გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

გასული ერთი კვირა მეცნიერების სფეროსთვის, კერძოდ კი მედიცინის დარგისთვის სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ისტორიაში პირველად, ექიმებმა გულის დეფექტის მქონე ბავშვს ღეროვანი უჯრედების თერაპიით წარმატებით უმკურნალეს. ასევე გაირკვა, რომ გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი მალარიის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის შესაფასებლად კლინიკურ კვლევას იწყებს. გარდა ამისა, FDA-მ ორი მნიშვნელოვანი მედიკამენტი დაამტკიცა, რომელთა შესახებ დეტალებს მიმოხილვაში გაეცნობით.

მედიცინის დარგში მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოშიც – ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ბაქტერიოფაგების (ფაგების) ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციის პროცესი დაასრულა.

რაც შეეხება კოსმოსის ათვისების მიმართულებას, NASA-მ განაცხადა, რომ მის მიერ მარსზე გაშვებული ლენდერისგან, InSight-ისგან სიგნალს ვეღარ იღებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აპარატმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

წინამდებარე მიმოხილვაში სწორედ აღნიშნულ სიახლეებზე დეტალებს მოგითხრობთ.

ისტორიაში პირველად, ექიმებმა გულის დეფექტის მქონე ბავშვს ღეროვანი უჯრედების თერაპიით წარმატებით უმკურნალეს

ბრისტოლის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა, ღეროვანი უჯრედების თერაპიის დახმარებით, გულის დეფექტის მქონე პირველ ადამიანს წარმატებით უმკურნალეს. პაციენტი ორი წლის ფინლია, რომელიც გულის თანდაყოლილი დაავადებით დაიბადა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ ამჟამად ბრისტოლის უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფი მსგავსი მეთოდით გულის დაავადებების მქონე სხვა ბავშვების განკურნებასაც შეეცდება.

როგორც LiveScience-ი იტყობინება, ფინლის დაბადებიდან ოთხი დღის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა, რათა არტერიების ადგილმდებარეობა ისე შეეცვალათ, როგორც ეს ორგანოს გამართულად ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო. თუმცა 12-საათიანი პროცედურის შემდეგ ფინლის მდგომარეობა და მისი გულის ფუნქცია გაუარესდა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ გადაიყვანეს. რამდენიმე კვირის შემდეგ, პროფესორმა მასიმო კაპუტომ ფინლის მშობლებს კიდევ ერთი თერაპია შესთავაზა: გულში ღეროვანი უჯრედების ინიექცია.

ფოტო: JohnnyGreig/iStock

აღსანიშნავია, რომ პროფესორი კაპუტო ღეროვანი უჯრედების პლასტირის განვითარებაზე მუშაობს, რომლის პაციენტის გულში ჩანერგვა ოპერაციის გზით იქნება შესაძლებელი. პაციენტის ზრდასთან ერთად, თეორიულად, ის გამოცვლას არ საჭიროებს. გარდა ამისა, მკვლევართა განცხადებით, პლასტირი გულის განმეორებით ოპერაციის აუცილებლობის აღმოფხვრის შესაძლებლობასაც იძლევა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფინლისთვის კლინიკური ექსპერიმენტის ფარგლებში ეს პლასტირი არ ჩაუნერგავთ – პაციენტის ორგანიზმში ღეროვანი უჯრედები ინიექციის გზით შეიყვანეს. ოპერაციიდან ორი კვირის შემდეგ ფინლის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ექვსი თვის პაციენტი ექიმებმა სახლში გაწერეს. თუმცა მას ღამით გამართულად სუნთქვაში სპეციალური აპარატი ამ დრომდე ეხმარება.

სპეციალისტები ფინლის მომავალთან დაკავშირებით დასკვნებს ვერ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ პაციენტის მიერ მიღებული თერაპია მის გადასარჩენად ერთადერთი გზა იყო.

