გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას, ევროკავშირმა „გერმანიის მწვანე გათბობის სქემა“ დაამტკიცა, რომელიც €3-მილიარდიანი ღირებულებისაა და როგორც გერმანიას, ასევე თავად ორგანიზაციას კლიმატის ცვლილებების მიზნების მიღწევაში დაეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კი ინდოეთმა მიიღო, რომელმაც მართალია 1 წლით გვიან თუმცა მაინც, ემისიების ახალი მიზნები დაამტკიცა. „ეროვნულად განსაზღვრული წვლილი“(NDCs) ინდოეთს, 2005 წლის დონესთან შედარებით, ქვეყნის მშპ-ის ემისიების ინტენსივობის 45%-ით შემცირებას ავალდებულებს.

აღსანიშნავია, რომ მდიდარმა ქვეყნებმა „კლიმატური დაფინანსების“ მიზნის შესრულება კვლავ ვერე შეძლეს, რაც ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად $100-მილიარდიანი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. იქიდან გამომდინარე, რომ მდიდარი ქვეყნები მსოფლიო ემისიების უმეტეს ნაწილზე არიან პასუხისმგებელნი და ღარიბ ნაწილზეც ნეგატიურად მოქმედებენ, დაპირების შესრულება მათ შორის ნდობის აღსადგენად აუცილებელია.

ამ ყველაფრის პარალელურად კი, ხანძრის კერები ევროპის მასშტაბით კვლავ აქტიურად მძვინვარებს და რეკორდული მოცულობის ტერიტორიაზე ვრცელდება. მაშინ, როდესაც ტიპური ხანძრების პერიოდის ჯერ მხოლოდ ნახევარი გავიდა, ევროპის ქვეყნების ნაწილი კვლავ ხანძრის საფრთხის წინაშე დგას.

ევროკავშირმა, 3-მილიარდიანი „გერმანული მწვანე გათბობის სქემა“ დაამტკიცა

ევროკომისიამ, განახლებადი ენერგიისა და გათბობის პროგრამების მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობის €3-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა. კომისიის განცხადებით, სქემის მიღება გერმანიასა და ევროკავშირს კლიმატის ცვლილებების მიღწევაში დაეხმარება.REUTERS/Yves Herman

€2.98 მილიარდი ევროს ღირებულების სქემა, 2028 წელს, მთავრობის გრანტების საშუალებით მწვანე ენერგეტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. გერმანიის მთავრობის გეგმით, 2028 წლამდე, ქვეყანაში ახალი გათბობის ქსელები უნდა დამონტაჟდეს, რომლებიც მინიმუმ 75%-ით განახლებად ენერგიასა და ნარჩენ სითბოზე იმუშავებს

კომისიის განცხადებით, გერმანიის სქემა ევროკავშირის წესებს შეესაბამება, რომელიც ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ სახელმწიფო დახმარება „აუცილებელი და შესაბამისი“ იყოს. ევროკავშირის ამ მოთხოვნის გარეშე, დიდი ალბათობით, მაღალი საინვესტიციო საჭიროებისა და დაბალი შემოსავლის გამო, მსგავსი ინვესტიციების განხორციელება არც კი განიხილებოდა.

ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ზომებით გერმანია, გათბობის სექტორში, განახლებადი ენერგიისა და ნარჩენი სითბოს წილის ზრდას შეძლებს, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდება ემისიების რაოდენობა. გერმანიის სქემით, წელიწადში, 681 მეგავატი განახლებადი სითბოს გამომუშავება და პროექტების საინვესტიციო ხარჯების 40%-ის დაფარვა იგეგმება.

მდიდარმა ქვეყნებმა, „კლიმატის დაფინანსების“ მიზნის მიღწევა ვერ შეძლეს

მდიდარმა ქვეყნებმა „კლიმატის დაფინანსების“ დაპირება კვლავ ვერ შეასრულეს, რაც ღარიბი ქვეყნებისთვის კლიმატის კრიზისთან გასამკლავებლად $100-მილიარდიანი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამის შესახებ, ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) განაცხადა.

REUTERS/Stephane Maheჯერ კიდევ 2009 წელს, განვითარებულმა ქვეყნებმა, 2020 წლისთვის, დაუცველი სახელმწიფოებისთვის ყოველწლიურად $100 მილიარდის გადარიცხვის პირობა დადეს. ბენეფიციარებში იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ზარალდებიან კლიმატის ცვლილებებითა და მის შედეგად გამოწვეული კატასტროფებით.

OECD-ის ინფორმაციით, სინამდვილეში, 2020 წელს, განვითარებულმა ქვეყნებმა ბენეფიციარებს მხოლოდ $83.3 მილიარდი გადასცეს, რაც მიზანს $16.7 მილიარდით ჩამორჩება. ფინანსები მოლაპარაკებების მტკივნეულ ნაწილად იქცა, ღარიბი ქვეყნები კი აცხადებენ, რომ დაბინძურების შეკავებას დახმარების გარეშე ვერ მოახერხებენ. თავის მხრივ, მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები, გამომუშავებული ემისიების უდიდეს ნაწილზე არიან პასუხისმგებელნი, რაც ღარიბ ნაწილზეც უარყოფითად აისახება.

