გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები კულტურის სფეროდან

გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის გლობალურმა შემოსავალმა 1$ მილიარდს გადააჭარბა, მოგვიანებით კი, კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხით, ეს ნიშნული თავად მსახიობმაც გადალახა. გარდა ამისა, ჯონი დეპის წარმომადგენელმა მსახიობის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, ირლანდიაში დაბადებული ფერმწერის, ფრენსის ბეკონის ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე $52.5 მილიონად გაიყიდა. ასევე, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ედ შირანი ცილისწამებისთვის ბრალმდებელი მხარისგან 1 მილიონ ევროს მიიღებს.

მოცემული ბლოგი გასული კვირის განმავლობაში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს აერთიანებს.

„Top Gun: Maverick“-ის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა

ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მონაწილეობით გადაღებული ფილმის, „Top Gun: Maverick“-ის გლობალურმა შემოსავალმა 1$-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა და მოცემული დროისთვის $1.016 მილიარდს შეადგენს. შედეგად, მან კინოსურათს „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ($950.6 მილიონი) გადაუსწრო და 2022 წელს გამოსული ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ „Top Gun: Maverick“-ი გასულ უიკენდამდე უკვე გახდა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. აშშ-ისა და კანადის კინოთეატრების სალაროებიდან ფილმმა ამ დრომდე $530,1 მილიონის შეგროვება შეძლო. აქვე გეტყვით, რომ კინოსურათის ბიუჯეტი 170 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, „Top Gun: Maverick“-ის პრემიერა 28 აპრილს შედგა, საშინაო დებიუტი კი ფილმს 27 მაისს ჰქონდა. მან აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში გამოჩენიდან პირველ უიკენდზე $124-მილიონიანი შემოსავალი მიიღო და აღნიშნული კუთხით მესამე ადგილი დაიკავა. საშინაო დებიუტისას მიღებული შემოსავლის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა ფილმი „დოქტორი სტრეინჯი სიგიჟის მულტივერსში“ ($187,4 მილიონი) , მეორე პოზიციაზე კი – „ბეტმენი“ ($134 მილიონი).

ედ შირანი ცილისწამებისთვის ბრალმდებელი მხარისგან 1 მილიონ ევროს მიიღებს

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შირანმა პოპულარულ მუსიკალურ ჰიტ “Shape of You”-ის საავტორო უფლებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ სასამართლო დავა მოიგო. 21 ივნისს გამოტანილი დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით კი, მოსამართლე ენტონი ზაკაროლიმ მოსარჩლე მხარეს შირანისთვის 916,200 გირვანქა სტერლინგის გადახდა დაავალა, რაც ამ დროისთვის 1 მილიონ ევროს აჭარბებს.

შეგახსენებთ, ედ შირანსა და მისი სიმღერის თანაავტორებს საავტორო უფლებების დარღვევისთვის სამი ჩოკრიმ 2018 წელს უჩივლა. ეს უკანასკნელი შირანის გუნდს თავისი სიმღერის, “Oh Why”-ის გამოყენებაში ადანაშაულებდა “Shape of You”-ის დაწერისას.

ფოტო: usa.firenews

აპრილში გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ ედ შირანს „არც განზრახ და არც ქვეცნობიერად არ დაუკოპირებია“ ჩოკრის სიმღერა. მან ასევე აღნიშნა, რომ სიმღერების ავტორმა წარმოადგინა „სარწმუნო მტკიცებულება“ იმის შესახებ, რომ “Shape of You”-ის შექმნასთან ჩოკრის ტრეკს კავშირი არ ჰქონდა.

ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის თანახმად, ედ შირანი 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი იყო მისი რიგით მესამე ალბომის, „Divide“-ის წყალობით. სწორედ ამ ალბომში შედის ბრიტანელი მომღერლის სინგლი „Shape Of You“.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ შირანმა 2020 წელს Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავების სიაში 23-ე ადგილი დაიკავა. იმ წელს მომღერალმა 64 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.

ჯონი დეპის წარმომადგენელი მსახიობის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Disney ჯონი დეპის „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ დაბრუნებასთან დაკავშირებით მსახიობთან $301-მილიონიან კონტრაქტზე მუშაობდა. როგორც სხვადასხვა გამოცემა იუწყებოდა, ფილმის მეექვსე ნაწილში ჯეკ ბეღურას როლის განსახიერებასთან ერთად კომპანია დეპს Disney+-ის სატელევიზიო სერიალში მონაწილეობასაც სთავაზობდა.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოგვიანებით მსახიობის წარმომადგენელი გამოეხმაურა. მან NBC News-ს განუცხადა, რომ ეს ყოველივე მოგონილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, ჯონი დეპს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლი მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ემბერ ჰერდმა 2018 წელს The Washington Post-ში ოპ-ედი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. უნდა ითქვას, რომ ოპ-ედში ჯონი დეპის სახელი ნახსენები არ არის, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტექსტი სწორედ მას მიემართებოდა.

აგორებული სკანდალის გამო დეპის სამსახიობო კარიერას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მან „კარიბის ზღვის მეკობრეებთან“ ერთად საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი დაკარგა „ჯადოსნურ ცხოველებში“.

აპრილში ჯონი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივლა. როგორც სასამართლო პროცესზე დეპის აგენტმა, ჯეკ უიგჰემმა განაცხადა, მსახიობმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეექვსე ნაწილში როლის ჩამორთმევის გამო $22,5 მილიონი დაკარგა.

1-ელ ივნისს ვირჯინიის შტატის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი ცოლ-ქმრის სამართლებრივ დავაზე ვერდიქტი გამოაცხადეს, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ჰერდმა დეპს ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებით ცილი დასწამა. მას უშუალოდ ყოფილი ქმრისთვის კომპენსაციის სახით $10 მილიონის გადახდა დაევალა. აღსანიშნავია, რომ დეპი ყოფილი ცოლისგან $50-მილიონიან კომპენსაციას ითხოვდა.

თავის მხრივ, ჰერდისთვის $2 მილიონის გადახდა დაევალა ჯონი დეპს, ვინაიდან ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ მისმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა.

ფრენსის ბეკონის ნამუშევარი Sotheby’s-ის აუქციონზე $52.5 მილიონად გაიყიდა

ირლანდიაში დაბადებული ფერმწერის, ფრენსის ბეკონის ნამუშევარი, სახელწოდებით „Study for Portrait of Lucian Freud“ ლონდონში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 52.5 მილიონ აშშ დოლარად (43,3 გირვანქა სტერლინგი) გაიყიდა.

ხელოვნების ნიმუში 1964 წელს არის შექმნილი. ის დიდი ტრიპტიქის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. თითოეულ ტილოზე ბრიტანელი მხატვარი ლუსიენ ფროიდია დახატული, რომელიც ერთ დროს ბეკონის მეგობარი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1980-იანი წლების შუა პერიოდში, მის მტრად იქცა. ამჟამად ერთ-ერთი ტილო იერუსალიმის მუზეუმს ეკუთვნის, მეორე კი კერძო კოლექციაში ინახება.

ფოტო: Sotheby’s

„მოცემული ნამუშევარი ადასტურებს ფრენსის ბეკონის შესაძლებლობებს საღებავებით აღბეჭდოს ემოციები და ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებული სირთულეები“, – აცხადებს Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი ახლახან გაყიდულ ფერწერულ ტილოსთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ლუსიენ ფროიდით შთაგონებული კიდევ ერთი ტრიპტიქი, რომელიც ბეკონმა 1969 წელს შექმნა, 142 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად მან აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის ტიტული მოიპოვა. ახლა ამ სტატუსს ლეონარდო და ვინჩის  ფერწერული ტილო Salvator Mundi“ ატარებს – 2017 წელს ის 450 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ტომ კრუზის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ $1 მილიარდს გადააჭარბა

ამერიკელი მსახიობის, ტომ კრუზის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეგახსენებთ, კრუზმა სამსახიობო კარიერა 1983 წელს, ფილმ „Risky Business“-ში მთავარი როლის შესრულებით დაიწყო. ამის შემდეგ, დაახლოებით ოთხი ათწლეულის განმავლობაში, მსახიობმა ათეულობით კინოსურათში ითამაშა.

ტომ კრუზისთვის ყველაზე წარმატებული ფილმი მაისის ბოლოს გამოსული „Top Gun: Maverick“-ი აღმოჩნდა, რომლის გლობალურმა შემოსავალმაც ახლახან 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს 59 წლის მსახიობის კინოსურათებს შორის საუკეთესო შედეგია. მოცემულ დრომდე კრუზის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსი 2018 წელს გამოსულ „Mission: Impossible – Fallout“-ს ეკუთვნოდა. მისი შემოსავალი 791.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფოტო: Alberto Pezzali

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტომ კრუზმა „Top Gun: Maverick“-ში მონაწილეობისთვის წინასწარ $12,5 მილიონი მიიღო. ამას ემატება ე.წ. „პირველი დოლარის“ 10%-ზე მეტი – ტერმინი აღნიშნავს კინოსტუდიის მიერ შეგროვებულ შემოსავალს, რომელიც მოიცავს კინოთეატრების სალაროებში გაყიდული ბილეთების დაახლოებით ნახევარს, პლუს შემოსავალს ფილმის ჩვენების უფლებებიდან, სტრიმინგის სერვისებიდან, სატელევიზიო ქსელებიდან და ა.შ.

„Maverick“-ის შემოსავლის რეკორდული ზრდის წყალობით, მსახიობმა უკვე 50 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ზრდის ტემპი კვლავ გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, მიმდინარე წელი ტომ კრუზისთვის კარიერაში ყველაზე მაღალშემოსავლიანად იქცეს. ამერიკული გამოცემა Forbes-ის პროგნოზით, კრუზი „Maverick“-ის მეშვეობით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტის გამომუშავებას შეძლებს.

ფილმ „ელვისის“ შემოსავალმა სადებიუტო უიკენდზე $31,2 მილიონი შეადგინა

რეჟისორ ბაზ ლურმანის მიერ პოპულარული ამერიკელი მომღერლის, ელვის პრესლის შესახებ გადაღებულმა ფილმმა, რომელიც ამ უკანასკნელის სახელს ატარებს, სადებიუტო უიკენდზე აშშ-ისა და კანადის კინოთეატრების სალაროებიდან $31,2-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. სპეციალისტების შეფასებით, Warner Bros.-ის კინოსურათისთვის ეს შედეგი არც ისე სახარბიელოა.

ზემოხსენებულის მიუხედავად, „ელვისმა“ გასულ უიკენდზე ჩრდილოეთ ამერიკაში შემოსავლების კუთხით პირველი ადგილი დაიკავა. მან „Top Gun: Maverick“-ს გაუსწრო, რომელმაც გამოშვებიდან რიგით მეხუთე უქმეებზე $29,6 მილიონის შეგროვება შეძლო.

გასათვალისწინებელია, რომ „ელვისის“ ბიუჯეტი 85 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მოცემული დროისთვის, ბილეთების გლობალური გაყიდვებით ფილმმა საერთო ჯამში 60.7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, „ელვისის“ პრემიერა კანის კინოფესტივალზე 25 მაისს შედგა. ბიოგრაფიულ დრამაში ცნობილი მომღერლის როლს ოსტინ ბატლერი და ტომ ჰენკსი ასრულებენ.