NASA-ს მარსის ლენდერმა InSight-მა ფუნქციონირება შეწყვიტა

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებულმა ლენდერმა, InSight-მა ფუნქციონირება შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ InSight-ი სააგენტოსთვის უნიკალურ სამეცნიერო ინფორმაციას დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში აგროვებდა და დედამიწაზე გზავნიდა. მისიის კონტროლზე პასუხისმგებელმა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის (JPL) სპეციალისტებმა ბოლო პერიოდში ლენდერთან დაკავშირება ზედიზედ ორი მცდელობის შემდეგ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზის ენერგიაზე მომუშავე აპარატის ელემენტები დაჯდა. მათი ხელახლა დამუხტვა კი მზის პანელებზე მარსის მტვრის დაგროვების გამო, შეუძლებელი გახდა.

როგორც NASA-ში აცხადებენ, სააგენტო ლენდერისგან სიგნალს დაელოდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასთან კავშირი კვლავ აღდგეს. ცნობისთვის, InSight-ი ბოლოს კონტაქტზე 15 დეკემბერს გამოვიდა.

InSight-ის უკანასკნელი სელფი. ფოტო: NASA

შეგახსენებთ, NASA-მ InSight-ი მარსისკენ 2018 წლის მაისში, რაკეტა Atlas V-ის დახმარებით, ვანდენბერგის კოსმოსური ბაზიდან გაუშვა. აპარატი წითელი პლანეტის ზედაპირზე იმავე წლის ნოემბერში დაეშვა.

InSight-მა, რომლის მთავარი დანიშნულებაც მარსის სეისმურ აქტივობაზე დაკვირვება იყო, ციურ სხეულზე 1,319 მიწისძვრა დააფიქსირა. მათ შორის, ბოლო პერიოდში შეფერხებით მუშაობის მიუხედავად, აპარატმა მეცნიერებისთვის საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. მან 2021 წლის 24 დეკემბერს მარსზე 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩაიწერა, რომელიც პლანეტაზე მეტეორის ჩამოვარდნით იყო გამოწვეული.

მოგვიანებით, მეტეორის დაცემის შედეგად მარსის ზედაპირზე წარმოქმნილი კრატერი NASA-ს კუთვნილმა ორბიტერმა, Reconnaissance-მა დააფიქსირა. სპეციალისტების გამოთვლით, კრატერის სიგანე დაახლოებით 152 მეტრს შეადგენს. მათივე თქმით, ის 10-ჯერ აღემატება წითელ პლანეტაზე ბოლო პერიოდში მეტეორების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერების ზომას.

FDA-მ კომპანია Roche-ის ლიმფომის სამკურნალო თერაპია დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) შვეიცარიული კომპანია Roche Holding AG-ის პრეპარატი Lunsumio დაამტკიცა, რომელიც კიბოს ერთ-ერთი იშვიათი ტიპის, ფოლიკულური ლიმფომის სამკურნალოდ არის შექმნილი.

მარეგულირებელმა გადაწყვეტილება მედიკამენტის ადრეულ და შუა სტადიის კვლევების შედეგებზე დაყრდნობით მიიღო. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატი პაციენტებში კიბოს ნიშნებს აქრობს და მათი უმრავლესობა მკურნალობაზე მინიმუმ 18 თვის განმავლობაში რეაგირებს.

ახლახან დამტკიცებული მედიკამენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი. Roche-ის განცხადებით, მკურნალობის რვა ციკლის კურსისთვის სამყოფი მედიკამენტის ფასი, სავარაუდოდ, დაახლოებით 180,000 აშშ დოლარი იქნება.

ფოლიკულური ლიმფომის ტრანსფორმაცია. ფოტო: onlinelibrary.wiley.com

ცნობისთვის, ფოლიკულური ლიმფომა ლიმფომის ნელა მზარდი ტიპია. ამ სიმსივნის განვითარება სხეულის თეთრ უჯრედებში იწყება, რომელსაც ლიმფოციტებს უწოდებენ.

აღნიშნულ დაავადებას ხშირად, საწყისი თერაპიის შემდეგ, რეციდივი ახასიათებს. როგორც წესი, მისი მკურნალობა ყოველ ჯერზე უფრო რთულდება. შვეიცარიული კომპანიის ცნობით, შეერთებულ შტატებში 2022 წელს ამ ტიპის კიბოს დაახლოებით 13,000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

Roche-ის პრეპარატი კონკურენციას გაუწევს ფოლიკულური ლიმფომის თერაპიებს, რომლებსაც პაციენტებს გერმანული მწარმოებელი Bayer AG (მედიკამენტი Aliqopa), Novartis AG (მედიკამენტი Kymriah) და Gilead Sciences-ი (მედიკამენტი Yescarta) სთავაზობენ.

