გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე“ სიახლეები

გასულ კვირას SolarPower Europe-მა უახლესი ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, 2022 წელს ევროკავშირმა რეკორდული 41.5 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 12.4 მილიონი სახლის ენერგიით უზრუნველყოფისთვისაა საკმარისი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანალიზით, ევროკავშირს, რუსული გაზის დეფიციტის კომპენსაციისთვის, 2023 წელს ამ გზით დაახლოებით 60 გიგავატი ენერგიის მიღება სჭირდება. SolarPower Europe-ის პროგნოზით, სწრაფი და მიზანმიმართული მხარდაჭერით, ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

გარდა ამისა, გასულ კვირას ევროკავშირმა გერმანიის განახლებადი ენერგიის €28-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა, რომელიც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების სწრაფ ზრდას ისახავს მიზნად. ამასთან ერთად კი, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მასობრივი გადაშენების საფრთხემ 195 ქვეყანა აიძულა ბიომრავალფეროვნების გეგმა შეეთანხმებინა, რომელიც 2030 წლისთვის ხმელეთისა და წყლის მინიმუმ 30%-ის დაცვასა და აღდგენას უზრუნველყოფს. შეთანხმება ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ COP15 გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციაზე მონრეალში იქნა მიღწეული.

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთაც გასულ წელს ყველაზე დიდი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟეს

ინდუსტრიული ჯგუფის, SolarPower Europe-ის ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის მასშტაბით, 2022 წლის განმავლობაში, მზის დახმარებით გამომუშავებული ენერგიის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ევროკავშირმა წელს რეკორდული, 41.4 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა, რაც 12.4 მილიონი სახლის ენერგიით უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი.

შედეგად, 2022 წელს, ევროკავშირში მზის წყაროსგან მიღებული ენერგიის საერთო სიმძლავრე შარშანდელი 28.1 გიგავატიდან 47%-ით გაიზარდა და 41.5 გიგავატს მიაღწია. ერთ წელიწადში, აღნიშნული განახლებადი წყაროდან ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობები 25%-ით გაიზარდა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანალიზით, ევროკავშირს, რუსული გაზის დეფიციტის კომპენსაციისთვის, 2023 წელს ამ გზით დაახლოებით 60 გიგავატი ენერგიის მიღება სჭირდება. SolarPower Europe-ის პროგნოზით, სწრაფი და მიზანმიმართული მხარდაჭერით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

წელს ევროკავშირში ჯამში ათი სახელმწიფო იყო ისეთი, რომლებმაც მინიმუმ 1 გიგავატი ენერგიის გამომმუშავებელი მზის პანელები დაამონტაჟა. პირველ ადგილზე გერმანიაა, მხოლოდ 2022 წელს 8-გიგავატიანი მაჩვენებლით. მართალია, გერმანია პირველ ადგილს 2000-იანი წლების დასაწყისიდან იკავებს, გასული წლის ენერგიის მაღალმა ფასებმა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის განვითარების უფრო მეტად დაჩქარება გამოიწვია.

გერმანიას მოჰყვება ესპანეთი (7.5 გიგავატი), სადაც მზის პანელების დამონტაჟება 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა. ზრდა მეტწილად სახურავებზე მზის პანელების მატებამ და ენერგოკრიზისმა განაპირობა. პირველ ხუთეულს პოლონეთი (4.9 გიგავატი), ნიდერლანდები (4.0 გიგავატი) და საფრანგეთი (2.7 გიგავატი) ასრულებენ.

REPowerEU-ის გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის განახლებადი ენერგიის 45%-იან ზრდას ისახავს მიზნად. ანგარიში რამდენიმე ძირითად გზასაც გამოკვეთს, რომელთა შესრულებაც მიზნის მიღწევის პროცესს დააჩქარებს. ანგარიშის მტკიცებით, პანელების განსათავსებლად და ელექტროქსელთან დასაკავშირებლად, ევროკავშირს უფრო მეტი კვალიფიციური ტექნიკოსი სჭირდება. შესაბამისი კადრების გადამზადებამ შესაძლოა, ორგანიზაციაში მზისგან ენერგიის გამომუშავების ზრდის ტემპი დააჩქაროს.

