გასული ერთი კვირის განმავლობაში სპორტის სფეროში მნიშვნელოვანი სიახლეები მოხდა. კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც არგენტინა გახდა – მიმოხილვაში წლევანდელი მუნდიალის გუნდების მიერ გამომუშავებულ საპრიზო თანხაზე ინფორმაციას გაეცნობით. ამის პარალელურად, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენს“ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით სიტყვიერი თანხმობა მისცა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი მაისურის მთავარ სპონსორთან, გერმანულ კომპანია TeamViewer-თან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებში მომხდარ სიახლეებს: საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა; ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ განაცხადა, რომ სერიოზული ტრავმის შემთხვევაში კარიერას დაასრულებს; ამერიკელი მილიარდერი, მეთ იშბია NBA-ის გუნდ Phoenix Suns-სა და WNBA-ის გუნდ Phoenix Mercury-ის 4 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობს.
წინამდებარე მიმოხილვაში სპორტის სფეროს აღნიშნულ სიახლეებზე დეტალებს გაეცნობით.
PSG-მ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია
დიდი ალბათობით, ფეხბურთის სფეროს არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩება. ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელმა პარიზულ კლუბში დარჩენაზე PSG-ს სიტყვიერი თანხმობა უკვე განუცხადა, უახლოეს მომავალში კი კონტრაქტის ოფიციალურად გახანგრძლივებას უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, მესის „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება. როგორც მაისში DirecTV-ის ჟურნალისტმა განაცხადა, მესის საფეხბურთო კარიერა მომავალი წლიდან ამერიკის MLS-ში, კერძოდ კი მაიამის „ინტერში“ უნდა გაეგრძელებინა.
აღსანიშნავია, რომ კარიერის აშშ-ში გაგრძელების თაობაზე წლების წინ განცხადება თვითონ მესიმაც გააკეთა. მან 2020 წელს La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მომავალში ამერიკაში გადასვლისთვის მზად არის. როგორც ჩანს, 35 წლის არგენტინელი ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს.
მესი „ბარსელონიდან“ „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მაშინ ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენდა, ამჟამად კი €50 მილიონია. აქვე გეტყვით, რომ მესი ყველაზე ძვირად, €180 მილიონად 2018 წელს ფასობდა.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა.
სეოკ-მა საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება ძიუდოისტ ტატო გრიგალაშვილს მიანიჭა. წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი კი ასევე ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.
სპორტის სათამაშო სახეობაში საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, რომელიც იტალიური „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას იცავს.
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზის მფლობელი, ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის, ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა; 2022 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი“ კი – გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა). ქალთა შორის ეს ჯილდო ანანო აფაქიძეს ერგო, რომელიც ბატუტზე ხტომაში ასპარეზობს.
ზამთრის სახეობაში საუკეთესო სპორტსმენებად მოციგურავეები, კარინა საფინა და ლუკა ბერულავა დასახელდნენ.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ბეჟან ჭიჭინავას ხვდა წილად (კრივი). ქალთა სპორტში ეს წოდება ზაურ სულაშვილმა (ბატუტზე ხტომა) დაიმსახურა.
რაც შეეხება ორგანიზაციებსა და კომპანიებს: 2022 წელს ოლიმპიური სპორტის მხარდაჭერისთვის „ავერსი“ დაჯილდოვდა; სპორტული თემატიკის საუკეთესოდ გაშუქებისთვის კი – საქართველოს პირველი არხი. საუკეთესოდ დასახელდა სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია. წელს საუკეთესო სპორტული ფედერაცია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია გახდა.
ენდი მარის თქმით, სერიოზული ტრავმის შემთხვევაში კარიერას დაასრულებს
დიდი სლემის სამგზის ჩემპიონის, ენდი მარის განცხადებით, ჩოგბურთს მანამდე ითამაშებს, ვიდრე ფორმაში იქნება, თუმცა, „დიდი ტრავმის“ შემთხვევაში კარიერას დაასრულებს.
35 წლის ბრიტანელი მოცემული დროისთვის ATP-ის რეიტინგში 49-ე ადგილს იკავებს. მარიმ პირველი ჩოგნის სტატუსი 2016 წელს მოიპოვა. თუმცა რამდენიმე მძიმე ტრავმის შემდეგ რეიტინგში დაქვეითდა. შეგახსენებთ, ბრიტანელმა 2018 და 2019 წელს ბარძაყზე რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.
„თუ სხეული კარგ ფორმაში მექნება და შევძლებ თანმიმდევრულად ასპარეზობას, თამაშს გავაგრძელებ. დიდი ტრავმის შემთხვევაში, ალბათ არ ვეცდებოდი გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნებას“, – განაცხადა ენდი მარიმ.
ჩოგბურთელის თქმით, ახლა კარგ ფორმაშია და ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს. ცნობისთვის, ტურნირი 16-დან 29 იანვრამდე გაიმართება.
მიმდინარე წელს ენდი მარიმ კორტებზე $933,978-ის გამომუშავება შეძლო. კარიერის განმავლობაში მას $63 მილიონზე მეტის საპრიზო თანხა აქვს მოგებული.
„მანჩესტერ იუნდაიტედმა“ მაისურის სპონსორ TeamViewer–თან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია
ინგლისურმა გრანდმა, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მაისურის მთავარ სპონსორთან, გერმანულ კომპანია TeamViewer-თან კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. როგორც ირკვევა, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი მას შემდეგ შეწყდება, რაც კლუბი ახალ სპონსორს იშოვის.
TeamViewer-ის თქმით, ის კვლავაც დარჩება კლუბის პარტნიორად თავდაპირველი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, 2026 წლამდე, თუმცა შეცვლილი ფორმით.
წყაროების ცნობით, ზემოხსენებული კონტრაქტის ღირებულება 235 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც წელიწადში £47 მილიონს უტოლდება. თუმცა „იუნაიტედი“ მაისურის სპონსორობისთვის გაყიდულ უფლებებს უკან გამოისყიდის.
შეგახსენებთ, 2021 წელს გარიგების გამოცხადების შემდეგ, გერმანული კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 80%-ით შემცირდა. ამჟამად TeamViewer-ის თითო აქცია დაახლოებით 12 ევრო ღირს. მოხსენებების მიხედვით, კომპანიის ბიზნესზე გავლენა პანდემიის შედეგებმა და უკრაინის ომმა იქონია.
ამერიკელი მილიარდერი მეთ იშბია Phoenix Suns-ს ყიდულობს
ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიჩიგანში დაფუძნებული კომპანია United Wholesale Mortgage-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, მეთ იშბია თავის ძმასთან, ჯასტინთან ერთად, NBA-ის გუნდ Phoenix Suns-სა და WNBA-ის გუნდ Phoenix Mercury-ის 4 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობს.
აღსანიშნავია, რომ ეს ლიგაში რეკორდული ღირებულების გარიგებაა. აქამდე ყველაზე ძვირად ღირებულად, 2019 წელს, ჯო ცაის მიერ Brooklyn Nets-ის შესყიდვა მიიჩნეოდა. მაშინ გარიგების ღირებულებამ $2.35 მილიარდი შეადგინა.
შეგახსენებთ, რობერტ სარვერმა Phoenix Suns-ისა და Phoenix Mercury-ის გაყიდვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღო. მანამდე NBA-მ სარვერი 10 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა და „Suns“-ს ერთი წლით ჩამოაშორა. მიზეზი სამსახურებრივი გადაცდომის ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება გახლდათ.
დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა ქალი თანამშრომლების მიმართ არასამართლიანი მოპყრობა გამოიჩინა, რაც გარეგნობასთან დაკავშირებით შეუსაბამო შენიშვნებსა და სხვა შემავიწროებელ ქმედებებში გამოიხატა. გარდა ამისა, სარვერი რასობრივ შეურაცხყოფაშიც ამხილეს.
რობერტ სარვერმა, რომელიც უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Southwest Value Partners-ის (SWVP) თანადამფუძნებელია, Phoenix Suns-ი 2004 წელს, $401 მილიონად შეიძინა.
რაც შეეხება ამერიკელ მილიარდერს, მეთ იშბიას, ის United Wholesale Mortgage-ის 71%-იანი წილის მფლობელია. ამერიკული Forbes-ის დათვლებით მისი ქონება, მოცემული დროისთვის, 4.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ იშბიას კალათბურთთან კავშირი წარსულშიც ჰქონდა – ის 1998-2002 წლებში მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა. Sports Reference-ის თანახმად, მან სამ სეზონში საერთო ჯამში 48 შეხვედრაში ითამაშა და 2000 წელს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო.
მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა – როგორ განაწილდა საპრიზო თანხა წლევანდელი მუნდიალის გუნდებზე?
კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. წლევანდელი მუნდიალის გამარჯვებული არგენტინა გახდა, რომელმაც ტურნირის ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდებისთვის, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ $440-მილიონიანი საპრიზო ფონდი გამოყო. შედარებისთვის, 2018 წლის მუნდიალზე, რომელიც რუსეთში ჩატარდა, ეს თანხა 400 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
2022 წლის მუნდიალის გამარჯვებულს, არგენტინის ნაკრებს თასთან და ოქროს მედალთან ერთად საპრიზო თანხის სახით 42 მილიონი აშშ დოლარი ერგო. შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს, მაშინ 38 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა. ვინაიდან წელს ფრანგები ფინალში დამარცხდნენ, შესაბამისად, მეორე ადგილზე გავიდნენ და ვერცხლის მედლებთან ერთად 30 მილიონი აშშ დოლარი დაიმსახურეს.
რაც შეეხება ნახევარფინალში დამარცხებულ ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებებს, მათ შორის მესამე და მეოთხე ადგილის მფლობელი ფინალამდე ერთი დღით ადრე გამოვლინდა. შეხვედრა ხორვატიამ მოიგო და მესამეადგილოსნისთვის გამოყოფილი $27 მილიონი დაისაკუთრა, მეოთხეადგილოსანი მაროკო კი მასზე $2 მილიონით ნაკლებს, 25 მილიონ აშშ დოლარს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ საპრიზო ფონდი პლეიოფამდე დამარცხებული გუნდებისთვისაც იყო გათვალისწინებული. მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაციისთვის თითოეულ ნაკრებს 2.5 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა. გარდა ამისა, ქვეყნების ნაკრებებს, რომელთაც მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს FIFA-ს საპრიზო ფონდიდან 9-9 მილიონი აშშ დოლარი ერგოთ.
მერვედფინალში გასულ გუნდებს, რომლებიც აღნიშნულ ტურში დამარცხდნენ, ჯგუფური ეტაპის თანხაზე დამატებით 13 მილიონი აშშ დოლარი გადაეცათ; ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებულ ნაკრებებს – 17-17 მილიონი აშშ დოლარი.