გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

გასული კვირა კლიმატოლოგების შემაშფოთებელი ინფორმაციით დაიწყო. როგორც ორშაბათს გახდა ცნობილი, ბოლო პერიოდში დედამიწის ორივე პოლუსზე ანომალიური სითბო ფიქსირდება, რაც კლიმატური პროცესების ბევრად უფრო სწრაფ და რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს. მალევე კი მეორე კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც 2021 წელს WHO-ს ჰაერის ხარისხის სტანდარტი მსოფლიოში ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა.

მიუხედავად უარყოფითი ინფორმაციების სიუხვისა, გასულ კვირაში ქვეყნებმა კლიმატურ კრიზისთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. მაგალითად, SEC-მა ახალი წესდება შეიმუშავა, რომელიც აშშ-ში დალისტულ კომპანიებს კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და სათბური აირების ემისიების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას დაავალდებულებს. ხოლო ჩინეთმა, 2025 წლამდე, განახლებად ენერგიაში ინვესტირების ზრდა გადაწყვიტა.

ამ ყველაფერთან ერთად კი „საინტერესოდ“ გაიჟღერა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებამაც, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დასავლური სანქციების გამო კლიმატური მიზნების მიღწევა მნიშვნელოვნად შეჩერდება. ვრცლად გასული კვირის მწვანე სიახლეებს Forbes Green-ი წარმოადგენს.

კლიმატოლოგები: დედამიწის ორივე პოლუსზე ანომალიური სითბო ფიქსირდება

დედამიწის  ორივე პოლუსზე, ბოლო რამდენიმე დღეა, ანომალიური სითბო ფიქსირდება, რაც, მეცნიერთა განცხადებით, კლიმატური პროცესების ბევრად უფრო სწრაფ და რადიკალურ ცვლილებაზე მიუთითებს. კლიმატოლოგების განსაზღვრებით, ტემპერატურული ცვლილებები „უპრეცედენტო“, „ისტორიული“ და „დრამატულია“.

ანტარქტიდაზე ტემპერატურის, საშუალოზე 40°C-ით მაღალი, რეკორდული დონე გასული შაბათ-კვირიდან ფიქსირდება. ბოლო სამ დღეში ყინულის დნობის მატება და  ნორმალურზე 30°C-ით მაღალი ტემპერატურაა არქტიკის სადგურებზეც. ჩვეულებრივ, წლის ამ პერიოდში, ანტარქტიდა „მისი ზაფხულის“ შემდგომ სწრაფად გადადის გაყინვის ფაზაში, ხოლო არქტიკა, დღეების ზრდასთან ერთად, ნელ-ნელა ზამთრის პერიოდიდან გამოდის. შესაბამისად, ორივე პოლუსისთვის, დათბობის მსგავსი მაჩვენებელი უპრეცედენტოა.

კლიმატოლოგების შეფასებით, დედამიწის ორივე პოლუსზე ტემპერატურის სწრაფი მატება კლიმატური კრიზისის გაუარესებაზე მიუთითებს. ამას ერთვის განსაკუთრებით ცხელი ზაფხული აშშ-ში, კერძოდ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით, სადაც ტემპერატურამ 2021 წელს 50 °C-ს მიაღწია. ამჟამად კი, სხვა სადგურებთან ერთად, რეკორდული სითბო რუსულ მეტეოროლოგიურ სადგურ Vostok-ზეც დაფიქსირდა, სადაც მარტის საშუალო -53°C-დან ტემპერატურა -17.7°C-მდე ჩამოვიდა. Vostok-ის სადგური სამხრეთ პოლუსთან სიახლოვით (1.300კმ) და 1983 წელს დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ტემპერატურით (-89.2°C) გამოირჩევა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კლიმატის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვის პირველივე თავში, კლიმატური ცვლილებების სამთავრობათშორისო პანელმა მსოფლიო უპრეცედენტო და უკვე მიმდინარე პროცესების შესახებ გააფრთხილა – რაც მათ შორის პოლარულ დნობასაც მოიცავდა.

საშიშროება ორმხრივია: პოლუსებზე ტემპერატურული მატება იმ ზიანს ასახავს, რომელსაც თავად კაცობრიობა აყენებს კლიმატს და მეორე, დნობამ პოლუსებზე შესაძლოა კასკადური ცვლილებების პროცესი დააჩქაროს და მსოფლიოსთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს. პოლარული ზღვის ყინულის დნობა, განსაკუთრებით არქტიკაში, „მუქი ფერის ზღვის“ წარმოშობას განაპირობებს, რომელიც ჩვეულებრივზე მეტ სითბოს შთანთქავს. ანტარქტიდაზე ყინულის დნობა კი ზღვის დონის მნიშვნელოვან მატებას იწვევს.

2021 წელს WHO-ს ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა

6475 ქალაქში შეგროვებული დაბინძურების მონაცემების თანახმად, 2021 წელს WHO-ს ჰაერის ხარისხის სტანდარტი მსოფლიოში ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. მეტიც, ზოგიერთ რეგიონში კოვიდთან დაკავშირებული განტვირთვის შემდეგ, სმოგიც კი დაბრუნდა.

გასულ წელს გაიდლაინების შეცვლის შემდეგ, ჯანმოს რეკომენდაციით, ჰაერში მცირე და საშიში ნაწილაკების, PM2.5-ის საშუალო წლიური მაჩვენებელი კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აღემატებოდეს. ჰაერში ამგვარი ნაწილაკების დაბალი კონცენტრაციაც კი ჯანმრთელობისათვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

ჰაერის ხარისხის ზედამხედველი შვედური ტექნოლოგიური კომპანიის, IQAir-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აღნიშნულ სტანდარტს 2021 წელს გამოკვლეულ ქალაქთა მხოლოდ 3.4% აკმაყოფილებს. 93 ქალაქში კი ჰაერი რეკომენდებულ დონეზე 10-ჯერ უფრო დაბინძურებულია.

2021 წელს გაუარესდა ინდოეთის საერთო დაბინძურების დონეც და მონაცემების თანახმად, ნიუ-დელი მსოფლიოში კვლავ ყველაზე დაბინძურებული დედაქალაქია. ყველაზე დაბინძურებული ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა ბანგლადეშმა. მეორე, ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე სახელმწიფო კი აფრიკული ჩადი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ 2014 წელს ჰაერის დაბინძურებასთან ომის გამოცხადების შემდეგ, 2021 წლის მონაცემებით, ჩინეთმა ამ სიაში 22-ე ადგილზე გადაინაცვლა. წინა წელს მას ჰაერის დაბინძურებით მე-14 პოზიცია ეკავა.

საქართველოში კვლევა სამ ქალაქში – თბილისში, რუსთავსა და ბათუმში ჩატარდა. მათგან ყველაზე მეტად ჰაერი რუსთავშია დაბინძურებული. ეს უკანასკნელი ყველაზე დაბინძურებულ ქალაქთა შორის 6475 პოზიციიდან 327-ე ადგილს იკავებს, რაც სავალალო მაჩვენებელია. ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ჰაერი კი საქართველოს ჩამოთვლილი ქალაქებიდან ბათუმშია.

აშშ-ის ახალი კანონმდებლობა კომპანიებს ემისიების შესახებ მონაცემების გასაჯაროებას ავალდებულებს 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა ახალი წესდება შეიმუშავა, რომელიც აშშ-ის სიაში შესულ კომპანიებს კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და სათბური აირების ემისიების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს.

REUTERS/Jonathan Ernst

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) კანონპროექტით, კომპანიები მონაცემებს მათი როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ემისიების შესახებ გამოამჟღავნებენ, რომლებიც ცნობილია Scope 1 და Scope 2 ემისიების სახელით. გარდა ამისა, კომპანიები ვალდებულნი ხდებიან მათი მიმწოდებლებისა და პარტნიორების მიერ გამომუშავებულ ემისიებზეც (Scope 3 ემისიები) გამოაქვეყნონ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მატერიალურია ან შედის კომპანიის მიერ დადგენილ, ემისიებთან დაკავშირებულ რაიმე მიზანში.

SEC-ის მიერ შემუშავებული კანონმდებლობა გარკვეულწილად დააკმაყოფილებს ინვესტორების მოთხოვნას. ინვესტორებს სურთ, მუდმივად ფლობდნენ ინფორმაციას იმ გავლენის შესახებ, რომელსაც კლიმატური ცვლილება მათ მიერ ინვესტირებული კომპანიების ფინანსურ საქმიანობაზე ახდენს. წესდება ასევე დაავალდებულებს კომპანიებს, გაასაჯაროონ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული „ფაქტობრივი და სავარაუდო მატერიალური ზემოქმედება“, რომელიც მათ ბიზნესს, სტრატეგიასა და პერსპექტივებს ემუქრება.

იმ კომპანიებს კი, რომლებმაც ემისიების შემცირებასთან ან წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მიზნები დაისახეს, მოუწევთ დეტალების წარდგენა მიზნების მიღწევის ხერხებისა და ვადების შესახებ. ახალი წესები ძალაში ეტაპობრივად, 2024-დან 2026 წლამდე, შევა. მცირე ფირმებს SEC-ის კანონმდებლობა არ შეეხებათ.

რუსეთი: დაწესებული სანქციები ქვეყანაში ნახშირბადის ემისიების შემცირების პროცესს შეაჩერებს

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ვარაუდით, უკრაინის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები, ქვეყანაში 2050 წლისთვის დასახული მიზნების შესრულებას ხელს მნიშვნელოვნად შეუშლის. სადამსჯელო სანქციებმა აქტივების გაყინვა, „ფუფუნების“ საგნების იმპორტის შეჩერება, საჰაერო სივრცის დახურვა და Nord Stream 2-ის გაზსადენის შეჩერება მოიცვა.

Canva

ეროვნული გაზეთის, „კომერსანტის“ ინფორმაციით, სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომელიც გადასახადების შემცირებით, სანქციების ფონზე, რუსეთის ენერგოსექტორის მხარდაჭერას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ენერგოკომპანიებს უფლება ექნებათ, არ გადაიხადონ დივიდენდები და მათი 2021 წლის შემოსავალი ინვესტიციებისთვის გამოიყენონ. ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ წელს რუსეთმა ნახშირბადის ემისიების შემცირების სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც 2050 წლისთვის სათბური აირების წინდა ემისიის 1990 წლის დონესთან შედარებით 80%-მდე, ხოლო 2019 წლის დონის 60%-მდე შემცირებას ისახავდა მიზნად.

თუმცა რუსეთის 2021 წელს მიღებული ენერგოსტრატეგია 2035 წლამდე წიაღისეული საწვავის მოპოვებაზე, მოხმარებასა და დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტზეა ფოკუსირებული. გარდა ამისა, 2030 წლიდან 2050 წლამდე სატყეო სექტორიდან და მიწის გამოყენებიდან ნეგატიური ემისიების განზრახ გაორმაგება 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის მთავარი იარაღია.

ჩინეთი, 2025 წლამდე, განახლებად ენერგიაში ინვესტირებას აძლიერებს

2025 წლამდე ჩინეთი განახლებადი ენერგიის გამომუშავების ზრდას გეგმავს, თუმცა სამომავლო გეგმებში ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებას კვლავ წინა ფლანგზე აყენებს. ჩინეთის მთავრობის განცხადებით, კლიმატური მიზნების მიღწევის პირობებში, ენერგოუსაფრთხოების დასაბალანსებლად სუფთა საწვავისა და წიაღისეული საწვავის კომბინაცია მნიშვნელოვანია.

AP Photo

ჩინეთი ნედლი ნავთობის წლიურ მოპოვებას 200 მილიონ ტონაზე შეინარჩუნებს, ხოლო 2025 წლამდე, ბუნებრივი აირის წარმოებას 230 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდის. არსებული გეგმებით, 2025 წლისთვის არაწიაღისეული საწვავის წილმა მთლიანი ენერგიის მეხუთედი უნდა შეადგინოს, რაც 16%-ით მაღალია 2020 წლის მონაცემებზე. გარდა ამისა, მკაცრად გაკონტროლდება მძიმე მრეწველობაში ქვანახშირის გამოყენება.

2021-2025 წლებში ქვანახშირზე მომუშავე სიმძლავრის დაახლოებით 30 გიგავატი ეტაპობრივად გაუქმდება. 2025 წლამდე ქვეყანა 380 გიგავატი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრისა და 70 გიგავატი ბირთვული სიმძლავრის დამონტაჟებასაც გეგმავს. გარდა ამისა, ჩინეთს 2025 წლისთვის სურს, ქვეყანაში დაახლოებით 50.000 წყალბადის საწვავზე მომუშავე მანქანა ჰყავდეს და წლიურად 200,000-მდე ტონა მწვანე წყალბადი  აწარმოოს.

ჩინეთი მსოფლიოში სათბური აირებით უმსხვილესი დამბინძურებელია. ჩინეთის პროგნოზით, ქვეყანაში ნახშირბადის ემისიების პიკი 2030 წლისთვისაა მოსალოდნელი, 2060 წლამდე კი ქვეყანა ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწევს. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩინეთის მიზნობრივი თარიღი ბევრად დაგვიანებულია.

თურქეთის ქვანახშირის მაღაროების მზის ენერგიის ფერმებად გადაქცევა 7 მილიონ სახლს ელექტროენერგიით მოამარაგებს

ახალი ანგარიშის თანახმად, თურქეთის ქვანახშირის მაღაროების დაახლოებით ნახევარს მზის ენერგიის ფერმად გარდაქმნის პოტენციალი აქვს. წარმოებული ენერგია ქვეყნის მზის ენერგიის სიმძლავრეს 170%-ით გაზრდის და ელექტროენერგიით დაახლოებით 7 მილიონ სახლს მოამარაგებს.

Europe Beyond Coal

Europe Beyond Coal-ის ცნობით, თურქეთში ქვანახშირის მაღაროები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ კლიმატსა და ადამიანების ჯანმრთელობას. ამჟამად თურქეთის სათბური ემისიების მეოთხედი ქვანახშირზე მოდის, ქვანახშირი კი ყველაზე ბინძურ წიაღისეულ საწვავად ითვლება. ქვანახშირი გლობალური ტემპერატურის ზრდის უდიდესი წყაროცაა.

თურქეთის მაღაროების მზის ენერგიის ფერმებად გარდაქმნამ შესაძლოა მწვანე ენერგიაზე გადასვლის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. Europe Beyond Coal-ი რეპორტში ენერგოსისტემების დეკარბონიზაციასა და კლიმატური კრიზისის დაძლევაში სწორედ ქვანახშირის მწარმოებელი მაღაროების გარდაქმნის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

კვლევა ადასტურებს, რომ ღია წესით მოპოვებული ქვანახშირის მსხვილი მაღაროების მქონე ქვეყნებმა მაღაროები  „განახლებადი ენერგიის გარდამავალ აქტივებად“ უნდა მიიჩნიონ.