SolarPower Europe-ის ანგარიში რეგულაციების სტაბილურობის შენარჩუნებაზეც ამახვილებს ყურადღებას, ხოლო ადმინისტრაციული პროცედურები უნდა გამარტივდეს მზის პანელების დამონტაჟების ზრდის წახალისებისთვის. უნდა გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის ქსელის სტაბილურობა და მზის პანელების ევროპაში წარმოებაც, რათა თავიდან იქნას არიდებული ენერგიის გამომუშავების ზრდისთვის ხელშემშლელი დაბრკოლებები.

ევროკავშირმა გერმანიის განახლებადი ენერგიის 28-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა

ევროკომისიამ განახლებადი ენერგიისთვის გერმანიის მთავრობის €28-მილიარდიანი სქემა დაამტკიცა, რომელიც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენების სწრაფ ზრდას ისახავს მიზნად. პოლიტიკა, რომელიც განახლებადი ენერგიის არსებულ სქემას ცვლის, 2026 წლამდე მოქმედებს და გერმანიის 2030 წლის მიზანს ემსახურება – აწარმოოს ელექტროენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან.

ევროკომისიის განცხადებით, გერმანიის სქემა „აუცილებელი და შესაბამისია“ განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობისა და ემისიების შემცირების გეგმებთან. „გერმანიის განახლებადი ენერგიის 2023 წლის სქემა ელექტროენერგიის შემდგომ დეკარბონიზაციას დაეხმარება“, აღნიშნა ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკის უფროსმა მარგრეტე ვესტაგერმა.

სუფთა ენერგიის წარმოების გაფართოებას საკვანძო მნიშვნელობა აქვს გერმანიის მიზნის მიღწევისთვის, 2045 წლამდე სათბური აირების გამონაბოლქვი ნულოვან ნიშნულამდე შეამციროს და ნაწილობრივ შეავსოს ენერგომომარაგებაში ის უფსკრული, რომელიც რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შეჩერებით წარმოიქმნა.

ევროპის ენერგეტიკულ კრიზისზე ბერლინის პასუხმა ევროკავშირის ქვეყნების ნაწილისგან კრიტიკა დაიმსახურა. სახელმწიფოების შეშფოთება ძირითადად გერმანიის €200-მილიარდიანი სუბსიდიების გეგმას მოჰყვა, რომელიც მომხმარებელსა და ბიზნესის მზარდი ენერგოხარჯებისგან დასაცავად იქნება გამოყენებული. მსგავსი მოცულობის სუბსიდიების შეთავაზებას ქვეყანათა ნაწილი ვერ შეძლებს, რაც მათი აზრით ევროკავშირის ერთიან ბაზარზე კონკურენციის პრინციპებს დაარღვევს.

კომისიის განცხადებით, ბერლინის განახლებადი სახელმწიფო მხარდაჭერა „მინიმუმი საჭიროებით“ შემოიფარგლება და მოიცავს გარანტიებს ევროკავშირის კონკურენციის პრინციპების დარღვევის მინიმუმამდე შესამცირებლად. კომპანიები დახმარების მისაღებად სახელმწიფო ტენდერებში უნდა ჩაერთონ.

COP15-ის ბიომრავალფეროვნების გეგმა 2030 წლისთვის ხმელეთისა და წყლის 30%-ის დაცვას უზრუნველყოფს

მცენარეთა და ცხოველთა სახეობების მასობრივი გადაშენების საფრთხემ 195 ქვეყანა აიძულა ბიომრავალფეროვნების გეგმა შეეთანხმებინა, რომელიც 2030 წლისთვის ხმელეთისა და წყლის მინიმუმ 30%-ის დაცვასა და აღდგენას უზრუნველყოფს. შეთანხმება ორკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ COP15 გაეროს ბიომრავალფეროვნების კონფერენციაზე მონრეალში იქნა მიღწეული.

შედარებით მდიდარი ქვეყნები, 2030 წლისთვის ვალდებულნი იქნებიან დაახლოებით $30 მილიარდი გადაუხადონ წლიურად ღარიბ ქვეყნებს, ნაწილობრივ ბიომრავალფეროვნების ახალი ფონდის საშუალებით, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფარგლებში შეიქმნება. გარემოსდაცვითი ფონდი 30-წლიანი ორგანიზაციაა, რომელიც გარემოსდაცვით საქმიანობებს მხარს უჭერს.

ბიომრავალფეროვნების გეგმით ქვეყნების მხრიდან არსებული საერთაშორისო ვალდებულება უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ $200 მილიარდის ინვესტირებას ითვალისწინებს. სავარაუდოდ დაფინანსების ძირითადი ნაწილი ბუნების დაცვისთვის გამოყოფილი ქვეყნის შიდა ხარჯებიდან მოდის, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს დაფინანსებას ნაციონალური პარკებისა და სოფლის მეურნეობისთვის, ფილანთროპიისა და კერძო კაპიტალისთვის.

ჩინეთი, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა, ოთხი წლის წინანდელი რაუნდის შემდგომ, მოლაპარაკებების თავმჯდომარეა. ასობით ადამიანი საინვესტიციო ინსტიტუტებიდან, ბანკებიდან და ბიზნესებიდან დარეგისტრირდა ღონისძიებაზე დასასწრებად და ითამაშა უჩვეულოდ დიდი როლი COP15-ის წარმართვაში.

მომლაპარაკებლები ადრეულ ეტაპზევე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებმა მათივე კომპანიები უნდა დაარწმუნონ გახდნენ უფრო მეტად გამჭვირვალეები მარეგულირებლებთან, ინვესტორებთან და საზოგადოებასთან. თუმცა, სახელმწიფოების აზრი მოთხოვნის სავალდებულო ხასიათთან დაკავშირებით განსხვავებულია, რის გამოც სიტყვა „სავალდებულო“ საბოლოოდ დოკუმენტიდან სრულად წაიშალა.

ტოკიოში თითქმის ყველა საცხოვრებელზე მზის პანელების განთავსება სავალდებულო ხდება

იაპონიის დედაქალაქის ადგილობრივი ასამბლეის მიერ მიღებული რეგულაცია, ორმოცდაათ მსხვილ სამშენებლო ფირმას, 2,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის სახლების განახლებადი ენერგიის პანელებით აღჭურვას ავალდებულებს. უწყების წარმომადგენლების განცხადებით, ახალი წესი ქალაქს მწვანე ენერგიაზე გადასვლაში დაეხმარება.

„გარდა არსებული გლობალური კლიმატური კრიზისისა, ჩვენ რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებული ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად დასაკარგი დრო არ გვაქვს“, განაცხადა ადგილობრივი ასამბლეის წევრმა რისაკო ნარიკიომ.

ტოკიო მსოფლიოს უდიდესი ქალაქია. ყოველწლიურად, მის თითო მაცხოვრებელზე, საშუალოდ 8.6 ტონა CO2 მოდის. IPCC-ის რჩევით, დეკარბონიზაციის მიზნების მიღწევისთვის, თითოეული პირის მიერ გამოყოფილი ემისიები 2.3 ტონა ნახშირორჟანგს არ უნდა აღემატებოდეს.

ტოკიო იმედოვნებს, რომ უახლოეს ათწლეულებში მნიშვნელოვნად შეამცირებს ემისიების კვალს. ადგილობრივი ხელისუფლება 2030 წლისთვის, 2000 წელთან შედარებით, სათბურის აირების ემისიების განახევრებას, 2050 წლისთვის კი ემისიების ნულოვანი ნიშნულის მიღწევას ისახავს მიზნად.

მიუხედავად ამისა, განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით, ტოკიოს შედეგები არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია. ქალაქში, ამ ეტაპზე, შენობების მხოლოდ 4%-ზეა განთავსებული მზის პანელები, რაც დიდი ალბათობით, ახალი წესის დანერგვასთან ერთად შეიცვლება.

შენობებზე მზის პანელების სავალდებულო განთავსება მომხმარებლების ხარჯებსაც შეამცირებს. 4-კილოვატიანი პანელების დამონტაჟების ხარჯი დაახლოებით 980,000 იენს (6,725 ევრო) უდრის, თუმცა მთავრობის შეფასებით, ეს თანხა, მომავალი 10 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გაყიდვების შემოსავლიდან დაიფარება. 

EU-ს სათბური აირების ემისიები 2008 წლის პიკთან შედარებით 22%-ით შემცირდა

ევროკავშირის სტატისტიკური ოფისის მონაცემებით, ორგანიზაციის სათბური აირების ემისიები, 2021 წელს, 2008 წლის პიკთან შედარებით 22%-ით შემცირდა. უახლესმა ყოველწლიურმა ანგარიშმა, აჩვენა, რომ ევროკავშირის უმსხვილესი დამბინძურებლების ხუთეულმა სრულად გამოყოფილი ნახშირორჟანგის ემისიების დაახლოებით 60% შეადგინა.

ევროკავშირის უმსხვილეს დამბინძურებლებში არიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ესპანეთი. Eurostat-მა ჯამში 64 დამაბინძურებელი ინდუსტრია შეისწავლა, გაერთიანებული ექვს ჯგუფად და დამატებული საყოფაცხოვრებო მოხმარებით. სათბური აირების საერთო ემისია – მათ შორის მეთანი, აზოტის ოქსიდი და ნახშირორჟანგი – 2021 წელს 3.6 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგის ეკვივალენტს შეადგენდა, რაც 2008 წელთან შედარებით 1.01 მილიარდი ტონა CO2-ეკვივალენტით ნაკლებია.

Eurostat-ის მონაცემებით, 2008-2021 წლებში, სათბური აირების ემისიების ყველაზე დიდი ვარდნა, 42% სამთო და კარიერის მოპოვებაში დაფიქსირდა, მას მოჰყვება კომუნალური მომსახურება (-39%), წარმოება და ტრანსპორტირება (-23%) და შინამეურნეობები (-13%). თუმცა, მიმდინარე წელს ლოკდაუნების შემცირებასთან ერთად ეკონომიკური აქტივობები ხელახლა აღდგა, ზაფხულის სიცხეში ჰაერის კონდიციონერების გამოყენებამ იმატა და წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნაც გაიზარდა, რაც 2022 წელს ემისიების რაოდენობის ზრდაზე აისახა.

Eurostat-ის ნოემბრის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, სათბური აირების ემისია მრეწველობასა და შინამეურნეობაში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და ჯამში, 905 მილიონი ტონა CO2-ის ეკვივალენტი შეადგინა.

IEA: ქვანახშირის გლობალური მოხმარება წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარება ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. IEA-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არ დაჩქარება, ქვანახშირის მოხმარება მსგავს დონეზე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

ქვანახშირის გლობალური მოხმარების ზრდაზე განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი მოქმედებს, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდებები კი შეფერხებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ქვეყანათა ნაწილი შედარებით უფრო იაფი ქვანახშირის გამოყენებაზე გადავიდა.

ამას ერთვის გარკვეულ რეგიონებში სიცხე და გვალვა, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა და ჰიდროენერგეტიკის შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება ბირთვულ ენერგიას, მისი წარმოებაც საკმაოდ შემცირებულია, განსაკუთრებით ევროპაში.

IEA-ს წლიური ანგარიში მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარების 1.2%-ით მატებას პროგნოზირებს. შედეგად, მოხმარება პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ ტონას და წინა რეკორდს, რომელიც 2013 წელს დაფიქსირდა. IEA-ის ვარაუდით, ქვანახშირის მოხმარება აღნიშნულ დონეზე 2025 წლამდე შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ ქვანახშირი გლობალური ენერგეტიკული სისტემის CO2 ემისიების უდიდეს წყაროდ დარჩება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ქვანახშირზე მოთხოვნის ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია ინდოეთში (7%), მას კი მოჰყვება ევროკავშირი და ჩინეთი, შესაბამისად 6%-ითა და 0.4%-ით. მიუხედავად ამისა, 2025 წლისთვის, სავარაუდოდ ევროკავშირის ქვანახშირის მოხმარება 2022 წლის დონესთან შედარებით შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *