გასული კვირა კულტურის სფეროსთვის კვლავ სიახლეებით დატვირთული გამოდგა. სააუქციონო სახლებმა ხელოვნების ნიმუშებისა და ცნობილი ადამიანების ნივთების აუქციონზე გატანის შესახებ არაერთი ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც ცნობილი გახდა, კლოდ მონეს ნამუშევარს “La Mare, effet de neige” მომავალ თვეში Christie’s-ის აუქციონზე 25 მილიონ აშშ დოლარად გაიტანენ, ხოლო პიკასოს მიერ შესრულებულ დორა მაარის პორტრეტს მიმდინარე თვეში ჰონგ-კონგში დაგეგმილ Sotheby’s-ის აუქციონზე – 17.6 მილიონ აშშ დოლარად. აუქციონზე ასევე გამოჩნდება Oasis-ის გიტარისტ ნოელ გალაგერის გიტარა, რომელიც მას ძმამ, როკჯგუფის ფრონტმენმა ლიამ გალაგერმა ურთიერთშელაპარაკებისას დაუმსხვრია.
რაც შეეხება კულტურის სფეროს სხვა სიახლეებს: რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებულმა „ბეტმენის“ შემოსავალმა $750-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა; ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილესთან“ დაკავშირებით, გასული 70 წლის განმავლობაში გამოცემული 70 საუკეთესო წიგნი გამოვლინდა; PEN America-ს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მიანმარმა უფრო მეტი მწერალი და ინტელექტუალი დააპატიმრა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ. მოცემული ბლოგი ბოლო დღეებში კულტურის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ეთმობა.
კლოდ მონეს ფერწერულ ტილოს აუქციონზე $25 მილიონად გაიტანენ
ფრანგი იმპრესიონისტის, კლოდ მონეს ნამუშევარს, სახელწოდებით “La Mare, effet de neige” მომავალ თვეში Christie’s-ის აუქციონზე 25 მილიონ აშშ დოლარად გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ ფერწერულ ტილოს, მის ამჟამინდელ მესაკუთრეებამდე, გერმანიაში მცხოვრები ებრაული წარმოშობის მეწარმე რიჩარდ ზემელი ფლობდა, რომელმაც ნამუშევარი ნაცისტების ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, გერმანიიდან გაქცევიდან მალევე, ფულის შეგროვების მიზნით გაყიდა.
Christie’s-ის სააუქციონო სახლი ფერწერული ტილოს ამჟამინდელ მფლობელებს მისი ყოფილი მესაკუთრის მემკვიდრეებთან შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა.
კლოდ მონეს ფერწერულ ტილოზე საფრანგეთის, კერძოდ კი არჟანტეის ზამთრის პეიზაჟია დახატული. ნამუშევარში თოვლის დნობის პერიოდია ასახული, რის პარალელურადაც გაზაფხულის პირველი ნიშნებიც შეიმჩნევა. აღსანიშნავია, რომ არჟანტეის პეიზაჟებით მონეს გარდა სხვა ფრანგი მხატვრები – ოგიუსტ რენუარი, ედუარ მანე და ეჟენ დელაკრუაც იყვნენ შთაგონებულნი.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აუქციონზე კიდევ ერთი ნახატი გაიყიდა, რომელმაც მფლობელი გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების მოსვლის შემდეგ შეიცვალა. ეს ვინსენტ ვან გოგის მიერ აკვარელით შესრულებული ნამუშევარია სახელწოდებით “Meules de blé”. გასულ წელს ნახატი Christie’s-ის აუქციონზე 35.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი 1913 წელს გერმანიაში მცხოვრებმა ებრაული წარმოშობის მეწარმემ, მაქს მეიროვსკიმ შეიძინა. 1938 წელს მან ნახატი გაყიდა და თანხა ოჯახის ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენა, ვინაიდან აღნიშნულ პერიოდში ებრაელების დევნა დაიწყო.
გასულ წელს მიანმარმა უფრო მეტი მწერალი დააპატიმრა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ
გამოხატვის თავისუფლების დამცველი ჯგუფის ცნობით, გასულ წელს მიანმარმა დარბევის დროს უფრო მეტი მწერალი და ინტელექტუალი დააპატიმრა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ.
PEN America-ს ყოველწლიური აღწერის მიხედვით, რომელიც წერის თავისუფლების ინდექსის გამოთვლას ემსახურება, მიანმარის ხუნტამ 2021 წლის განმავლობაში, საერთო ჯამში, მინიმუმ, ოცი მწერალი და ინტელექტუალი დააკავა, რისი მიზანიც ოპოზიციის გამოსვლების ჩახშობა იყო. ცნობისთვის, საპროტესტო აქციები დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის ძალაუფლების ჩამორთმევას მოჰყვა.
PEN-ის კვლევის მიხედვით, მთლიანობაში, მიანმარი გისოსებს მიღმა მყოფი მწერლებისა და ინტელექტუალების რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა (26). ის მხოლოდ საუდის არაბეთსა (29) და ჩინეთს (85) ჩამორჩება. ამ ქვეყნებში დაკავებები წინა წლებში განხორციელდა და პატიმრები გრძელვადიან სასჯელს იხდიან.
ზოგადად, გასულ წელს მთელ მსოფლიოში, ჯამში 36 ქვეყანაში სულ მცირე 277 მწერალი და ინტელექტუალი იჯდა ციხეში, თავიანთი ნაწერების შინაარსის ან გამოხატვის თავისუფლების გამო, – ნათქვამია PEN-ის ანგარიშში.
მოხსენებაში განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული ირანში მწერლებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. გასული წლის მონაცემებით, იქ აღნიშნული საქმით დაკავებული ოცდაერთი ადამიანი იმყოფებოდა პატიმრობაში, აქედან რვა მხოლოდ 2021 წელს დააპატიმრეს. ანგარიშში საუბარია ბელარუსში გაუარესებულ ვითარებაზეც, სადაც გასულ წელს ციხეში ათი მწერალი და ინტელექტუალი იჯდა.
პიკასოს მიერ შესრულებული დორა მაარის პორტრეტი აუქციონზე გაიყიდება
პაბლო პიკასოს მიერ შესრულებულ ფრანგი მხატვრისა და ფოტოგრაფის, დორა მაარის პორტრეტს მიმდინარე თვეში ჰონგ-კონგში დაგეგმილ Sotheby’s-ის აუქციონზე 17.6 მილიონ აშშ დოლარად გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ პიკასოსა და მაარს თითქმის ათწლეულის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ.
პიკასომ პორტრეტი „დორა მაარი“ 1939 წელს დახატა – პერიოდში, როდესაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე იყო. ნამუშევარი კუბისტურ სტილშია შესრულებული და, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ცეცხლოვანი წითელი ფონი ტილოზე გამოსახული ქალის ხასიათს გამოხატავს. აღსანიშნავია, რომ მაარი პიკასოს მსგავსად პოლიტიკურად აქტიური პიროვნება იყო.
ესპანელმა მხატვარმა მაარის შთაგონებით 1937 წელს, ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი „მტირალი ქალი“ შექმნა.
Sotheby’s-ის ცნობით, პიკასოს ნამუშევრებზე მოთხოვნა აზიაში „ყველა დროის მაქსიმუმზეა“. გასულ წელს მისი ტილოები „Buste de matador“ (1970 წელი) და “Femme Accroupie“ (1954 წელი), ჰონგ-კონგში გამართულ აუქციონებზე, შესაბამისად, 14 და 24.6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს უკანასკნელი პიკასოს ნამუშევრისთვის აზიაში გადახდილი რეკორდული ფასია.
შეგახსენებთ, ვიდრე „დორა მაარის“ აუქციონზე გატანის შესახებ გახდებოდა ცნობილი, Sotheby’s-ის სააუქციონო სახლმა განაცხადა, რომ მაისში პიკასოს ნამუშევრის “Femme nue couchée”-ს გაყიდვა იგეგმება. ფერწერულ ტილოს, რომელზეც მარი-ტერეზ ვალტერია დახატული, აუქციონზე 60 მილიონ აშშ დოლარად გაიტანენ.
„ჯადოსნური ცხოველები 3“-ის საშინაო დებიუტისას მიღებულმა შემოსავალმა $43 მილიონი შეადგინა
ჯოან როულინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულმა ფილმმა „ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებები“ ჩრდილოეთ ამერიკაში დებიუტისას სალაროებიდან 43 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება შეძლო. პანდემიის პირობებში ბილეთების გაყიდვებით მიღებული ეს შემოსავალი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კინოსურათს გასული შაბათ-კვირის სალაროებში ლიდერობა შეენარჩუნებინა. მან ასევე მოიპოვა ჩრდილოეთ ამერიკაში 2022 წლის ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი დებიუტის მქონე ფილმის სტატუსი.
ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნაწილის დებიუტისას გამომუშავებული თანხა „ჯადოსნური ცხოველების“ წინა ნაწილების შემოსავალს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად, 2016 წელს გამოსულმა ფილმმა “ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი”, ჩრდილოეთ ამერიკაში დებიუტისას $74-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. ხოლო 2018 წელს გამოშვებული ფილმის “გრინდელვალდის დანაშაული” ამავე კონტინენტზე დებიუტისას დაახლოებით $62 მილიონის ბილეთები გაიყიდა.
ცნობისთვის, „ჯადოსნური ცხოველების“ პირველი ნაწილის ბიუჯეტი $175–200 მილიონს შეადგენს, სალაროებიდან მიღებული შემოსავალი კი საერთო ჯამში 814 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მეორე ნაწილის გადასაღებად $200 მილიონი დაიხარჯა, მისი ბილეთების გაყიდვებიდან კი მთლიანობაში 654.9 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. რაც შეეხება ახლახან გამოსულ მესამე ნაწილს, ფილმმა მსოფლიო მასშტაბით სალაროებიდან, ბოლო მონაცემებით, 196.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. მის გადასაღებად საერთო ჯამში $200 მილიონი დაიხარჯა.
ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილესთან“ დაკავშირებით, გასული 70 წლის განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების სია გამოქვეყნდა
გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილესთან“ დაკავშირებით, გასული 70 წლის განმავლობაში გამოცემული 70 საუკეთესო წიგნი გამოვლინდა. ჩამონათვალში შესული წიგნები ბიბლიოთეკარების, წიგნის გამყიდველებისა და ლიტერატურის ექსპერტების ჯგუფმა 31 ქვეყნიდან მკითხველთა რეკომენდაციების გათვალისწინებით დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ სიაში ვერ მოხვდა ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ ვერცერთი წიგნი. ასევე, 70 საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში ვერ შევხვდებით ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელს“. როგორც ცნობილია, როულინგის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ საწყის ეტაპზე შერჩეულ 152 წიგნს შორის იყო, თუმცა, როდესაც აქედან სიაში მხოლოდ 70 ნაწარმოები დატოვეს, ის საუკეთესოთა შორის ვეღარ მოხვდა. უნდა ითქვას, რომ ბრიტანელი მწერალი ბოლო დროს კრიტიკის ობიექტად არაერთხელ იქცა, მათ შორის ტრანსფობიური განცხადებებისა და შეხედულებების გამო.
რაც შეეხება გასული შვიდი ათწლეულის 70 საუკეთესო წიგნს, სიაში მოხვდა ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“, არუნდატი როის „წვრილმანების ღმერთი“, იან მარტელის „პის ცხოვრება“ და სხვები.
ცნობისთვის, წიგნებთან და კითხვასთან დაკავშირებული საიუბილეო კამპანია მოიცავს ღონისძიებებსა და აქტივობებს ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, რესურსებით, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მკითხველთა ჯგუფებისთვის გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით.
დამსხვრეული გიტარა, რომელმაც როკჯგუფ Oasis-ის დაშლა გამოიწვია, აუქციონზე გაიყიდება
გიტარა, რომელიც ოდესღაც ბრიტანული როკჯგუფის, Oasis-ის გიტარისტ ნოელ გალაგერს ეკუთვნოდა, მომავალ თვეში პარიზში დაგეგმილ აუქციონზე გაიყიდება. როგორც ცნობილია, ინსტრუმენტი ნოელსა და მის ძმას, ჯგუფის ფრონტმენ ლიამ გალაგერს შორის კამათის დროს დაზიანდა. სწორედ აღნიშნული შელაპარაკება დაედო საფუძვლად ბრიტანული ჯგუფის დაშლას.
ფრანგული გალერეა Artpèges-ის თანახმად, Gibson-ის ფირმის ES-355-ის სახელწოდებით ცნობილი მოდელის წითელი ფერის გიტარას აუქციონზე $540,000-ად გაიტანენ. აღსანიშნავია, რომ Gibson ES-355 ნოელის საყვარელი ინსტრუმენტი იყო. გალერეის ცნობით, ეს გიტარა არაერთ ტურნესა და მუსიკალურ კლიპში გამოჩნდა, მათ შორის Oasis-ის ჰიტ „Don’t Look Back In Anger“-ის პრომო-ვიდეოში.
რაც შეეხება გიტარის დამსხვრევის ისტორიას – რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ჯგუფი 2009 წელს პარიზში ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში კონცერტის ჩასატარებლად სცენაზე გავიდოდა, ძმებ გალაგერებს შორის კულისებში კამათი გაიმართა. შელაპარაკების დროს ლიამმა ნოელის გიტარა დაამსხვრია, რის შედეგადაც ჯგუფმა პერფორმანსი გააუქმა. ამის შემდეგ ნოელმა ჯგუფი დატოვა და განაცხადა, რომ „უბრალოდ, ერთი დღით მეტხანსაც კი ვერ გააგრძელებდა ლიამთან მუშაობას“. აღსანიშნავია, რომ ლიამმა 2011 წელს მიცემულ ინტერვიუში ნოელის გიტარის დამსხვრევის ფაქტი უარყო.
Artpèges-ის ინფორმაციით, დაზიანებული გიტარა ლონდონელმა ფილიპ დუბრეილმა შეაკეთა, რომელიც ისეთი ვარსკვლავების ინსტრუმენტებზე მუშაობდა, როგორებიც არიან ჯეფ ბეკი, იგი პოპი და მარკ რონსონი. Gibson ES-355-ს ნოელის მიერ ხელმოწერილი ავთენტურობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოჰყვება.
ცნობისთვის, მომდევნო თვეში აუქციონზე კურტ კობეინის ელექტროგიტარასაც გაიტანენ, რომელზეც სიეტლში ჩამოყალიბებული როკჯგუფის, „ნირვანას“ ვოკალისტი, გიტარისტი და სიმღერების ავტორი, მუსიკალურ კლიპ „Smells Like Teen Spirit“-ში უკრავს. სააუქციონო სახლ Julien’s Auctions-ის ინფორმაციით, ნივთის საწყისი ფასი $800,000 იქნება.
რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალმა $750-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა
რობერტ პატინსონის მონაწილეობით გადაღებულმა „ბეტმენის“ შემოსავალმა $750-მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა და, ბოლო მონაცემებით, 752 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ კინოსურათის ბიუჯეტი, რომლის რეჟისორიც მეტ რივზია, 185-დან 200 მილიონ აშშ დოლარამდეა.
მოცემული დროისთვის „ბეტმენის“ უახლესი ეკრანიზაცია 2022 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის სტატუსის მფლობელია.
ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში მდებარე „ლინკოლნის ცენტრში“ 1-ელ მარტს შედგა, მსოფლიოს კინოთეატრებში კი რობერტ პატინსონის მიერ განსახიერებული „ბეტმენი“ 4 მარტიდან გამოჩნდა. კინოსურათში პატინსონის გარდა მსახიობები – ზოი კრავიცი, პოლ დანო, ჯეფრი რაიტი, კოლინ ფარელი და სხვები მონაწილეობენ.
ცნობისთვის, კრისტოფერ ნოლანის რეჟისორობით გადაღებული „ბეტმენის“ ეკრანიზაციის შემოსავალმა $373 მილიონი შეადგინა. ფილმში, რომელიც 2005 წელს გამოვიდა, მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. ბევრად წარმატებული აღმოჩნდა „ბეტმენის“ 2008 წლის ეკრანიზაცია. ასევე კრისტიან ბეილის მონაწილეობით გადაღებული „The Dark Knight“-ის შემოსავალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.