გასულ წელს მასკის Starlink-ის შემოსავალმა $1.4 მილიარდს მიაღწია

გასულ წელს მასკის Starlink-ის შემოსავალმა $1.4 მილიარდს მიაღწია

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2022 წელს SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტსერვის Starlink-ის შემოსავალმა $1.4 მილიარდს მიაღწია. WSJ-ის მონაცემებით, მასკის კომპანიის შემოსავალი 2021 წლის $222 მილიონთან შედარებით, შესაბამისად, $1 მილიარდზე მეტითაა გაზრდილი. დოკუმენტებზე დაყრდნობით, გასულ წელს Starlink-მა თანხებიც დაკარგა, თუმცა 2023 წლის პირველი სამი თვე შედარებით მოგებიანი აღმოჩნდა.

მიუხედავად წლიურად შემოსავლების $1 მილიარდზე მეტით ზრდისა, Starlink-ის შედეგები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მოლოდინს მაინც ჩამორჩება. 2015 წლის პრეზენტაციაში, რომელიც მაშინ ინვესტორებს წარედგინათ, მასკის ფირმამ 2022 წლისთვის, ინტერნეტსისტემით $12 მილიარდამდე შემოსავლისა და $7 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება ივარაუდა. თავდაპირველ მოლოდინს ჩამორჩება აბონენტთა რაოდენობაც: 2022 წლის ბოლოს Starlink-ს მილიონზე მეტი აქტიური აბონენტი ჰყავდა, 2015 წლის პრეზენტაციაში კი, ამ პერიოდისთვის, 20 მილიონი მომხმარებელი იყო პროგნოზირებული.

შეგახსენებთ, Starlink-ის ბეტა ვერსია 2020 წელს გაეშვა. ინტერნეტსისტემა ათასობით სატელიტისგან შემდგარ გლობალურ ქსელს იყენებს და მომხმარებელს, მსოფლიო მასშტაბით, ინტერნეტით უზრუნველყოფს. Starlink-ი SpaceX-ის შემოსავლების უდიდეს ნაწილს გამოიმუშავებს. კოსმოსური და სატელიტური ინდუსტრიის ანალიზის ფირმა Euroconsult-ის პროგნოზით, 2023 წელს, ინტერნეტი კომპანიის შემოსავლის 40%-ს, შესაბამისად $3.2 მილიარდს შეადგენს.

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ძირითადად Tesla-სა და SpaceX-ის აქციების წყალობით, მასკი $267.6 მილიარდის ქონებას ფლობს.