BioNTech-ი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ კვლევას იწყებს

გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი მალარიის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის შესაფასებლად კლინიკურ კვლევას იწყებს. ამასთან დაკავშირებით მედიკამენტების მწარმოებელმა პარასკევს განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვლევის პირველი ფაზაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები 60 მოხალისე ჩაერთვება, რომლებსაც აღნიშნული დაავადების ისტორია არ აქვთ. ტესტირების მიზანი ვაქცინის კანდიდატის სამი დოზის ზემოქმედების შეფასებაა.

BioNTech-ის საინიექციო პრეპარატი, რომელიც BNT165b1-ის სახელწოდებით არის ცნობილი, ვაქცინის პირველი კანდიდატია გერმანული კომპანიის მალარიასთან ბრძოლის პროექტიდან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება აფრიკაში ვაქცინების საწარმოს გახსნა.

კოღოს ნაკბენით გამოწვეული დაავადება, მალარია ყოველწლიურად დაახლოებით 600,000 ადამიანს იწირავს, მათ უმეტესობას კი აფრიკაში მცხოვრები ბავშვები წარმოადგენენ.

ფოტო: Reuters

მალარიის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯერჯერობით ერთადერთი ვაქცინაა დამტკიცებული. ეს ბრიტანული კომპანია GSK-ის წარმოების Mosquirix-ია. მიმდინარე წელს პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO) მოიწონა, თუმცა დაფინანსების ნაკლებობამ და კომერციულმა პოტენციალმა შეაფერხა GSK-ის შესაძლებლობები, ეწარმოებინა ვაქცინის იმდენი დოზა, რამდენიც საჭიროა.

აქვე გეტყვით, რომ მალარიის საწინააღმდეგო საინიექციო მედიკამენტის შექმნაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც მუშაობენ. ვაქცინის შუა სტადიის კვლევის შედეგები სექტემბერში გამოქვეყნდა.

რაც შეეხება BioNTech-ის ვაქცინას, ის mRNA-ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელსაც კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის საწარმოებლად იყენებს. ეს ტექნოლოგია ადამიანის სხეულს უბიძგებს, გამოიმუშაოს ცილა, რომელიც დაავადების მიმართ ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს.

FDA-მ Acer Therapeutics-ის გენეტიკური დარღვევების სამკურნალო მედიკამენტი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Acer Therapeutics Inc-ის პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც გენეტიკური დარღვევების, უფრო ზუსტად კი შარდოვანას ციკლის დარღვევების (UCDs) სამკურნალოდ არის განკუთვნილი.

დამტკიცების შესახებ წერილში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ნატრიუმის ფენილბუტირატის შემცველი პრეპარატი, შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დამხმარე თერაპია ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის.

ფოტო: Sarah Silbiger/Getty Images

შარდოვანას ციკლის დარღვევა არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც სისხლში ტოქსიკური ამიაკის დაგროვებას იწვევს გარკვეული ფერმენტების დეფიციტის გამო.

Acer Therapeutics-ს მედიკამენტის ხელმისაწვდომობის ვადებისა და ღირებულების შესახებ განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

„ბიოქიმფარმი“ ფაგების ახალ საწარმოს ხსნის

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ბაქტერიოფაგების (ფაგების) ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციის პროცესი დაასრულა. როგორც ირკვევა, პროექტის განხორციელება 17.5 მილიონი ლარი დაჯდა.

„ბიოქიმფარმის“ საწარმო ევროკავშირის GMP სტანდარტების გათვალისწინებით აღიჭურვა და კომპანია უახლოეს პერიოდში შესაბამისი სერტიფიკატის მოთხოვნასაც გეგმავს.

„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელ მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტიანი რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, –განაცხადა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.

„ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიო მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100-წლიან გამოცდილებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *