთი ქვეყნების რისკის ფაქტორი და ღია, ტრანსპარენტული, დემოკრატიული ქვეყნების მიმზიდველობა ამაღლდება როგორც ინვესტორებისთვის, ასევე საერთაშორისო დონორებისთვის. ამ შემთხვევაში საქართველოს ეძლევა შანსი, გამოჩნდეს უფრო კონკურენტუნარიანი ბევრ ქვეყანასთან შედარებით, თუ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ღია და დემოკრატიული სახელმწიფოს გარკვეული სტანდარტები.
მსოფლიოში მხოლოდ შვიდ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. ესენია : ისლანდია, ჩილე, პერუ, სინგაპური, სამხრეთი კორეა, შვეიცარია და საქართველო. ამ ქვეყნებს შორის საქართველო საკმაოდ კონკურენტუნარიანად გამოიყურება როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე ბიზნესის კეთების ხარჯის თვალსაზრისით (დანახარჯები მუშახელზე, მშენებლობაზე, გადასახადები და სხვა).
გარდა ამისა, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები თურქეთთან, ჰონკონგთან, EFTA-ს ქვეყნებთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩინეთიდან საწარმოების გამოტანა და ახალი ინვესტიციებისთვის ჩინეთი და რუსეთი მიუღებელი იქნება, სავსებით რეალურია ასეთი ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის შანსი.
რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო არ ვიქნებით ამ ბაზარზე. ინვესტიციების დიდი ნაწილი ასეთი გადათამაშებისას უმეტესწილად ევროკავშირსა და აშშ-ში წავა, თუმცა მცირე მოცულობები მაინც გადანაწილდება სხვა ქვეყნებზე (და ამ შემთხვევაში „მცირე” პირობითია და შესაძლოა რამდენიმე ათობით მილიარდ დოლარსაც გულისხმობდეს).
ამ სიტუაციაში საქართველოს ძირითადი კონკურენეტები იქნებიან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები (მაგალითად, უკრაინა, ყაზახეთი), ასევე თურქეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები. კონკურენცია დიდი იქნება, თუმცა სწორი რეფორმების ეფექტიანად გატარებისა და კარგი პოზიციონირების შედეგად შესაძლოა მოგვეცეს სრულიად ახალი ინდუსტრიების განვითარების შანსი, რასაც ახალი ტექნოლოგიები და ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვება.
ისევე როგორც თურქეთის თხილის ბაზრის „გაუმჭვირვალობამ“ და დაკავშირებულმა რისკებმა საქართველოს 13 წლის წინ მისცა შანსი სრულიად „მოულოდნელად“ თხილის ექსპორტიორი გამხდარიყო, ხოლო ბევრ ქართველ ფერმერს სარჩო-საბადებელი მოეპოვებინა.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, 2021 წელს, სავარაუდოდ, ბევრ კომპანიას და პოტენციურ ინვესტორს დიდი რაოდენობის ნაღდი ფული დაუგროვდება, რომლის საპროცენტო განაკვეთი ნულთან ახლოს იქნება. ამერიკის ფედერალურმა ბანკმა, ინგლისის ბანკმა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ისეთ დაბალ დონეზე დასწიეს განაკვეთები და დაიწყეს Quantitative easing (ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ფულის ბეჭდვა), რომ ეს პროცესი კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, რაც, დიდი ალბათობით, გამოიწვევს განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციებსა და დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების თითქმის განულებას (შესაძლოა უარყოფითი საპროცენტო განაკვეთიც კი იყოს, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ 2009 წლის კრიზისის შემდეგ).
ამ ფონზე ინვესტორებისთვის მცირე, მაგრამ დადებითი საპროცენტო განაკვეთიც კი საკმარისი იქნება ამ თანხების ნაწილის განვითარებად ქვეყნებში ჩასადებად – საბანკო დეპოზიტებზე და სხვა ტიპის ფასიან ქაღალდებში. ამ ვითარებაში ის ქვეყნები იხეირებენ ყველაზე მეტად, რომელთა ეკონომიკური კლიმატი, რეგულაციები და პოტენციური ზრდის ტემპი იქნება მეტად მისაღები ინვესტორთათვის. 2010 – 2011 წლებში სწორედ ასეთი ტიპის ინვესტიციები აღმოჩნდა მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ტრანსფორმაციისთვის (2009 წლის მე-2 კვარტალში -9-პროცენტიანი ვარდნა გვქონდა, 2010 და 2011 წლები კი, შესაბამისად, ეკონომიკის +6.4 და +7.2-პროცენტიანი ზრდით დავასრულეთ).
ასევე, 2010 და 2011 წლებში მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლიც (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა). დიდი ალბათობით ახლაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენს რეგიონში სწორედ ეს ორგანიზაციები ითამაშებენ.
თუმცა ამჯერად, გარდა კრედიტების გამოყოფისა, ალბათ სხვა ფორმულებიც უნდა შევთავაზოთ საფინანსო ორგანიზაციებს, როგორიცაა კაპიტალით თანამონაწილეობა ინვესტიციებში, PPP პროექტებში გარანტორის როლის შესრულება (რაც შეამცირებს კერძო ინვესტორისთვის რისკს და, შესაბამისად, გაზრდის დაინტერესებულ ინვესტორთა რაოდენობას).
ასევე მნიშვნელოვანი იქნება, თუ შევძლებთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩავრთოთ კერძო სექტორის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში. ეს ინსტრუმენტი უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ბანკებისთვის, ისინი ისედაც უკვე ახორციელებენ ასეთ ტრანზაქციებს, არამედ სხვა ტიპის კომპანიებისთვის – მაგალითად, სამშენებლო, ენერგეტიკული, დიდი ქსელის მქონე სავაჭრო ან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა ამ კომპანიებმაც შეძლონ ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რადგან მაღალი მოთხოვნა და დაბალი პროცენტი სწორედ პორტფელურ ინვესტიცებზე იქნება 2021 წელს და არა პირდაპირ ინვესტიციებზე.
რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, აქ საქართველოს ალბათ მოუწევს ინვესტიციების დროებითი დოლარიზაციის ფორმულის შემოღება, სადაც ინვესტიციის ნაწილი დოლარში იქნება დაზღვეული სხვადასხვა PPP ფორმულით, რომლის თანამონაწილეც სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უნდა გახდნენ.
დაბოლოს, 2021 წელს, როგორც კი ახალი კორონავირუსის ვაქცინა იქნება შექმნილი და უკვე ხელმისაწვდომი, აუცილებლად მოხდება საფონდო ბაზრების მყისიერი ცვლილება.
დღეს საქართველოს სუვერენული ევრობონდები 7-8 %-ში ივაჭრება და ამ ფონზე რაიმე დამატებითი ევრობონდების გამოშვება ალბათ არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ვაქცინის გამოშვების შემდეგ საერთაშორისო ბაზრები სრულიად შეიცვლება და განვითარებული ქვეყნების დაბალპროცენტიანი სესხების ფონზე საქართველოს 2-3%-იანი სესხიც ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა იყოს. ამ გზით შესაძლებელი იქნება 1 მილიარდი დოლარის მოზიდვა, მაგრამ ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დასაწყებია და 2020 წელი გადასალახი.
რომ შევაჯამოთ, დიდი გამოწვევებისა და დიდი შესაძლებლობების ორი წელი გვაქვს წინ. როგორ გამოვალთ ამ გადანაწილებიდან – განგრძობადი ეკონომიკური კრიზისით, თუ რეგიონის ახალი ეკონომიკური ლიდერის სტატუსით – მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული (არავის სცალია ჩვენთვის, რომ ან ხელი შეგვიშალოს, ან პროვოკაციები მოგვიწყოს). ასეთი შესაძლებლობები ბევრჯერ არ მოგვეცემა და დიდი სურვილი მაქვს, საქართველო აქედანაც გამარჯვებული გამოვიდეს“, – ფიქრობს ნიკა გილაური.