„ღია საზოგადოების ფონდების“ კლიმატური მიმართულების დირექტორი თვლის, რომ მდიდარი ქვეყნების მხრიდან ვალდებულების შესრულება სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენისთვის აუცილებელი წინაპირობაა. დაგნეტის განცხადებით, $100 მილიარდი ის თანხაა, რაც მოწყვლად სახელმწიფოებს რეალური საჭიროებების დასადგენად სჭირდებათ.

ინდოეთმა კლიმატის ცვლილებების დასაძლევად, ემისიების ახალი მიზანი წარადგინა

ინდოეთმა, ნახშირბადით რიგით მესამე უმსხვილესმა დამბინძურებელმა, პლანეტის დათბობის გამონაბოლქვის შესამცირებლად მიზნები საბოლოოდ დაამტკიცა. ცნობისთვის, განახლებული ვალდებულებისთვის გაეროს მიერ მიცემული ვადა ინდოეთს, ერთ წელზე მეტია რაც ამოეწურა.

REUTERS/Anushree Fadnavis/File Photoთუმცა, გასულ კვირას, ინდოეთის ფედერალურმა კაბინეტმა ემისიების შემცირებისთვის ახალი დაპირებები, „ეროვნულად განსაზღვრული წვლილი“(NDCs), დაამტკიცა. პრემიერმა ნარენდრა მოდიმ, აწ უკვე დამტკიცებული მიზნები ჯერ კიდევ გასულ წელს, გლაზგოში გამართულ კლიმატის მოლაპარაკებებზე გაასაჯაროვა. ცნობისთვის, ახალი NDC-ი ინდოეთს, 2005 წლის დონესთან შედარებით, ქვეყნის მშპ-ის ემისიების ინტენსივობის 45%-ით შემცირებას ავალდებულებს. NDC-ის თანახმად, მიზანი მომავალ შვიდ წელიწადში უნდა შესრულდეს.

ამ ყველაფერთან ერთად, კი ინდოეთი ენერგიის მოთხოვნილების ნახევარზე მეტის დაკმაყოფილებას, 2030 წლისთვის განახლებადი წყაროებიდან გეგმავს. მთავრობის განცხადებით, წმინდა ნულოვანი ემისიების მიღწევის თარიღად 2070 წელი განიხილება, მაშინ, როდესაც კლიმატოლოგები, კრიზისთან გასამკლავებლად ოპტიმალურ თარიღად 2050 წელს ასახელებენ.

2015 წლის გაეროს პარიზის შეთანხმებით, მხარეები ყოველ ხუთ წელიწადში, კლიმატური მიზნების განახლების ვალდებულებას იღებენ. გარდა ამისა, ქვეყნებს შეთანხმებით მეტად ამბიციური გეგმების წარდგენაც ევალებათ. ინდოეთი, რომელიც ემისიებით მხოლოდ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს ჩამორჩება, მსოფლიოს ხუთ უმსხვილეს დამბინძურებელთაგან ბოლოა, რომელმაც ახალი სამიზნეები წარადგინა.

გამოძიება: Toyota-ს ფილიალი 2003 წლიდან ემისიების შესახებ მონაცემებს აყალბებდა

კომპანიის მიერ დაკვეთილი კვლევით დადგინდა, რომ იაპონური Toyota Motor Corp-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ფილიალი, გარკვეულ ძრავებზე ემისიების შესახებ მონაცემებს, სულ მცირე 2003 წლიდან აყალბებდა. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ემისიების შესახებ მონაცემებს Toyota-ს შვილობილი კომპანია, სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების მწარმოებელი Hino Motors-ი აყალბებდა.

იურისტებითა და კორპორაციული მრჩევლებით დაკომპლექტებული კომიტეტი, მიმდინარე წელს, Hino-ს მიერ მონაცემების გაყალბების აღიარების შემდგომ შეიქმნა. გაყალბებული მონაცემები ძირითადად 4-ცილინდრიანი ძრავის გამონაბოლქვსა და საწვავის მუშაობასთანაა დაკავშირებული. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ კომპანიის მენეჯმენტში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „წარსულში მიღწეული წარმატებების სიდიდე ხელს უშლის კომპანიას მათი საქმიანობის ობიექტურად შეფასებაში. შედეგად, კომპანია იმდენად ცუდად ორგანიზებული გახდა, რომ პერსონალი ვერც კი აღიარებს თუ რისი გაკეთება არ შეუძლია.“

Hino-ს პრეზიდენტმა სატოში ოგისომ ჟურნალისტებთან ბოდიშიც მოიხადა და პირობა დადო, რომ მენეჯმენტი პასუხისმგებლობას სერიოზულად მოეკიდება. მისივე განცხადებით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით მას Toyota -ს პრეზიდენტიც დაუკავშირდა, რომელმაც Hino-ს ქმედებას ყველა დაინტერესებული მხარისადმი ნდობის ღალატი უწოდა. თავის მხრივ, Hino-მ, მომავალ სამ თვეში კორპორაციული მართვის ახალი სისტემის შემუშავება დააანონსა.

ავტომწარმოებლის ინფორმაციით, კომიტეტმა ფალსიფიკაციის მტკიცებულებები აღმოაჩინა, რომელიც სულ მცირე 2003 წლიდან თარიღდებოდა. Hino-მ 2017 წლის აპრილიდან მიმდინარე წლის მარტამდე წარმოებული დაახლოებით 47,000 მანქანა უკან გაიწვია, დამატებით კი 20,900 მანქანის გამოწვევას გეგმავს.

Toyota Hino-ს 50,1%-ს ფლობს. სამშაბათს Hino-ს აქციები თითქმის 10%-ით დაეცა.

ევროპაში ტყის ხანძრებმა, რეკორდული სიდიდით მეორე ტერიტორია გადაწვა

ევროკავშირის ერთობლივი კვლევითი ცენტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, ევროპაში ხანძრების შედეგად რეკორდული სიდიდით მეორე მოცულობის ტერიტორია გადაიწვა. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, რეგიონში ტიპური ხანძრის სეზონის მხოლოდ ნახევარი გავიდა.

REUTERS/Florion Gogaმასობრივი ხანძრები წელს ათობით ევროპულ ქვეყანას შეეხო, რამაც მოსახლეობის იძულებითი ევაკუაცია, საცხოვრებელი სახლებისა და ბიზნესების განადგურება გამოიწვია. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი კვლავ საფრთხის ქვეშაა. ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2022 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში ტყის ხანძრებმა 600,731 ჰექტარი გადაწვა. ტყის ხანძრების შედეგად ტერიტორიის გადაწვის რეკორდული მაჩვენებელი კი, 987,844 ჰექტარი, 2017 წელს დაფიქსირდა.

მიმდინარე წელს დამწვარი ტერიტორია, სიდიდით ორჯერ აღემატება ლუქსემბურგს. გარდა ამისა, არც ერთ სხვა წელს, აგვისტოს თვისთვის, ევროპაში მსგავსი სიდიდის ტერიტორია არ გადამწვარა. ზოგადად, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, ტიპური ხანძრის სეზონი, ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება.  სამხრეთ ევროპაში, ზაფხულობით, ტყის ხანძრები ხშირია, თუმცა უფრო მაღალი ტემპერატურა ხანძრის კერების ჩრდილოეთისკენ გადაადგილებას უწყობს ხელს. შედეგად, მიმდინარე წელს, დაზარალებულთა შორის გერმანია, სლოვენია და ჩეხეთი არიან.

კლიმატის ცვლილება, ცხელი და მშრალი პირობების შექმნით, აძლიერებს ტყის ხანძრებს და ხელს უწყობს მის სწრაფ და ინტენსიურ გავრცელებას. უფრო ცხელი ამინდი მცენარეულობისგან ტენიანობას აშორებს და მას მშრალ საწვავად აქცევს.

გასულ წელს, ონლაინ-შოპინგის ზრდასთან ერთად, Amazon-ის ემისიები 18%-ით გაიზარდა

Covid-19-ის პანდემიამ ელექტრონული კომერციის კომპანიებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, გასულ წელს, უმეტესწილად ონლიანვაჭრობაზე მომატებული მოთხოვნის გამო, Amazon-ის ნახშირბადის გამონაბოლქვი 18%-ით გაიზარდა.

Amazon-ის მიერ წარდგენილი მდგრადობის წლიური ანგარიშის თანახმად, კომპანიის საქმიანობით 2021 წელს, 71.54 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი გამოიყო, რაც 2020 წლის მონაცემებს 18%-ით, ხოლო 2019 წელს 40%-ით აღემატება. ცნობისთვის, Amazon-მა ემისიების შესახებ მონაცემების გასაჯაროება სწორედ 2019 წელს დაიწყო.

მოთხოვნის ტალღამ Amazon-ს მიწოდების ფურგონების, თვითმფრინავებისა და სატვირთო მანქანების ქსელის გაფართოებაც აიძულა. შეკვეთების ნაკადის დასამუშავებლად, სწრაფ ტემპში გაიხსნა ახალი საწყობებიც. პანდემიის შედეგად კომპანიების ქლაუდ ტექნოლოგიაზე გადასვლაც დაჩქარდა, რის გამოც Amazon-მა ვებ-გვერდის მხარდასაჭერად მონაცემთა ცენტრებიც დაამატა.

Amazon-მა მისი „კლიმატის დაპირება“ 2019 წელს წარადგინა. გეგმის ფარგლებში, ელექტროკომერციის გიგანტი 2040 წლამდე ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევის ვალდებულებას იღებს. გარდა ამისა, კომპანიამ Rivian Automotive-დან მიწოდებების უზრუნველსაყოფად, 100,000 ელექტროფურგონიც შეიძინა. Amazon-მა $2-მილიარდიანი ვენჩურული კაპიტალის ფონდიც დააარსა, რომელსაც ნაწილობრივ კლიმატის თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირებისა და მდგრადობის მიზნების მიღწევისთვის გამოიყენებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *