საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ივნისში 229.5%-ით გაიზარდა

საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ივნისში 229.5%-ით გაიზარდა

საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ივნისში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 229.5%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის სწრაფი ტემპების გამო, 76.2%-ით გაიზარდა მთლიანი ტრაფიკიც. აღნიშნული მაჩვენებელი ახლა პანდემიამდელი პერიოდის 70.8%-ს შეადგენს. IATA-ს განმარტებით, ეს მეტწილად მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების დამსახურებაა.

რაც შეეხება ადგილობრივ ტრაფიკს, ის 2022 წლის ივნისში 5.2%-ით გაიზარდა და 2019 წლის მაჩვენებლის 81% შეადგინა. ამის მიზეზი კი ჩინეთსა თუ სხვა დიდ სახელმწიფოებში კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა გახლავთ.

IATA-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ორწლიანი კარანტინებისა და შეზღუდვების შემდეგ, ხალხი თავისუფლებით ტკბება და მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ამიტომ, საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნა კვლავ დიდია.

საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო ასოციაციის პროგნოზით, 2022 წელს გლობალური ავიახაზები ზარალს 9.7 მილიარდ დოლარამდე შეამცირებენ. 2023 წლისთვის კი შესაძლოა მოგებაც მიიღონ.

ყველაზე დიდი აღდგენის ტემპები აზია-წყნარი ოკეანის ავიახაზებთან ფიქსირდება. 2022 წლის ივნისში ტრაფიკი ამ რეგიონში 492%-ით გაიზარდა. მეორე ადგილზე აღდგენის ტემპების მაჩვენებლით ახლო-აღმოსავლური ავიახაზები იმყოფება. რაც შეეხება ევროპას, აქ საჰაერო მიმოსვლა ივნისში 234%-ით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *