გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი სპორტული სიახლეები

გასული კვირა სპორტის სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. Transfermarkt-ზე ქართველი ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება შესამჩნევად გაიზარდა. გარდა ამისა, Ferrari-მ, რომლითაც ლეგენდარულმა გერმანელმა ავტომრბოლელმა, მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ის მეექვსე მსოფლიო ტიტული მოიპოვა, აუქციონების რეკორდი მოხსნა.

აღსანიშნავია „მანჩესტერ სიტის“ მიერ 2021/22 წლების სეზონის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნება. ასევე, „ლივერპულის“ შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება. ყურადღების ცენტრში მოექცა კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრების ამბავიც, სპორტულმა გუნდებმა კომპანიასთან პარტნიორობის გაწყვეტის შესახებ განაცხადეს.

Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ სპორტულ მიმოხილვაში ამ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ დეტალებზე მოგითხრობთ.

Transfermarkt-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35-დან 60 მილიონამდე გაიზარდა

„ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე თითქმის გაორმაგდა და 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა. აქამდე ეს მონაცემი 35 მილიონ ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიში“ კვარაცხელიაზე მაღალი საბაზრო ღირებულება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს. ეს ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენია, რომლის ფასიც, მოცემული დროისთვის, 70 მილიონ ევროს შეადგენს.

იტალიის სერია A-ს ფეხბურთელებს შორის საბაზრო ღირებულებით ხვიჩა კვარაცხელია ტოპ ათეულშია. ის ფასით მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩამორჩება. ესენი არიან: ვიქტორ ოსიმენი (€70 მილიონი, „ნაპოლი“), ნიკოლო ბარელა (€70 მილიონი, „ინტერი“), ლაუტარო მარტინესი (€75 მილიონი, „ინტერი“), დუშან ვლაჰოვიჩი (€80 მილიონი, „იუვენტუსი“), რაფაელ ლეაო (€85 მილიონი, „მილანი“).

ფოტო: Getty Images

კვარაცხელიას მსგავსად 60 მილიონ ევროდაა შეფასებული სერია A-ს კიდევ სამი ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება. ესენი არიან: ფედერიკო კიეზა („იუვენტუსი“), მილან შკრინიარი („ინტერი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი („ლაციო“).

ცნობისთვის, საბაზრო ღირებულების მიხედვით, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს კლუბებს შორის €539.80 მილიონით მესამე ადგილს იკავებს. მას €556.45 მილიონით „ინტერი“, €569.05 მილიონით კი „მილანი“ უსწრებს.

მიხაელ შუმახერის Ferrari აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

Ferrari-მ, რომლითაც ლეგენდარულმა გერმანელმა ავტომრბოლელმა, მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ის მეექვსე მსოფლიო ტიტული მოიპოვა, აუქციონების რეკორდი მოხსნა და აღნიშნული ბრენდის ყველაზე ძვირად ღირებული F1-ის ავტომობილის სტატუსი დაისაკუთრა.

Ferrari-ის მოდელი F2003-GA შვეიცარიაში, ჟენევაში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $14.9 მილიონად გაიყიდა. ეს აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული F1-ის Ferrari-ის ფასის თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. წინა რეკორდი ასევე მიხაელ შუმახერის Ferrari-ის ეკუთვნის – მოდელ F2001-ს, რომელიც 2017 წელს აუქციონზე 7.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ფოტო: Sotheby’s

Sotheby’s-ის თანახმად, შუმახერმა F2003-GA-ის დახმარებით ხუთი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანელმა 2003 წელს კარიერაში ფორმულა 1-ის რიგით მეექვსე მსოფლიო ტიტული მოიგო.

შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერი F1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია და ტიტულების რაოდენობით რეკორდს ბრიტანელ ავტომრბოლელ ლუის ჰამილტონთან ერთად იყოფს.

FSG-ი „ლივერპულის“ გაყიდვას გეგმავს

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საფეხბურთო კლუბის, „ლივერპულის“  მფლობელებმა „ახალი აქციონერების შესაძლო დამატების“ შესახებ გააკეთეს განცხადება. Fenway Sports Group-ი (FSG), რომელმაც 2010 წელს „ლივერპული“ £300 მილიონად შეიძინა, The Athletic-ის ინფორმაციით, „ახალი შემოთავაზებების ძიებაშია“. „ლივერპული“ შესაძლოა, £4 მილიარდად შეფასდეს.

ამერიკული კომპანია FSG-ი, რომელიც Boston Red Sox-ის ბეისბოლის გუნდსაც ფლობს, აცხადებს, რომ „ჯგუფი რჩება „ლივერპულის“ წარმატების ერთგული როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“. FSG-ის 12-წლიანი საკუთრების განმავლობაში, საფეხბურთო კლუბმა რვა ტიტულის მოპოვება შეძლო. 2015 წელს მწვრთნელად დანიშნულმა იურგენ კლოპმა „ლივერპულს“ 30 წლის შემდგომ 2019/2020 წლების ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მოაპოვებინა. ამავე პერიოდში, „ლივერპულის“ ძვირად ღირებულ შენაძენებში იყვნენ ვირჯილ ვან დეიკი, ალისონ ბეკერი და მოჰამედ სალაჰი.

მიუხედავად იმისა, რომ £300 მილიონიდან უმეტესი ნაწილი კლუბის ყოფილი მმართველების, ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიკსის საბანკო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს, „ლივერპულმა“ 2017-18 ფისკალური წლის დასასრულს რეკორდული £106-მილიონიანი მოგება ნახა.

ფოტო: Getty Images

მოედანზე წარმატებების მიუხედავად, ამ პერიოდში „ლივერპულს“ გარკვეული სირთულეებიც შეექმნა. მათ შორის არის 2016 წელს ბილეთების ფასების ზრდა, ხოლო კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არამოთამაშე პერსონალის იძულებით შვებულებაში გაშვება. ამასთან ერთად კი „ლივერპულის“ მცდელობა სავაჭრო ნიშნის მოსაპოვებლად, „ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა“ უარყო.

მართალია, გასულ სეზონში „ლივერპულმა“ „პრემიერ ლიგა“ მეორე ადგილით დაასრულა, მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით მხოლოდ მერვე ადგილს სჯერდება.

„ლივერპულის უნივერსიტეტის“ საფეხბურთო ფინანსების ლექტორის, მაგუაიერის ვარაუდით, 60%-იანი შანსია, რომ კლუბი სეზონის დასრულებამდე გაიყიდება. „ინვესტორებს შორის ძირითადად ამერიკელები იქნებიან“, – აცხადებს მაგუაიერი და დასძენს, რომ სუსტი გირვანქა სტერლინგი უცხოელი ინვესტორებისთვის გარიგებას უფრო მიმზიდველს ხდის. ის შესაძლო ინვესტორებს შორის ჩინელებს გამორიცხავს და ამას ჩინეთის მთავრობის კორპორაციებისადმი მოწოდებით ხსნის, თავი აერიდებინათ ფეხბურთში ინვესტიციებისგან.

შეგახსენებთ, რომ „პრემიერ ლიგაში“ „ლივერპულის“ ერთ-ერთი მთავარი მეტოქე „ჩელსი“ მაისში £4.25 მილიარდად გაიყიდა. კლუბი შეიძინა კონსორციუმმა, რომელიც ამერიკელი ინვესტორის, ტოდ ბოელისა და კერძო საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital-ის ხელმძღვანელობით იმართება. მაგუაიერის განცხადებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ლივერპულს“ უფრო დიდი სტადიონი აქვს, უფრო დიდ შემოსავალიც და ხარჯების უკეთესი კონტროლიც, კლუბისადმი ინტერესის დონის შესაბამისად, მისი ღირებულება შესაძლოა £3.5 მილიარდიდან £4 მილიარდამდე შეფასდეს.

„მანჩესტერ სიტიმ“ გასულ სეზონში რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო

„მანჩესტერ სიტიმ“ 2021/22 წლების სეზონის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ინგლისურმა კლუბმა მოცემულ პერიოდში რეკორდული შემოსავალი და მოგება მიიღო.

უფრო კონკრეტულად, გასულ სეზონში „სიტის“ შემოსავალმა £613 მილიონი, ხოლო მოგებამ £41.7 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ორჯერ აღემატება კლუბის მიერ ნაჩვენებ წინა რეკორდს.

ფოტო: fulhamish.co.uk

როგორც „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, კლუბის რეკორდულ ფინანსურ შედეგებს რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის გულშემატკივრების დაბრუნებამ ეტიჰადის სტადიონზე და ზოგადად, კლუბების კომერციული შემოსავლების ზრდამ. გარდა ამისა, „სიტის“ მოგება ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლის წყალობითაც გაიზარდა.

შეგახსენებთ, მაისში Forbes-მა 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა. „მანჩესტერ სიტი“ ჩამონათვალში $4.6 მილიარდით მესამე ადგილს იკავებს. მას მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ უსწრებენ, რომელთაც გამოცემა $5.1-$5.1 მილიარდად აფასებს.

Transfermarkt-ზე მამარდაშვილის ღირებულება €5 მილიონით გაიზარდა

ესპანური „ვალენსიას“ გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე 20 მილიონი ევროდან 25 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ცნობისთვის, კლუბში გადასვლისას ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3 მილიონ ევროს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიაში“ მამარდაშვილზე მაღალი საბაზრო ღირებულება კლუბის კაპიტანს, ხოსე ლუის გაიას აქვს. ის მოცემული დროისთვის 40 მილიონ ევროდ ფასობს.

ფოტო: Getty Images

ქართველი მეკარის მსგავსად 25 მილიონ ევროდ არის შეფასებული „ვალენსიას“ კიდევ ერთი მოთამაშის, უგო გილიამონის საბაზრო ღირებულება. ის კლუბში ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ თბილისის „დინამოსგან“ 2021 წლის იანვარში შეიძინა. მანამდე ის ესპანურ კლუბში იჯარის წესით იყო განათხოვრებული. ესპანელებმა ქართველ მეკარეში სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადეს.

სპორტული გუნდები კრიპტობირჟა FTX-თან თანამშრომლობას წყვეტენ

პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდი შეწყვეტს პარტნიორობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-თან, რომელმაც ამავე დღეს გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა. შეგახსენებთ F1-ის სეზონის დასრულებამდე კიდევ ერთი რბოლაა დარჩენილი.

ფოტო: autos.yahoo.com

Mercedes-მა FTX-თან სპონსორობის ხელშეკრულება 2021 წლის სექტემბერში გააფორმა, როდესაც მისი გუნდი მოქმედი ჩემპიონი იყო.

რაც შეეხება კრიპტოვალუტების მსოფლიოში რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟას, მან აშშ-ის სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში კანონის მე-11 თავით გათვალისწინებული გაკოტრების პროცესი მოითხოვა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ოპერირება უწყვეტად გააგრძელოს, ინვესტორები მოიზიდოს და დროთა განმავლობაში ბიზნესის გადარჩენა შეძლოს.

აღსანიშნავია, რომ გაკოტრებასთან დაკავშირებით განცხადების გავრცელების შემდეგ, FTX-ის დამფუძნებელმა სემ ბენკმენ-ფრიდმა კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ FTX-თან თანამშრომლობა გაწყვიტა NBA-ის გუნდმა, „მაიამი ჰიტმა“. მან განაცხადა, რომ გუნდის საშინაო არენის „FTX Arena“ სახელწოდებაში კრიპტობირჟა აღარ იქნება მოხსენიებული. გარდა ამისა, „ჰიტმა“ დაამატა, რომ კომპანიის ჩასანაცვლებლად ახალ სპონსორს ეძებს.

ფოტო: miamiherald.com

FTX-მა „მაიამი ჰიტის“ არენაზე სახელწოდების უფლება 2021 წლის მარტში 19-წლიანი ვადით 135 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

ცნობისთვის, FTX-თან თანამშრომლობდნენ სპორტის ვარსკვლავები ტომ ბრედი, ნაომი ოსაკა, სტეფ კარი და სოჰეი ოტანი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *