განაჩენთა ერთობლიობით, სააკაშვილს თავისუფლების 12 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა

განაჩენთა ერთობლიობით, სააკაშვილს თავისუფლების 12 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა

დღეს, 17 მარტს გამოცხადებული განაჩენის თანახმად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა.

უშუალოდ ზემოხსენებულ საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. ვინაიდან მას ჯამში უკვე ჰქონდა 9-წლიანი პატიმრობა მისჯილი, მოსამართლის განმარტებით, „განაჩენთა ერთობლიობით, მიხეილ სააკაშვილს ძირითადი სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლითა და 6 თვის ვადით“.

ამის გარდა მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა სამ საქმეზე აქვს მისჯილი. პირველი განაჩენი 2018 წლის 6 იანვარს, ბრალდებულის დაუსწრებლად გამოცხადდა. მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამწლიანი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის ცემის საქმეზე მიესაჯა. კერძოდ მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და მათთვის სასჯელის განახევრებისთვის. ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებდა.

ამავე წლის ივნისში სააკაშვილს, ასევე დაუსწრებლად, ექვსწლიანი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებაში ედებოდა.

კიდევ ერთი განაჩენი მესამე პრეზიდენტს მიმდინარე წლის 12 მარტს გამოუტანეს, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვის საქმეზე. ამ შემთხვევაში მას 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

დღეს მიღებული განაჩენის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა 2034 წლის 1-ელ აპრილამდე მოუწევს.